აპენინის მთიანი ქვეყანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპენინის მთიანი ქვეყანა — ეს რეგიონი, საკუთრივ აპენინის ნახევარკუნძულის გარდა, მოიცავს კონტინენტურ ნაწილს (ჩრდილო-დასავლეთი) და მიმდებარე კუნძულებს –– კორსიკას, სარდინიას, სიცილიას და მრავალრიცხოვან წვრილ კუნძულებს (ტოსკანის არქიპელაგი, ლიპარის კუნძულები და სხვ.). აკრავს ტირენის, ადრიატიკის და იონის ზღვების წყლები. რეგიონი მთლიანად იტალიის ფარგლებშია.

აპენინის მთიანი ქვეყნის ბუნების თავისებურებას და ხასიათს სამხრეთ ევპროპის ლანდშაფტების ფონზე განსაზღვრავს მისი ცენტრალური ხმელთაშუაზღვიური მდებარეობა, ნახევარკუნძულოვანი (თავისებური კონფიგურაციით) და კუნძულოვანი განვითარება და ყველაზე აქტიური ტექტონიკური ბუნება. მნიშვნელოვანი ლანდშაფტწარ- მომქმნელი ფაქტორია ალპების გავლენა, რომელიც თითქმის გადაულახავ ბუნებრივ ბარიერს ქმნის ჩრდილოეთიდან პოლარული ჰაერის შემოჭრის გზაზე. მისი ლანდშაფტები ყველაზე უფრო (განსაკუთრებით დიდი კუნძულები) ხმელთაშუაზღვიური და ანთროპოგენური ზემოქმედებით ყველაზე უფრო ტრანსფორმირებულია. ეს უკანასკნელი განსაზღვრა მისმა განსაკუთრებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მსოფლიოს უძველესი სავაჭრო გზების მიმართ და ბუნებათსარგებლობის ხანგრძლივმა ისტორიამ.

სარჩევი

რელიეფი

რელიეფი რეგიონის უმეტეს ნაწილში მთიანია (უმთავრესად საშუალო). ქვეყნის ძირითადი ნაწილი უკავია აპენინის ნ/კუნძულს, რომელიც სუბმერიდიანულად გადაჭიმულია დაახლოებით1100 კმ-ზე, 130- 300 კმ სიგანით. მისი სანაპირო ხაზი საკმაოდ სწორხაზოვანია, ვინაიდან თითქმის ყველგან გასდევს რღვევის ხაზს, რომლის გასწვრივ ახლო გეოლოგიურ წარსულში ადგილი ჰქონდა სანაპირო ხმელეთის დაძირვას. მასთან არის დაკავშირებული თანამედროვე ვულკანიზმის ფართო გამოვლინება, რაც მნიშვნელოვანი რელიეფწარმომქმნელი ფაქტორია. მხოლოდ სამხრეთ დაბოლოებაზე ხმელეთში საკმაოდ ღრმად იჭრება ტარანტოს ყურე, რომელიც კალაბრიისა და სალენტინას ნახევარკუნძულების გამყოფია.

აპენინის ნახევარკუნძული თითქმის მთლიანად უკავია აპენინის მთებს (უმაღლესი მწვერვალი კორნო, 2914 მ), რომლის საძირკველსაც ქმნის ალპური ნაოჭა სტრუქტურები. მთები გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე. ჩრდილოეთით ერწყმის ზღვისპირა ალპებს, ხოლო სამხრეთით გრძელდება კუნძულ სიცილიაზე. მისი რელიეფი საშუალომთიანია. მთებსა და დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროს შორის ოროგრაფიულად ნათლად გამოიყოფა გორაკბორცვიანი მთისწინებისა და სანაპირო ვაკეთა ზოლი, რომელიც სტრუქტურულად არ არის აპენინებთან დაკავშირებული.

რელიეფის ხასიათის მიხედვით აპენინები იყოფა სამ ნაწილად: ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი აპენინები. ჩრდილოეთი აპენინები ვრცელდება მდ. არნოს ზემო დინებამდე. მისი ჩრდილოეთი განედური მონაკვეთი გაუყვება გენუას ყურის სანაპიროს და სამხრეთიდან ფარგლავს პადანის ვაკეს. ვიწრო ზოლი მთებსა და ლიგურიის ზღვას შორის ცნობილია იტალიის რივიერას სახელწოდებით. მას დასავლეთით აგრძელებს საფრანგეთის რივიერა. ჩრდილო აპენინები უმეტესად ფხვიერი ქანებით არის აგებული, რაც ხელს უწყობს ეროზიული და მეწყრული პროცესების აქტივობას, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს ტყეების გაჩეხვა. მთების სიმაღლე ამ მონაკვეთზე 2000მ არ აღემატება.

ცენტრალური აპენინები ყველაზე მაღალმთიანი მონაკვეთია, გრანსასო-დე-იტალიას მასივზე აღიმართება მწვერვალი კორნო (2914 მ). მთები უმეტესად კირქვებითაა აგებული და დანაწევრებულია მაღალ მასივებად, მათ გამყოფ დიდი სიღრმის ქვაბულებად და ტექტონიკურ ხეობებად. გეომორფოლოგიური პროცესებიდან ყველაზე აქტიურია კარსტული პროცესები.

სამხრეთი აპენინები თითქმის უშუალოდ აწყდება ტირენის ზღვის სანაპიროს და წარმოქმნის ქარაფოვან კალთებს. ზღვის ზვირთცემა კირქვებში წარმოქმნის რელიეფის სპეციფიკურ ფორმებს.

აპენინები ოროგრაფიულად გრძელდება კალაბრიის ნახევარკუნძულზე კალაბრიის აპენინების სახელწოდებით, რომელიც ტექტონიკურად განსხვავებულია მისგან. კალაბრიის მთები წარმოადგენს ძველი კრისტალური ქანებით აგებულ გუმბათისმაგვარ მასივს, რაც, მკვლევრების ვარაუდით, წარმოადგენს ძველი ხმელეთის ნაწილს, რომელიც არსებობდა ტირენის ზღვის ადგილას.

ტირენის და ადრიატიკის ზღვების სანაპირო ვაკეები ტექტონიკური აგებულებით და რელიეფით აპენინებისაგან განსხვავებულია. ტირენის ზღვისპირა ზოლი მაქსიმალურ სიგანეს აღწევს ჩრდილოეთში, სადაც ბორცვიანი ვაკის ფარგლებში ცალკეული კრისტალური მასივები (ტირენის ძველი ხმელეთის ნაწილები) აღიმართება. სამხრეთისაკენ გეოლოგიურ აგებულებაში მთავარ როლს ასრულებს ძველი და ახალგაზრდა ვულკანური ქანები. ამ მონაკვეთზე რელიეფის მთავარი ფორმებია ჩამქრალი ვულკანები და ლავური პლატოები. ერთ-ერთ ვულკანურ პლატოზე მდებარეობს რომი. მისგან სამხრეთით, ნეაპოლის მიდამოებში, აღმართულია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ვეზუვი, რომლის უძლიერესმა ამოფრქვევამ ჩვენი ერის დასაწყისში მთლიანად მოსპო სამი ანტიკური ქალაქი - პომპეი, ჰერკულანუმი და სტამბია.

ადრიატიკის ზღვის მხარეზე აპენინის მთისძირებში მდებარეობს აზევებული ბორცვიანი მთისწინა ვაკე, რომელიც ცნობილია სუბაპე ნინების სახელწოდებით. სამხრეთ ნაწილში იგი გადადის 1010 მ-მდე სიმაღლის კირქვებით აგებულ კარსტულ პლატოში, რომელიც გადა- ჭიმულია გარგანოს ნახევარკუნძულიდან სალენტინას ნახევარკუნძულამდე.

სიცილია მთიანი კურძულია (25000 კმ2), დაბლობი მხოლოდ სანაპიროს გაყოლებითაა, რომელიც სუსტადაა დანაწევრებული. ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ევროპის ყველაზე მაღალი და აქტიურად მოქმედი ვულკანი ეტნა (3340 მ). არის მრავალრიცხოვანი ტალახის ვულკანებიც. მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ლიპარის ვულკანური კუნძულების ჯგუფი აქტიური ვულკანური პროცესებით.

მთიანი რელიეფი ახასიათებთ აგრეთვე კუნძულებს – სარდინიას (ფართობი 24000 კმ2, მაქსიმალური სიმაღლე 1834 მ), კორსიკას (8,7 ათასი კმ2, მაქსიმალური სიმაღლე 2710 მ), რომლებიც ნეოგენში აპენინის ნახევარკუნძულთან იყვნენ დაკავშირებული. მათი გამყოფია ბანიფაჩოს სრუტე.

პადანის ვაკე (ლომბარდის დაბლობი) ალპებს, აპენინებსა და ადრიატიკის ზღვას შორის წარმოქმნილ ტექტონიკურ ღრმულშია განვითარებული. სიმაღლე პოს ხეობიდან მთებისაკენ 100-დან 200-500მ- მდე მატულობს. ამავე მიმართულებით მატულობს ზედაპირის დანაწევრება.

ჰავა

ჰავა ქვეყნის ტერიტორიაზე ხმელთაშუაზღვიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაირგვარობა იქმნება სიმაღლის, განედის, კონტინენტური და კუნძულოვანი ნაწილების, ექსპოზიციის და სხვათა მიხედვით.

რეგიონის სითბოს რეჟიმზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისგან ჩრდილოეთით აღმართული ალპები, რომელიც ჩრდილოეთიდან შემოჭრილი ცივი ჰაერისათვის თითქმის გადაულახავ ბუნებრივ ბარიერს ქმნის. მხოლოდ რამდენიმე ათეულ წელიწადში შეიძლება ერთხელ დაფიქსირდეს ცივი ჰაერის მიერ ალპების გადალახვა, რაც მთელ რეგიონში, თვით სიცილიაშიც, იწვევს ყინვიან და თოვლიან ამინდებს.

აპენინის ნახევარკუნძულზე ხმელთაშუაზღვიური ჰავა მხოლოდ პერიფერიულ ნაწილშია დამახასიათებელი, საშუალოდ 500 მ სიმაღლემდე. თანაც დასავლეთი მხარე უფრო ხმელთაშუაზღვიურია, ვიდრე ამოსავლეთი. ხმელთაშუაზღვიურობა ასევე მატულობს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. იგი ყველაზე ტიპურად გამოხატულია კუნძულებზე, განსაკუთრებით სიცილიაზე. აგრეთვე აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. დასავლეთ მხარეზე მეტია ატლანტის ოკეანის გავლენა, რის გამოც მეტი ტენი და სითბოა, ვიდრე აღმოსავლეთ მხარეზე, თანაც ეს უკანასკნელი უფრო ხშირად განიცდის ბალკანეთის ნახევარკუნძულის მხრიდან კონტინენტური ჰაერის შემოჭრას.

კონტინენტურ ნაწილში ყველაზე რბილი და ტენიანი ჰავით გამოირჩევა ლიგურიის ზღვის სანაპირო – იტალიის რივიერა, სადაც უფრო თბილა (იანვრის საშუალო ტემპერატურა პლუს 8°), ვიდრე უფრო სამხრეთით მდებარე რაიონებში (ნახევარკუნძულზე), ნალექების რა- ოდენობა 3000 მმ-მდეა. უფრო სამხრეთით მდებარე ფლორენციასა და რომში იანვრის საშუალო ტემპერატურა პლუს 5-6° შეადგენს, თანაც ყოველწლიურად აღინიშნება ყინვიანი და თოვლიანი ამინდები. ზამთარი ყველაზე თბილია სიცილიაზე (პლუს 11-12).

ზაფხული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა მთიანი ზონისა, ცხელია, ივლისის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთში პლუს 24- 25°, ხოლო სამხრეთში პლუს 27-28°) შეადგენს.

სიმაღლის მატებასთან ჰავა უფრო და უფრო გრილი, ცივი და ტენიანი ხდება. იანვრის 0°-იანი იზოთერმი გადის დაახლოებით 500 მ სიმაღლეზე ჩრდილოეთში, ხოლო სამხრეთში -– 1000 მ-ზე. მთების დიდი ნაწილი ზამთარში თოვლითაა დაფარული, ხოლო ვულკან ეტნაზე თოვლის საბურვლის ხანგრძლივობა 8-9 თვეს შეადგენს.

ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთ მხარეზე 1000 მმ აღემატება, ხოლო აღმოსავლეთში 500 მმ არ აჭარბებს, ნათლად გამოხატული ხმელთაშუაზღვიური რეჟიმით. სიცილიაში ნალექები 600 მმ არ აღემატება და იგი თითქმის მთლიანად ზამთრის სამ თვეზე მოდის. ზაფხულის გვალვას პერიოდულად კიდევ უფრო ამძაფრებს საჰარიდან შემოჭრილი ცხელი და მშრალი ქარი (სიროკო).

შიდა წყლები

შიდა წყლებით ქვეყნის ტერიტორია არ არის მდიდარი, თანაც აპენინის ნახევარკუნძულის კონფიგურაციასთან დაკავშირებით, არც ერთი მნიშვნელოვანი სიგრძის (ისიც სანაოსნო) მდინარე მის ტერიტორიაზე არ გაედინება. ყველაზე დიდი მდინარე ტიბრის (მის ქვემო დინებაზე მდებარეობს რომი) სიგრძე სულ რაღაც 405 კმ შეადგენს. ხმელთაშუაზღვიური ჰავის პირობებში მდინარეებს ახასიათებთ ჩამონადენის მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, შემოდგომა-ზამთარ-გაზაფხულის მაქსიმუმით და ზაფხულის მკვეთრად გამოხატული მინიმუმით. პიკის და მეჟენის დონეებს შორის განსხვავება ყველაზე დიდია კუნძულ სიცილიაზე და აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთში. მდინარე სალსოს (სიცილია) ქვემო დინებაზე აგვისტოს ჩამონადენი 318-ჯერ ნაკლებია თებერვლის ჩამონადენზე. ჩრდილოეთისაკენ განსხვავება თანდათან მცირდება და ყველაზე ნაკლებია ლიგურიის აუზში, სადაც მდინარეთა მარტის ჩამონადენი საშუალოდ მხოლოდ 7- ჯერ აღემატება აგვისტოს ჩამონადენს. ჩამონადენზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მდინარეთა აუზების ამგები ქანების ლითოლოგია. კირქვებით აგებული ცენტრალური აპენინებისათვის დამახასიათებელია კარსტული (მიწისქვეშა) ჩამონადენი, რაც მნიშვნელოვნად არეგულირებს მდინარეთა წყლიანობას. ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარეებია, ტიბრი და არნო. მდინარეები უმთავრესად გამოიყენება სარწყავად და ელექტროენერგეტიკაში.

ტბები რეგიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა წარმოშობისაა: ტექტონიკური, ვულკანური, კარსტული და სხვა. დიდი ტბების რიცხვს არც ერთი არ მიეკუთვნება. სიდიდით გამოირჩევიან ტრაზიმენი, ბოლსენა, ბრაჩანო. ეს უკანასკნელი დიდ როლს ასრულებს რომის წყალმომარაგებაში.

მცენარეული საფარი

კარსტული რაიონები მდიდარია მიწისქვეშა წყლებით. აპენინის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძულები, რელიეფისა და ჰავის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით, ხმელთაშუაზღვიური ლანდშაფტების ფონზე, ხასიათდება ნიადაგ- მცენარეული საფარისა და მთლიანად ბუნებრივი ლანდშაფტების მნიშვნელოვანი ნაირგვარობით. ხმელთაშუაზღვიური ევროპის სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფლორაში ნაკლები ადგილი უკავია შუაევროპულ, აფრიკულ და აზიურ სახეობებს, რაც გამოწვეულია მისი შედარებით იზოლირებული განვითარებით. ანალოგიურად ჰავისა, ნიადაგ-მცენარეული საფარი და მთლიანად ლანდშაფტები იცვლება განედის, გრძედის, სიმაღლის, კონტინენტური და კუნძულოვანი რეგიონების ფერდობების ექსპოზიციის მიხედვით. დაბალმთიან ზონაში (800-1000 მ-მდე) ველური ბუნება (უმეტესად ხმელთაშუაზღვიური ლანდშაფტები) ძლიერ სახეშეცვლილია და თითქმის მთლიანად უკავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ნახევარკუნძულის ჩრდილო ნაწილში, როგორც ბუნებრივ, ისე კულტურულ მცენარეულობაში, ჭარბობს ზომიერი ჰავის ელემენტები. გამონაკლისს წარმოადგენს იტალიის რივიერა, რომელიც ევროპის ერთ- ერთი უდიდესი საკურორტო რაიონია ძალიან მდიდარი დეკორაციული მცენარეებით. ლიგურიის ზღვის სანაპირო ზოლში ფორთოხლის, ზეთისხილის, ლეღვის, ვენახების, კორპის მუხის, ვარდის და სხვა არომატული მოყვავილე მცენარეთა პლანტაციებია. ნახევარკუნძულის მხოლოდ სამხრეთ ნახევარში და კუნძულებზე, მთისწინა ვაკეებზე და დაბალმთიან ზონაში ლანდშაფტი იძენს ტიპურ ხმელთაშუაზღვიურ იერს.

მთებში 500 მ მაღლა ჩრდილოეთში და 1000 მ მაღლა სამხრეთში ნახევარკუნძულის ბუნებრივ პირობებში გავრცელებული იყო ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები, ტყის ყომრალ და ეწერ ნიადაგებზე, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ დროში იქნა გაჩეხილი. ამჟამად მისი ადგილი უკავია მეორად სუბტროპიკულ ქსეროფიტულ ტყე-ბუჩქნარს – მაქვისის (მანანა, კურდღლის ცოცხა, კევის ხე, როზმარინი და სხვ.) ფორმაციებს. ამ ზონაში მნიშვნელოვანი ფართობი უკავია ბაღებსა და ვენახებს. სახეობრივად მდიდარი მაქვისის ბარდები ფარავენ კორსიკის უმეტეს ნაწილს. სარდინიაზე ბუნებრივი მცენარეულობა უმეტესად განადგურებულია, ფერდობები ჩამორეცხილი და დაკარსტულია.

საშუალომთიან ზონაში (1200-200 მ) ტყის ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებულია ფიჭვნარ-ფართოფოთლოვანი ტყეები (მუხა, წიფელი, წაბლი). ტყის ზონის ზედა საზღვარზე ჭარბობს ფიჭვნარ-სოჭნარი, რომელსაც ზემოთ ცვლის სუბალპური მეჩხერი ტყეები, სუბალპური მდელობუჩქნარი და ალპური მდელოები მთამდელოს ნიადაგებზე. მწვერვალების ზედაპირი კლდოვანია, ეტნას მწვერვალი 8- 10 თვე თოვლითაა დაფარული.

რეგიონის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ძველთაგანვეა ათვისებული ადამიანის მიერ. ველური ბუნების ანთროპოგენურ დატვირთვაში მნიშვნელოვანი წილი აქვს საერთაშორისო ტურისტულ ნაკადებს (წლიურად 45 მლნ მეტი უცხოელი ტურისტით). ამჟამად ტყე- პარკებს უკავია ტერიტორიის 25% ნაკლები, სახნავ მიწებს დაახლოებით 34%, პლანტაციებს – ბაღ-ვენახებს, ციტრუსებს და ზეთისხილს – 20%, დასახლებულ და საკურორტო უბნებს, გზებს და წყალსაცავებს 10%, გამოუყენებელ და მცირედ გამოყენებულ (საძოვრებად) მიწებს – 10%.

ბუნებრივი რესურსები

სასარგებლო წიაღისეულით რეგიონი არაა მდიდარი, განსაკუთრებით განიცდის მინერალური სათბობის ნაკლებობას. მცირე მარაგი გააჩნია ქვანახშირის, ბოქსიტების, თვითნაბადი გოგირდის, ბუნებრივი აირის. ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით. მთავარი სიმდიდრეა ნიადაგ-კლიმატური და რეკრეაციული რესურსები. ვაკეებზე და დაბალმთიან ზონაში სითბოს რაოდენობა (აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, 3500-6000) უზრუნველყოფს სუბტროპიკული და ზოგიერთი ტროპიკული კულტურის მყარ მოსავალს. იტალია საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეგიონია.

ძლიერ ანთროპოგენურ დატვირთვასთან დაკავშირებით ატმოსფეროსა და წყლის გარემოში შექმნილია მძიმე ეკოლოგიური სიტუაცია. მიწის რესურსებს დიდ ზიანს აყენებს ეროზიული და მეწყრული პროცესები. სტიქიური მოვლენებიდან, პირველი რიგში აღსანიშნავია თანამედროვე ვულკანიზმი და მიწისძვრები.

ბუნების შიდარეგიონული კონტრასტები საფუძველს იძლევა ფიზიკურ-გეოგრაფიულ ოლქებად გამოიყოს აპენინის მთები, დიდი კუნ- ძულები – სიცილია, სარდინია და კორსიკა. თავის მხრივ, აპენინის ნახევარკუნძული ამჟღავნებს მნიშვნელოვან შიდა რეგიონულ კონტრასტებს.


წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები