პირენეს ნახევარკუნძული
პირენეს ნახევარკუნძული – სამხრეთ ევროპის ლანდშაფტების ფონზე პირენეს (იბერიის) ნახევარკუნძულის ბუნების სპეციფიკურობას განსაზღვრავს მისი მდებარეობა ატლანტის ოკეანის და ხმელთაშუა ზღვის მიჯნაზე, ტერიტორიის მასიურობა და სანაპირო ხაზის სუსტად დანაწევრება. იგი სიდიდით (582 ათასი კმ2) მეორეა ევროპაში სკანდინავიის ნახევარკუნძულის შემდეგ. მის ტერიტორიაზე მდებარეობენ ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი (პირენეს მთების ჩრდილოეთი კალთები), ანდორა და გიბრალტარი. აფრიკისაგან გამოყოფილია ახლო გეოლოგიურ წარსულში წარმოქმნილი გიბრალტარის ვიწრო (14-44 კმ) სრუტით, ხოლო დანარჩენი ევროპისაგან – პირენეს მთების ყელით.
სარჩევი |
რელიეფი
ნახევარკუნძულის რელიეფში შერწყმულია პლატოები და ლოდა მთიანი მასივები, დაბლობებს მცირე ფართობი უკავია. რეგიონის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ძველი კრისტალური ქანებით აგებულ მესეტის (კასტილიის) ზეგანს, რომელიც ჩრდილოეთიდან, ჩრდილო- აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შემოფარგლულია ალპური დანაოჭების მთაგრეხილებით. ზეგანს საფუძვლად უდევს პენეპლენი, რომელმაც ალპური ოროგენეზისის პერიოდში რღვევითი მოძრაობის შედეგად დანაწევრება განიცადა ციცაბკალთებიან და ბრტყელთხემებიან ლოდა მასივებად (სიერები) და მათ გამყოფ გრაბენულ ხეობებად და ღრმულებად.
ზეგნის შიდა ნაწილში პალეოზოური ასაკის ნაოჭა საძირკველი გადახურულია დანალექი ქანების შრით და ზედაპირის სიმაღლე იცვლება 500-800 მ ფარგლებში. საშუალო სიმაღლის (მაქსიმალური სიმაღლე მთა ალმანსორზე, 2592 მ) ცენტრალური კორდილიერას ქედთა (სიერების) სისტემით ზეგანი იყოფა ორ ნაწილად – ძველ (ჩრდილოეთში) და ახალ (სამხრეთში) კასტილიის პლატოებად.
მესეტის ზეგნის ჩრდილოეთ მხარეზე აღმართულია კანტაბრიისა და პირენევბის ალპური ნაოჭა მთიანი სისტემები. პირენეს მთები (პიკი ანეტო 33404 მ) გადაჭიმულია ბისკაის და ლიონის ყურეებს შორის 450 კმ-ზე და წარმოქმნის მნიშვნელოვან ფიზიკურ-გეოგრაფიულ საზღვარს შუა და ხმელთაშუაზღვიურ ევროპას შორის. მთები სუსტად არის დანაწევრებული, რის გამოც საშუალო სიმაღლით კავკასიის გარეშე ევროპაში მხოლოდ ალპებს ჩამოუვარდება და ძნელად გადასალახია. ცენტრალური, კრისტალური ქანებით აგებული ყველაზე მაღალმთიანი მონაკვეთი ხასიათდება ალპური რელიეფით, რომლის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მეოთხეულის ძველმა გამყინვარებამ, განვითარებულია თანამედროვე გამყინვარებაც. დასავლეთისაკენ და აღმოსავლეთისაკენ მთების სიმაღლე კლებულობს, გეოლოგიურ აგებულებაში კრისტალურ ქანებს ცვლის კირქვები და ფხვიერი ქანები. ამ მონაკვეთზე მთებს კვეთს საუღელტეხილო სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.
პირენეს მთების ოროგრაფიულ და ტექტონიკურ გაგრძელებას მისგან დასავლეთით წარმოადგენს კანტაბრიის მთები (2815 მ), რომელიც გადაჭიმულია ბისკაის ყურის სანაპიროს გაყოლებაზე, დაახლოებით 500 კმ-ზე. მისი უხვნალექიანი ჩრდილო კალთები გამოირჩევა ძლიერი ეროზიული დანაწევრებით, რასთანაც შერწყმულია კარსტული რელიეფი.
პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ პერიფერიაზე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაყოლებით პირენეს მთებსა და მდინარე ებროს ხეობას შორის, დაახლოებით 250 კმ-ზე გადაჭიმულია კატალონიის მთები (მაქსიმალური სიმაღლე 1741 მ). მესეტის ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე აღმართულია საშუალო სიმაღლის (მაქსიმალური 2318 მ) იბერიის ნაოჭა-ლოდა მთები, რომელიც წარმოქმნის მდინარე ებროს მარჯვენა წყალგამყოფს და ჩრდილოეთით უერთდება კანტაბრიის მთებს. პირენეს, იბერიისა და კატალონიის მთებს შორის, ოროგრაფიულად და ლანდშაფტურად, ნათლად გამოიყოფა სამკუთხედის ფორმის არაგონის ტექტონიკური წარმოშობის ვაკე-ქვაბული, რომელსაც მთელ სიგრძეზე კვეთს მდინარე ებრო.
მესეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეზე აღმართულია ანდალუზიის მთები (ბეტის კორდილიერა), რომელიც მაქსიმალურ სიმაღლეს (მწვერვალი მულასენი, 3478 მ) ნახევარკუნძულის მასშტაბით აღწევს სერა-ნევადას მასივზე. მის ტექტონიკურ გაგრძელებას ხმელთაშუა ზღვაში წარმოადგენს პიტიუზის და ბალეარის კუნძულების მთები. ანდალუზიის მთები შედგება რელიეფის ხასიათით არსებითად განსხვავებული ორი გეომორფოლოგიური ზონისაგან. სამხრეთი კრისტალური ზონა უფრო მაღალია და ხასიათდება ძლიერ დანაწევრებული რელიეფით, რომლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ძველმა გამყინვარებამ. ნევადას (თოვლიანი მთები) მწვერვალებზე მთელი წელი დევს თოვლნარები და არის კარული მყინვარი.
ვაკე-დაბლობებიდან ყველაზე დიდია ანდალუზიის დაბლობი – ღრმული, რომელიც წარმოქმნილია ანდალუზიის მთებსა და მესეტის სამხრეთ ქარაფოვან აზევებულ (1288 მ) კიდეს (სიერა-მორენას მთები) შორის. მათ მთელ სიგრძეზე კვეთს მდინარე გვადალკვივირი. მეორე მნიშვნელოვანი დაბლობი (პორტუგალიის) განვითარებულია ატლანტის ოკეანის მხარეზე.
მესეტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში რელიეფის და მთლიანად ლანდშაფტის ხასიათით ნათლად გამოიყოფა 1000 მ-მდე სიმაღლის ძლიერ დანაწევრებული გალისიის კრისტალური მასივი რიასული ტიპის სანაპიროთი.
ჰავა
ევროპის კლიმატური დარაიონების მიხედვით პირენეს ნახევარკუნძული მთლიანად ხმელთაშუაზღვიურ კლიმატურ ოლეშია მოხვედრი- ლი, რაც მნიშვნელოვანწილად პირობითობის შემცველია. რეალურად პირენეს ნახევარკუნძულს ახასიათებს ჰავის მნიშვნელოვანი შიდა ტერიტორიული კონტრასტები. მის ტერიტორიაზე გამოხატულია სუბტროპიკული ჰავის თითქმის ყველა ტიპი. ჰავის კონტრასტები ყველაზე ნათლად არის გამოხატული პერიფერიულ და შიდა ნაწილებს შორის. უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში (გალისიის ზეგანი და ბისკაის ყურის სანაპირო ზოლი) ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ზამთარი უყინვო და უთოვლოა, ზაფხული – თბილი. ნალექების რაოდენობა 1000-2000 მმ.
ნახევარკუნძულის დასავლეთ და სამხრეთ პერიფერიაზე ტიპური ხმელთაშუაზღვიური ჰავაა თბილი და ნოტიო ზამთრით, არაცხელი მშრალი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა ატლანტის სანაპიროზე პლუს 10° მაღალია, ხოლო ანდალუზიის დაბლობზე პლუს 12- 13°; ზაფხულის ტემპერატურები შესაბამისად პლუს 23-24° და 27- 28°, ნალექების რაოდენობა დასავლეთ პერიფერიაზე შეადგენს 700 მმ, ხოლო სამხრეთში – 500 მმ.
არსებითად განსხვავებული სურათია შიდა ზეგანზე და არაგონის ვაკე-ქვაბულში, სადაც ჰავა გაცილებით უფრო მშრალი და კონტინენტურია, ზამთარი გრილია, დაახლოებით პლუს 4°, ცალკეულ წლებში ყინვიანი, ზაფხული ცხელი (დაახლოებით პლუს 25°), ნალექები 500 მმ ნაკლებია. ყველაზე უფრო კონტინენტური და მშრალია არაგონის ქვაბული და ახალი კასტილიის პლატო, სადაც წლიური ნალექები 300 მმ არ აღემატება, მაგრამ ამინდების სეზონური რიტმი მაინც ხმელთაშუა ზღვიური ჰავის ტიპისაა. მთებში ნალექების რაოდენობა მატულობს 1000 მმ-მდე, ტემპერატურა კლებულობს. პირენეს, ანდალუზიისა და კანტაბრიის (ასტურიის) მთების ზედა ზონაში მაღალმთის მკაცრი ჰავაა.
შიდა წყლები
პირენეს ნახევარკუნძულის შიდა წყლები განეკუთვნება ატლანტის ოკეანის აუზს (ხმელთაშუა ზღვა ხომ მისი შემადგენელი ნაწილია). ნახევარკუნძული არ გამოირჩევა მდინარეთა ქსელის სიხშირით, განსაკუთრებით შიდა ზეგანზე და აღმოსავლეთ ნაწილში. მდინარეთა ჰიდროლოგიური რეჟიმი ნათლად ასახავს ნალექების სეზონურ განაწილებას. დამახასიათებელია დონეების დიდი რყევადობა, რაც ძლიერ აფერხებს მდინარეთა სამეურნეო გამოყენებას. ზეგნის ფარგლებში მდინარეები აჩენენ ხშირ ჭორომებსა და ჩანჩქერებს, რაც ხელს უშლის სანაოსნო გამოყენებას. საზრდოობის მთავარი წყარო წვიმის წყალია. ნადნობი წყლის წილი უმნიშვნელოა. წყალდიდობა თითქმის ყველა მდინარეზე ზამთარ-გაზაფხულის პერიოდშია. ზემო და შუა დინებაზე დიდი მდინარეები მთის ტიპისაა, ქვემო დინებაზე – ბარის, სადაც გამოიყენებიან სანაოსნოდ (საზღვაო გემებისათვის).
ახო (პორტუგალიურად ტეჟუ) ნახევარკუნძულის უგრძესი მდინარეა (1010 კმ), გამოედინება იბერიის მთების სამხრეთი ნაწილიდან, ჩაედინება ლისაბონის უბეში (ატლანტის ოკეანე). შესართავში აჩენს განიერ ესტუარს. დუერო სიგრძით მეორე (938 კმ) და აუზის ფართობით პირველი მდინარეა, რომელიც გამოედინება იბერიის მთებიდან და უერთდება ატლანტის ოკეანეს ქალაქ პორტუსთან.
სიგრძით მესამე (928 კმ), ხოლო აუზის ფართობით მეორე მდინარეა ებრო, რომელიც გამოედინება კანტაბრის მთებიდან და ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში. კვეთს არაგონის ქვაბულს და გამოირჩევა ყველაზე მეტი კონტინენტური რეჟიმით. ცალკეულ წლებში ზამთრის ჩამონადენი 40-ჯერ და უფრო მეტად აღემატება ზაფხულის ჩამონადენს. სხვა დიდი მდინარეებიდან აღსანიშნავია გვადიანა და გვადალკვივრი.
ყველაზე უხვწყლიან (მაგრამ მოკლე) მდინარეთა ქსელი ახასიათებს ბისკაის ყურის აუზს (კანტაბრის და ნაწილობრივ პირენეს ჩრდილო კალთები).
ზეგნის ტერიტორიაზე მდინარეთა წყლის პირველი მომხმარებელია სარწყავი მიწათმოქმედება. მდინარეები შეიცავენ მნიშვნელოვან ჰიდროენერგეტიკულ რესურსებს. ყველა დიდი მდინარე ქვემო დინებაზე გამოიყენება სანაოსნოდ.
წყლის რესურსებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კარსტულ წყლებს, რომელთა მარაგი ყველაზე მეტია აღმოსავლეთ და სამხრეთ- აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც ყველაზე მწვავედ იგრძნობა მტკნარი წყლის დეფიციტი.
ნიადაგ-მცენარეული საფრი
რელიეფისა და ჰავის ნაირგვარობას ნათლად ასახავს ნიადაგ-მცენარეული საფრის (ასევე კულტურულ მცენარეთა) მრავალფეროვნება. ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილზე სითბო საკმარისია. ფიტოცენოზების და ბუნებრივი ლანდშაფტების ხასიათს უმთავრესად განსაზღვრავს ტენის რაოდენობა და მისი ტერიტორიული და სეზონური განაწილება. რეგიონის ტერიტორიაზე გამოხატულია სუბტროპიკული სარტყლის ყველა ტიპის ლანდშაფტი, დაწყებული ტენიანი ფოთოლცვენია და მარადმწვანე ტყეებით და დამთავრებული მშრალი სტეპებით და ნახევარუდაბნოებით, ხოლო მთებში მაღალმთის ალპური მდელოებით, თუმცა ტერიტორიის უმეტესი ნაწილი (მესეტის ზეგანზე) უკავია ხმელთაშუა ზღვის ტიპის ქსეროფიტულ ბუჩქნარებს ყავისფერ ნიადაგებზე. ტყის ეკოსისტემას უკავია ტერიტორიის დაახლოებით 10%, უმთავრესად მთიანი მასივების ქარპირა კალთები. რეგიონის ფლორა სახეობრივად მდიდარია (უმაღლეს მცენარეთა 6000 მეტი სახეობა, რომელთაგან 963 ხემცენარეა), ხასიათდება მაღალი ენდემიზმით (დაახლოებით 1500 სახეობა). ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბუნებრივი ლადნშაფტები მეზობელი საფრანგეთის ანალოგიურია: გავრცელებულია ფართოფოთლოვანი (წიფელი, მუხა, ცაცხვი, მთების ზედა ზონაში რელიქტური არყი) ტყეები ტყის ყომრალ ნიადაგებზე. მცენარეულობა განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა პორტუგალიასა და ანდალუზიაში, რომლის ტყეებში აღსანიშნავია კორპის მუხა და ფიჭვის ხმელთაშუაზღვიური სახეობები, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახეობრივად მდიდარ მაქვისის ფორმაციას, რომელიც ფერდობებზე 500მ-მდე ვრცელდება.
პირენეს ნ/კუნძულის დასავლეთ მხარეში, ოკეანურ-ხმელთაშუაზღვიური ჰავის პირობებში განვითარებულია მარადმწვანე ხეშეშფოთლოვანი, მაღალტანიანი მაქვისის და გარიგას ფორმაცია (კორპის, ქვა და სხვა მუხები, მარწყვის ხე, ხემაგვარი ღვია და სხვა). დიდი ადგილი უკავია ევკალიპტის და იტალიური ფიჭვის ხელოვნურ ნარგავებს.
ტყის მთავარი მასივები პირენეს და კანტაბრის კალთებზეა, სადაც კარგად არის გამოხატული სიმაღლითი ზონალურობა: ფართოფოთლოვანი, შერეული და წიწვოვანი ტყეები, სუბალპური მდელო-ბუჩქნარი და ალპური მდელოები. იბერიის მთებში და ცენტრალურ კორდილიერაზე ტყეები სახეობრივად უფრო ღარიბი და ქსეროფიტული იერის მატარებელია. შიდა მესეტის ვაკეებზე ლანდშაფტი მშრალი სტეპის, ხოლო არაგონის ქვაბულში – ნახევარუდაბნოს იერის მატარებელია.
ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყაროში ევროპულთან შერეულია აფრიკის ბინადრებიც (პატარა მტაცებელი გენეტა და სხვა). ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული მღრღნელები და მწერები, ქვეწარმავლები, მტაცებლები( მურა დათვი, მგელი, მელა და სხვა). დამახასიათებელია ტყეებისა და მაქვისის ფორმაციისათვის. ზოგან შემოგვრჩა ენდემური პირენეს ძვირფასბეწვიანი მთიხვი.
ბუნებრივი რესურსები
პირენეს ნახევარკუნძული მდიდარია სხვადასხვა სახის ბუნებრივი რესურსებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მინერალური რესურსები. მესეტის კრისტალური ქანების გაშიშვლებასთან და ვულკანურ ქანებთან დაკავშირებულია ფერადი და იშვიათი ლითონების (ვოლფრამი, ურანი, სპილენძი, ტყვია-თუთია, ვერცხლი, ვერცხლისწყალი და სხვა) დიდი მარაგი. მდიდარია რკინის მადნით, ქვანახშირით, მურა ნახშირით, მარილებით, მნიშვნელოვანია ნიადაგ-კლიმატური და რეკრეაციული რესურსები. ანდალუზიის რივიერა (სამხრეთი ხმელთაშუა ზღვისპირეთი) შესანიშნავი საკურორტო გამაჯანსაღებელი ზონაა. ესპანეთი და პორტუგალია ყოველწლიურად 40 მლნ-ზე მეტ უცხოელ ტურისტს მასპინძლობენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ველური ბუნების ანთროპოგენურ დატვირთვას.
ლანდშაფტის რეგიონული ნაირგვარობა ნათლად ჩანს ძირითადი მორფოსტრუქტურული და ოროგრაფიული ერთეულების (მესეტის ზეგანი, ცენტრალური კორდილიერა, კანტაბრის, პირენეს, ანდალუზიის, იბერიის, კატალონიის მთები, არაგონის ქვაბული, ანდალუზიისა და პორტუგალიის დაბლობები) მიხედვით, რომლებიც შეიძლება გამოიყოს ფიზიკურ-გეოგრაფიულ ოლქებად და ქვეოლქებად.