საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია''' - [[მართლმადიდებლობ...)

12:23, 31 აგვისტო 2017-ის ვერსია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია - მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“. ხშირად მას „ქართულ ეკლესიას“ უწოდებენ, თუმცა თვითგანსაზღვრებით იგი ტერიტორიული ცნებაა და არა ნაციონალური (ეროვნული).

სმეის კანონიკური ველი მოიცავს საქართველოს, მისი ეპარქიები მოქმედებს თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის (საინგილოს) ტერიტორიაზე და დასავლეთ ევროპაში მისი იურისდიქცია ამჟამად, პოლიტიკური ვითარების გამო, ვერ ვრცელდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარკვეულ ნაწილში. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სმეს ისტორიულ როლს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს მხოლოდ მასთან აქვს დადებული კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც კონსტიტუციის ტოლფარდ საკანონმდებლო დოკუმენტად არის მიჩნეული.

ბოლო მონაცემებით სმეს წევრთა რიცხვი დაახ. 4 მილიონია.

სარჩევი

I-V საუკუნეები

უძველესი ქართული წერილობითი წყაროების ცნობებით, საქართველოში ქრისტიანობა მის სათავეებს უკავშირდება. ქართველმა ებრაელებმა საქართველოში ჩამოიტანეს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი რელიკვია - ქრისტეს კვართი, რომელიც დამარხულია მცხეთაში, ძელი ცხოველის ძირში.

საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის ქადაგებას მოწმობენ ძველი ქართული წყაროები, რომელთა მიხედვით სიმონ კანანელი აქვე აღესრულა და დაკრძალულია აფხაზეთში, ახალ ათონში. ძველი ქართული წყაროები გვამცნობენ აგრეთვე საქართველოში ბართლომე და მატათა მოციქულების ქადაგების შესახებ, ხოლო ტრადიცია მატათას საფლავს ქ. ბათუმის ახლოს, გონიოში მიუთითებს. ამავე წყაროების ცნობით, ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში ჩამოიტანა ხის ფიცარზე აღბეჭდილი ღვთისმშობლის ჩვილედი ხატი და აქ არის დაცული ღვთისმშობლის კვართი, ელია წინასწარმეტყველის ხალენი, მაცხოვრის ჯვრის ფიცარნი, სამსჭვალნი და სხვა რელიკვიები.

უძველესი დროიდან დღემდე საქართველო თავს თვლის ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამოციქულო ეწოდება, ხოლო მაცხოვრის კვართმა საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონთა სამეფო ღერბის სიმბოლიკაში ცენტრალური ადგილი დაიმკვიდრა.

უმთავრესი გზა ქრისტეს სჯულის ქართველი ხალხისთვის გაცნობისა იყო საქართველოში უკვე ძვ. წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან ძლიერი ებრაული თემის არსებობა, რომელსაც თავის ისტორიულ სამშობლოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. ქრისტიანობის ცოდნას, ძველი ქართული წყაროების ცნობით, სამეფო სახლშიც შეუღწევია. ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის მეცხრამეტე მეფეს, რევს გაგონილი ჰქონია ქრისტეს სახარების შესახებ და, თუმცა წარმართად დარჩენილა, მსხვერპლის შეწირვას მაინც ახალი სჯულით ბრძანებდა. ამის გამო უწოდა მას ისტორიამ რევ მართალი.

ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში (325წ.) მონაწილეობდნენ ტრაპიზონის ეპისკოპოსი დამნუსი და პიტიუნტის (ბიჭვინთის) ეპისკოპოსი სტრატოფილოსი. დაბეჯითებით თქმა, რომ ისინი ბერძნული ახალშენების წარმომადგენლები არ იყვნენ, შეუძლებელია, მაგრამ ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობა გავრცელებული ყოფილა.

ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად ქართლში გამოცხადდა არა უგვიანეს 337 წლისა, შესაძლოა, 326 წელს. ძველი ქართული საისტორიო ტრადიციით, ქართლი ქრისტიანობაზე მოექცა მოციქულთა სწორის, წმ. ნინო კაპადოკიელის ქადაგებისა და ღვაწლის შედეგად. საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე და დედოფალი იყვნენ მირიანი და ნანა.

დაახლოებით ამავე ხანაში ხდება დასავლეთ საქართველოს გაქრისტიანებაც, რომელიც ამისათვის უკვე შემზადებული იყო ბერძნული ახალშენების გავლენით.

მცხეთისა და მისი შემოგარენის ქრისტიანული ხანის ტოპონიმიკა მთლიანად იმეორებს ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისა და მოწამეობის წმინდა ადგილთა სახელწოდებებს (ბეთლემი, გოლგოთა, ამაღლების მთა, ბეთანია, გეთსიმანია), რაც დოკუმენტურად უჩვენებს საქართველოში ქრისტეს მცნების შემოსვლის გზას.

წყაროები ქართლში საეკლესიო მშენებლობის დასაწყისს ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების პირველსავე დღეებს უკავშირებს. სახელდახელოდ აგებული ხის ეკლესიების გვერდით მალე დაიწყო ქვით მშენებლობა საბერძნეთიდან მოწვეული ოსტატების დახმარებით. მეფეთა ხელშეწყობით, და მთელი ხალხის მონაწილეობით აიგო სამთავროს, წუნდის, მანგლისის, წილკნისა და ბევრი სხვა ეკლესია. თავიდანვე განისაზღვრა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ორი ტიპი: ბაზილიკური და გუმბათოვანი.


V საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოში ნიშანდებულია მძლავრი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლით ირანის წინააღმდეგ და გაერთიანებისაკენ სწრაფვით, რომელიც ვახტანგ გორგასლის მეთაურობით გამარჯვებით დამთავრდა. პოლიტიკური გამარჯვება დაგვირგვინდა მნიშვნელოვანი საშინაო რეფორმებით. საქართველოს სამოციქულო ეკლესიაავტოკეფალურად გამოცხადდა. შეიქმნა თორმეტი საეპისკოპოსო, რომელთაც დაახლოებით 468 წელს სათავეში ჩაუდგა საბერძნეთიდან მოწვეული კათალიკოსი და მამათმთავარი პეტრე. ეკლესიამ სრული იერარქიული სტრუქტურა შეიძინა.

ერთიანობას, თავისუფლებას, ეკონომიკურ აღორძინებასა და საეპისკოპოსოთა დაარსებას შედეგად მოჰყვა საქართველოში საეკლესიო კათედრალური არქიტექტურის შედევრების (ბოლნისი, ურბნისი) აგება. დაიბადა ორიგინალური ქართული საეკლესიო მწერლობა.

V საუკუნიდან ქართველი საეკლესიო მოღვაწეები უკვე ჩანან საერთაშორისო სარბიელზე. მაიუმის ეპისკოპოსმა პეტრე იბერმა (411-491) და მისმა თანამებრძოლმა იოანე ლაზმა იერუსალიმში ააგეს ქართველთა მონასტერი და შექმნეს თეოლოგიური სკოლა. მეცნიერთა ერთი ნაწილი პეტრე იბერს თვლის არეოპაგიტული ლიტერატურის შექმნელად. დოგმატიკაში პეტრე იბერი ეძებდა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების გამაერთიანებელ ფორმულას, რომელიც, მოგვიანებით (VIIს.), მონოთელიტებმა გამოიყენეს.

VI-VII საუკუნეები

ამავე ხანებში ინტენსიური ხდება ქართველთა პილიგრიმობა წმიდა მიწისკენ. VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე გვაქვს დოკუმენტური ცნობები საქართველოს ეკლესიის იერარქების რომის პაპთან და იერუსალიმის პატრიარქთან სარწმუნოების საკითხებზე მიმოწერის შესახებ, აგრეთვე საქართველოს ეკლესიის კათალიკოსის მიერ წმინდა მიწის მოლოცვისა და იერუსალიმის პატრიარქთან პირადად შეხვედრის სურვილის შესახებ. პროკოპი კესარიელის ცნობით, იუსტინიანე კეისარს (525-565) განუახლებია მანამდე უკვე არსებული იბერთა მონასტერი იერუსალიმში.

ამ ეპოქის უშუალო ნაყოფია ქართული ჰაგიოგრაფიის დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი პირველი ნიმუში, ქართული მხატვრული აზროვნების შედევრი „შუშანიკის მარტვილობა“. ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი იყო ბიბლიური წიგნები და ლიტურგიკული პრაქტიკისათვის აუცილებელი სხვა ლიტერატურა. ქართველი მთარგმნელები იმთავითვე მისწვდნენ მთელს მაშინდელს ქრისტიანულ სამყაროს: ბერძნულ, ებრაულ, კოპტურ, სირიულ და სომხურ მწერლობას.

ქვეყანა პოლიტიკურად და იდეოლოგიურად მთლიანად იყო დაკავებული მაზდეანური ირანის აგრესიის მოგერიებით. ამიტომ არის V-VI საუკუნეები მდიდარი ქრისტიან მოწამეთა სახელებითა და მათ შესახებ დაწერილი ისეთი ორიგინალური თხზულებებით, როგორიც არის შუშანიკის, ევსტათი მცხეთელისა და აბიბოს ნეკრესელის მარტვილობები.

პირველად დოგმატურ პოლემიკაში ქართლის ეკლესია ჩაერთო დვინის 506 წლის საეკლესიო კრებაზე, რომელშიც ქართლიდან მონაწილეობდა 24 ეპისკოპოსი გაბრიელ მცხეთელის მეთაურობით. კრებამ მხარი დაუჭირა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შემარიგებელ პოლიტიკას იმპერატორ ზენონის „ჰენოტიკონის“ (482 წ.) საფუძველზე. მთელი VI საუკუნე ქართლისათვის არის პერიოდი შემარიგებლური პოზიციიდან აშკარა დიოფიზიტობისკენ სწრაფვისა. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი დიოფიზიტობას გულისხმობდა, როდესაც VI საუკუნის შუა ხანებში წერდა: ქართველები ქრისტიანობის წესებს ყველა იმ ხალხზე უკეთ იცავენ, ვინც ირანის იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებიანო.

VI საუკუნის პირველ ნახევარში უკვე გვაქვს პირდაპირი ცნობა ქართულ ენაზე ლიტურგიული და ბიბლიური წიგნების არსებობის შესახებ. საბა განწმენდილის ანდერძით (532 წ.), საბაწმიდის ლავრაში ნებადართული იყო ქართულ ენაზე ლიტურგიის აღსრულება და „ახალი აღთქმის“ წიგნების კითხვა.

VI საუკუნეში საქართველოში შემოდის 13 ასურელი მამა იოანე ზედაზნელის მეთაურობით და საფუძველი ეყრება სამონასტრო ცხოვრებას. ქართლი და კახეთი დაიფარება მონასტერთა ქსელით (ზედაზენი, დავითგარეჯა, ნეკრესი, წილკანი, შიომღვიმე და სხვ.). ასურელ მამათა შემოსვლას მოჰყვება ქალკედონიტობის (დიოფიზიტობის) გაძლიერება და ქართლი, კირონ ქართლის კათალიკოსის მეთაურობით, VII საუკუნის დამდეგს აშკარად აცხადებს თავის არჩევანს მართლმადიდებლობის სასარგებლოდ. ამ არჩევანმა კავკასიაში დიდი რელიგიური განხეთქილება გამოიწვია (604-609 წწ).

VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც ქართლში ირანელთა ზეწოლით მოშლილია სამეფო ხელისუფლება, ეკლესიის მეთაურობით ქვეყანა კვლავ ახერხებს გაერთიანებას, სასაზღვრო პროვინციებში, სადაც შერეული მოსახლეობა ცხოვრობდა, ქართულ ენაზე მღვდელთმსახურების დაკანონებას, რაც აქ მართლმადიდებლობის განმტკიცებას ნიშნავდა. არის ცნობები, რომელთა მიხედვით VII საუკუნის დამდეგს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკლესიები ერთ სამწყსოს წარმოადგენენ.

ეროვნული აღმავლობა არ დააყოვნებს თავისი შედეგის გამოვლენას კულტურაში და მცხეთის მახლობლად, წმიდა ნინოს მიერ აღმართული ჯვრის ადგილზე აიგება ქართული არქიტექტურის შედევრი - ჯვრის ტაძარი „მცველად ყოვლისა ქართლისა“. ესაა ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობა, რომლის ინტერიერი თანაბარმკლავებიან ჯვარს გამოსახავს. ჯვრის ტაძრის ზუსტი ასლები აღიმართება, თითქმის ერთდროულად, აღმოსავლეთსა (ქართლში - ატენის სიონი, კახეთში - ძველი შუამთა) და დასავლეთ საქართველოში (ეგრისში - მარტვილი), როგორც მოწმობა საეკლესიო ერთიანობისა.

VIII-X საუკუნეები

ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარებამ და არაბთა ბატონობამ VIII-X საუკუნეებში ქვეყანა კვლავ დაშალა რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულად, თუმცა ერთიანობის ხსოვნა არ წაშლილა ქართველთა პოლიტიკურ თუ რელიგიურ ცნობიერებაში. ეკლესიამ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის იდეოლოგის ფუნქციაც იკისრა. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ეროვნული მარტიროლოგიური მწერლობის („აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა“, „აბო ტფილელის მარტვილობა“, „კონსტანტი კახის მარტვილობა“, „გობრონის მარტვილობა“) მთელი სერია.

როდესაც ხატმებრძოლეობამ აღმოსავლური ქრისტიანული სამყარო მოიცვა, საქართველო ერთადერთ ქვეყნად დარჩა, რომელსაც ეს წვალება არ შეხებია. წყაროთა ცნობით, გუთების მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იოანე საქართველოში ჩამოდის ეპისკოპოსად ხელდასასხმელად, ვინაიდან ბიზანტიურ სამყაროში ამ აქტის კანონიერი აღმსრულებელი აღარ ჩანდა (VIII ს.). სწრაფად ვითარდება ხატმწერლობა (რასაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მოციქულთა მიერ შემოტანილი და კონსტანტინე დიდის მიერ გამოგზავნილი ხატების თაყვანისცემის ტრადიცია), მონუმენტური ფერწერა (ატენის სიონის ძველი ფენა), მოზაიკის (ბიჭვინთის, წრომის), ბარელიეფის (მცხეთის ჯვარი, ატენის სიონი), ქვა-ჯვარებისა (ხანდისი) და ტიხრული მინანქრის (მარტვილის კარედი, ხახულის კარედის ადრეული დეტალები) ხელოვნება.

ამავე პერიოდში არ შეწყვეტილა საეკლესიო არქიტექტურის განვითარება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა სამშვილდის სიონი (777 წ.), გურჯაანისა და ვაჩნაძიანის ყველაწმინდა (VIII ს.), ბიჭვინთისა და მოქვის კათედრალები, ხანძთის, ოპიზისა და სხვა ეკლესიები.

IX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება საქართველოს პროვინციებში სამეფო ხელისუფლების აღდგენა ბაგრატიონთა სახლის მეთაურობით. საგვარეულო ლეგენდა ბაგრატიონებს წარმოშობით ბიბლიურ მეფე დავითთან აკავშირებს და ამით ხაზს უსვამს საქართველოს კავშირს წმინდა მიწასთან, ქრისტიანობის სათავეებთან.

X საუკუნე აღბეჭდილია საქართველოს სამეფო-სამთავროების ბრძოლით ერთიანობისათვის. ეკლესიის წიაღში ყალიბდება ფორმულა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ქვეყანა: საქართველოა იქ, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღესრულება. ქართველისა და მართლმადიდებელი ქრისტიანის ცნება კავკასიელთა ცნობიერებაში უკვე ემთხვევა ერთმანეთს.

ქართული ლიტურგიკა ამ დროისათვის ჯერ კიდევ იერუსალიმურ ტრადიციებს ეყრდნობა. ამის მაჩვენებელია იაკობის „ჟამის წირვის“ არქაული რედაქციების გავრცელება საქართველოში და მის გარეთ ქართულ სამონასტრო ცენტრებში, ე.წ. „ხანმეტი ლექციონარი“, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ ლექციონართაგან უძველესი (V ს-ის I ნახ.) უნდა იყოს, „იერუსალიმის ლექციონარი“, „კურთხევანი“, „უძველესი იადგარის“ მრავალი ნუსხა, ჰომილეტური კრებული „მრავალთავი“, რომელთაც შემოგვინახეს ადრეული ქრისტიანული პრაქტიკის ამსახველი ძეგლები. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან კრებულად ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული საისტორიო თხზულება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორია დასაბამიდან VII სმდე, ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებაზე აქცენტით.

საქართველოს გაერთიანებამდე დასავლეთ საქართველოში შეიქმნა აფხაზეთის (ბიჭვინთის) საკათალიკოსო, ტაძრით ბიჭვინთაში. იგი იერარქიულად სრულიად საქართველოს პატრიარქს დაექვემდებარა და დაასრულა ძველი ლაზიკის სამიტროპოლიტოს ბიზანტიის იურისდიქციიდან გამოსვლის პროცესი.

გაერთიანება დასრულდა თუ არა (X-XI ს.ს.-ის მიჯნა), კვლავ საქართველოს ეკლესიამ შეიმუშავა ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ და პირველმა გამოიყენა იგი რუისურბნისის საეკლესიო კრების (1105 წ.) აქტებში. საქართველოში აღზრდა-განათლების კერების ფუნქციას ეკლესია-მონასტრები ასრულებდნენ. ცნობილია ხანძთის სამონასტრო სკოლა (IX ს.) და ის საგნები, რომლებიც აქ ისწავლებოდა: საღმრთო წერილი, გალობა, უცხო ენები, საეკლესიო მამათა სწავლანი, საერო ფილოსოფია. ჩვენამდე მოაღწია, ე.წ. „შატბერდულმა კრებულმა“ (X სის 60-70-იანი წწ.), რომელში შეტანილი თხზულებები მოიცავენ მაშინდელი ცოდნის ყველა დარგს.


ქართული სკრიპტორიუმების ჩამოყალიბებამ ჩვენში (ტაოკლარჯეთი, კუხეთი) და უცხოეთის ქართულ მონასტრებში (პალესტინა, სირია, მცირე აზია) საფუძველი დაუდო ხელნაწერი წიგნის გაფორმების მაღალ ხელოვნებას, ერთმანეთისაგან განსხვავებულსა და დახვეწილ კალიგრაფიას. X საუკუნემდე საქართველოში საწერ მასალად იყენებდნენ პერგამენტს (საქართველოს გარეთ, იშვიათად, პაპირუსსაც). ამ ხანებიდან ჩვენამდე მოღწეულია ბრწყინვალე მინიატურებით შემკული ადიშისა (897 წ.) და ჯრუჭის I (940 წ.) ოთხთავები.

X საუკუნემდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პალესტინურ ანუ იერუსალიმის (მაცხოვრის საფლავის) რედაქციის ტიპიკონს იყენებდა. ჩვენამდე მოღწეულია ამგვარი ტიპიკონის VII საუკუნის რედაქციის ტექსტი. IX საუკუნიდან უკვე დადასტურებულია საქართველოს მონასტრებში ადგილობრივი, ე.წ. ქტიტორული ტიპიკონების (ილარიონ ქართველის, გრიგოლ ხანძთელის) გამოყენება, რომელსაც მონასტერს მათი დამაარსებელნი უწესებდნენ.

ბერძნულიდან ქართულ ენაზე ჰიმნოგრაფიული ტექსტები პირველად პალესტინის სამონასტრო კერებში ითარგმნა V-VII საუკუნეებში. თანდათან ამ ჰიმნებმა თავი მოიყარეს უნიკალურ კრებულში, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია „უძველესი იადგარის“ სახელით. ამ კრებულმა შემოინახა ისეთი ლიტურგიკული ძეგლები, რომელთა დედნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მიქაელ მოდრეკილმა X საუკუნეში შექმნა უნიკალური კრებული (978-988 წწ.), რომელშიც თარგმნილ ტექსტებთან ერთად (ანდრია კრიტელის, კოზმა იერუსალიმელის, იოანე დამასკელისა და სხვ.) შევიდა ორიგინალური ქართული ძეგლებიც (მიქაელ მოდრეკილის, იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, გიორგი მერჩულესი და სხვ.). კრებული ნევმირებულია (აქვს სანოტო ნიშნები), ერთვის ლიტურგიკული შენიშვნები და წარმოადგენს კალიგრაფიული ხელოვნების შედევრს. იგი, როგორც ჩანს, იყო ლიტურგიკული გალობის სახელმძღვანელო.

დოგმატურ-პოლემიკური ძეგლების შექმნა საქართველოში დაიწყო კავკასიაში მომხდარი დიდი საეკლესიო განხეთქილების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მიერ აღებული მართლმადიდებლური კურსის დასასაბუთებლად და განსამტკიცებლად. მართალია, ამ ხანებში უკვე ითარგმნება პოლემიკური თხზულებები მაშინ არსებული მწვალებლობების წინააღმდეგ (არიანობა, ნესტორიანობა, მონოთელიტობა და სხვ.), მაგრამ წამყვანი მაინც არის პოლემიკა მონოფიზიტურ ეკლესიებთან (ძირითადად, სომხურთან).

ბერძნულიდან თარგმნილ ტრაქტატებთან ერთად, იქმნება ორიგინალური თხზულებებიც. აღსანიშნავია არსენ საფარელის ისტორიულ-პოლემიკური ტრაქტატი „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“ (XXI სს.). მასში გააზრებულია საეკლესიო განხეთქილების წინამავალი პროცესი და მისი შედეგები, გარკვეულია ამ განხეთქილების ისტორიული საფუძვლები და ობიექტური კანონზომიერებანი, რომელთაც განაპირობეს კონფლიქტის სუბიექტური მხარე.

XI-XIV საუკუნეები

XI-XIII საუკუნეებში საქართველომ თავისი პოლიტიკური და ეკონომიური ძლიერების ზენიტს მიაღწია. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი (ნიკოლოზ III - 1250-1282) კათალიკოს-პატრიარქად და მსოფლიოს მეექვსე პატრიარქად ამავე ხანების დამახასიათებელია საქართველოს ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობა კავკასიის მთიანეთსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ამ მხარეთა ქრისტიანული მოსახლეობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მრევლს ეკუთვნოდა, რის გამოც იგი (მელქისედეკ I - 1010-1030) იწოდებოდა „აღმოსავლეთისა პატრიარქადაც“.

ქართული ფილოსოფიური აზროვნება (იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი) დიდი ინტენსივობით იყო ჩაბმული მსოფლიო ქრისტიანულ ცივილიზაციაში. სინას, ათონისა და შავი მთების, პეტრიწონისა და იერუსალიმის მონასტრები გახდნენ ხიდები მთელს ქრისტიანულ სამყაროსა და საქართველოს შორის. იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელების, ეფრემ მცირის (შავი მთა), იოანეზოსიმეს (საბას ლავრა და სინას მთა) და სხვათა დამსახურებაა, რომ საქართველოს შემორჩა ქრისტიანული აზროვნების თითქმის ყველა მიღწევის ბრწყინვალე (ზოგჯერ რამდენიმე) თარგმანები და, ბევრ შემთხვევაში, მხოლოდ მათ შემოგვინახეს დიდ საეკლესიო მამათა თხზულებები. ათონელ მამათა თარგმანებისა და მოღვაწეობის შედეგად ქართული საეკლესიო პრაქტიკა იერუსალიმურიდან ღვთისმსახურების, ე.წ. კონსტანტინოპოლურ წესზე გადავიდა.

XI საუკუნის მიწურულს ამიერკავკასიის ქვეყნების განვითარებას საფრთხე შეუქმნა თურქსელჩუკთა შემოსევებმა. კავკასიის ერთიანობის, მისი სოციალურ პოლიტიკური განვითარების დასავლური გზის გადარჩენა საქართველომ იკისრა დავით აღმაშენებლით სათავეში (1089-1125). მრავალეროვან და მრავალრელიგიურ კავკასიაში ერთიანობის სულისკვეთების შენარჩუნება განსაკუთრებულ პოლიტიკურ ალღოსა და სარწმუნოებრივ შემწყნარებლობას მოითხოვდა. მონოფიზიტი და მუსლიმი ვაჭრები, მეცნიერები და პოეტები საქართველოში თავს გრძნობდნენ, როგორც ამ ქვეყნის მკვიდრნი. დავით აღმაშენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა საქართველოს გარეთ არსებული მონასტრებისადმი, ეხმარებოდა მათ დიდი საფასურით, აგებდა ეკლესიებს. იგი უშუალოდ იყო დაკავშირებული ჯვაროსნებთან და მისი ჯარი მონაწილეობას იღებდა მაცხოვრის საფლავის გამოხსნისათვის ბრძოლებში.

წყაროების თანახმად, დავით აღმაშენებელმა საერო მწერლობასთან ერთად, ბრწყინვალედ იცოდა სასულიეროც. თვითონაც გახდა ქართული ჰიმნოგრაფიის შედევრის - „გალობანი სინანულისნის“ - ავტორი. დავით აღმაშენებელი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენების დღედ 26 იანვარი დააწესა.

დავით აღმაშენებლის შვილთაშვილის, თამარ მეფის (1184-1213) დროს ქვეყანა სვლას იწყებს დემოკრატიული მოწყობისაკენ.

საეკლესიო, სამხედრო, ეკონომიკური რეფორმების შედეგად საქართველოში, რომლის საზღვრები აჭარბებდა კავკასიის საზღვრებს, შინაგანი ჰარმონია დამკვიდრდა. ერთიანობის ხანის საქართველო არნახული კულტურული აღმავლობის მოწმე გახდა, რომლის უმაღლეს გამოვლინებად „ვეფხისტყაოსანი“ (XIIს.) უნდა ჩაითვალოს.

ადრინდელი საეკლესიო კრებების შესახებ ბევრი ცნობა არ შემონახულა. ისინი, უპირატესად, იმართებოდა მეზობელ ქვეყნებთან დოგმატიკის საკითხებზე შესათანხმებლად ან პოლემიკის გასამართავად. საეკლესიო სამართლის განხორციელების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რუის-ურბნისის კრება (1105 წ.). კრების მოწვევა და წარმატებით ჩატარება შესაძლებელი გახდა ამ პერიოდის საქართველოში კანონიკური აზროვნების წარმატების შედეგად. X საუკუნეში ქართულ ენაზე უკვე არსებობდა ორიგინალური კრებული „მცირე რჯულის კანონი“, რომელიც საქართველოს ეკლესიის პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანით ბერძნულ ენაზე არსებული სხვადასხვა დროის კანონებისაგან შეადგინა ექვთიმე მთაწმიდელმა. XI-XII საუკუნეების მიჯნაზე არსენ იყალთოელმა ბერძნულიდან ქართულად თარგმნა „დიდი სჯულის კანონი“, რომელიც დღემდე რჩება საქართველოს ეკლესიის მართვის ძირითად კანონად.

დოგმატურმა და პოლემიკურმა მწერლობამ განსაკუთრებულ სიმაღლეს მიაღწია XI-XII საუკუნეების საქართველოში. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, თეოფილე ხუცეს-მონაზონმა, ნიკოლოზ გულაბერისძემ და სხვ. ბერძნულიდან თარგმნეს ბასილი დიდის, მიქელ სვინკელოსის, გრიგოლ ნოსელის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე დამასკელის, ათანასე ალექსანდრიელის, ფოტიოს პატრიარქისა და სხვათა დოგმატური ტრაქტატები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც არსენ ვაჩეს ძის მიერ შედგენილ კრებულს - „დოგმატიკონს“ (XII ს.) ჰქონდა, რომელმაც მოიცვა მთელი მაშინდელი ქრისტიანული სამყაროს გამოცდილება დოგმატიკისა და პოლემიკის დარგში.

საქართველოს ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა წინაშე დაისვა ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე მისი ავტორიტეტის განმტკიცებისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიკური საფუძვლების დაცვისა. ეს მისია იკისრეს ეფრემ მცირემ ნაშრომით „უწყება მიზეზთა ქართველთა მოქცევისა“ და გიორგი მთაწმინდელმა ზეპირი პოლემიკით (1057 წ.) შავ მთაზე, რომლის სრული ჩანაწერი შემოგვინახა ქართულმა მწერლობამ. ეფრემ მცირის ტრაქტატი არის მიმოხილვა ბერძნული წყაროებისა, რომელთა საფუძველზეც ავტორი ამტკიცებს საქართველოს ეკლესიის სამოციქულო წარმოშობასა და საქართველოში მირონის, რომელიც ადრე იერუსალიმიდან მოჰქონდათ, დამოუკიდებლად მოხარშვის კანონიერებას.

ძლიერი საქართველოს მესვეურნი ახალ სამონასტრო კერებს ქმნიან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და მათთვის აწესებენ ტიპიკონებს. ასეთია ბიზანტიის დიდი დომესტიკოსის, გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ ბულგარეთში დაარსებული პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი (1084 წ), შედგენილი ქართულ და ბერძნულ ენებზე, დავით აღმაშენებლის „ანდერძი“ (1123 წ.), „ვაჰანის ქვაბთა განგება“ (1204-1234) და სხვ.

საქართველოს ხელისუფალნი და ეკლესია ქართველ მოზარდთა ჯგუფებს ბიზანტიაში აგზავნიან განათლების მისაღებად. მანგანის აკადემიაში მიიღეს სწავლაგანათლება იოანე პეტრიწმა და არსენ იყალთოელმა. ყოველივე ამან შეამზადა ნიადაგი საქართველოში გელათისა (1106-1110) და იყალთოს სასულიერო აკადემიების დაარსებისათვის.

სახელი მოიხვეჭა გელათის აკადემიამ, რომელსაც ქართულ წყაროებში „მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა“ ეწოდება. აკადემიის სასწავლო დისციპლინები, სწავლების დონე და პედაგოგები (იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი) სავსებით შეეფერებოდა მაშინდელი ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს. ასწავლიდნენ დიალექტიკას (ღვთისმეტყველება), რიტორიკას, გრამატიკას, არითმეტიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას, მუსიკასა და პოეზიას, სამართალს.

ერთიან საქართველოში განსაკუთრებულ სიმაღლეს მიაღწია ფილოსოფიურ-თეოლოგიურმა აზროვნებამ. აღსანიშნავია იოანე პეტრიწის მიერ თარგმნა და კომენტირება ბერძენი ნეოპლატონიკოსების ნემესიოს ემესელის (IV-Vსს.) და პროკლე დიადოხოსის (Vს.) თხზულებებისა „ბუნებისათვის კაცისა“ და „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“. იოანე პეტრიწის ნაშრომებმა კავკასიაში მაშინვე ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ დაუყოვნებლივ ითარგმნა ქართულიდან სომხურად. ამ თარგმანებითა და თავისი ორიგინალური ნაშრომებით იოანე პეტრიწმა შექმნა მთელი სკოლა და დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობებზეც.

პოლიტიკური და საეკლესიო ერთიანობის შედეგი იყო ქართული კათედრალური არქიტექტურის შედევრების შექმნა: ქუთაისში - ბაგრატის (1003წ.), მცხეთაში - სვეტიცხოვლის (1010-1029), კახეთში - ალავერდის (XI ს.), ქართლში - სამთავისის (1030 წ.), იმერეთში - გელათის (დაიწყო 1106 წ.). ჩამოყალიბდა ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის სტილი, ბუნებრივი შედეგი მთელი წინამავალი ხუროთმოძღვრული პროცესებისა. მნახველზე შთაბეჭდილებას ახდენდა მსუბუქი, ჰაეროვანი, ზეცისკენ მიმართული, ერთ მთლიან მონუმენტად გააზრებული ტაძრები, რომელთა ფასადები შემკული იყო სრულყოფილი ორნამენტით (სამთავისი, ნიკორწმინდა, წუღრუღაშენი), ხოლო ინტერიერი ბრწყინვალე ფრესკებით (ატენის სიონი, ყინწვისი, უბისა, ტიმოთესუბანი) და, შედარებით იშვიათად, ასევე ბრწყინვალე მოზაიკით (გელათის ღვთისმშობელი). ყოველივე ამის მთლიანობა ქმნიდა ანსამბლს, რომელშიც იკითხებოდა წმინდა წერილის, ქრისტიანული იკონოგრაფიისა და სიმბოლიკის ღრმა ცოდნა. კედლის მხატვრობაში გაბატონდა მონუმენტური, საზეიმო სტილი და საერთო ქრისტიანული იკონოგრაფიის გარდა, მასში აისახა ეროვნული წმინდანები (წმიდა ნინო, დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი) და მთელი წყება ქართველ ქტიტორთა (მეფეები, პატრიარქები, ფეოდალები, ეპისკოპოსები). ჩამოყალიბდა ლოკალური სკოლებიც, რომელთაგან გამოირჩევა ზემო სვანეთისა და გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სკოლები.

XI საუკუნისათვის დამთავრდა ქართული ხელნაწერების მოხატვისა და მინიატურებით შემკობის პრინციპების ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი, დამუშავდა ეროვნული სტილი და იკონოგრაფიული ნორმები. მინიატურა, ორნამენტი, კალიგრაფია (ასომთავრული და ნუსხური) და ჭედური ყდის ხელოვნება (ბექა და ბეშქენ ოპიზრები) ქართულ ხელნაწერ წიგნს სახვითი ხელოვნების შედევრების რიგში აყენებს (ალავერდის, გელათის, წყაროსთავის, ბერთის, ჯრუჭი II ოთხთავები).

ახალ სიმაღლეებზე ავიდა ხატების, ჯვრებისა და ლიტურგიკული დანიშნულების ჭურჭლის (ღვთისმშობლის ლაკლაკისძეთა ხატი, ბედიის ოქროს ბარძიმი, მარტვილის სანაწილე ჯვარი, წმიდა მამაის ტონდო, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი) მოჭედვის ხელოვნება, ტიხრული მინანქარი (ლაზარეს აღდგინება, მირქმა უფლისა, სული წმიდის მოფენა, ხახულის ტრიპტიქის დეტალები). ლითონის მხატვრული დამუშავების ცენტრები იქმნება ზემო სვანეთში, რაჭაში, გურიაში, ცაგერში.

საქართველოს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი ბუნებრივი პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სულიერი პროგრესი შეუფერხებლად განევითარებინა. დაიწყო მონღოლთა ასწლიანი ბატონობა, რომელსაც მოჰყვა მთელი სერია ირანელ და თურქ-ოსმალო დამპყრობთა შემოსევებისა. მოიშალა სოფლის მეურნეობის ტრადიციული კულტურები, განადგურდა უდიდესი რაოდენობა როგორც საერო, ისე სასულიერო მატერიალური და კულტურული ძეგლებისა.

მაგრამ დროდადრო საქართველო მაინც ახერხებდა აღდგენას და აღორძინებას. გიორგი ბრწყინვალემ (1314-1346) შეძლო მონღოლთაგან ქვეყნის განთავისუფლება, ეკონომიკის აღორძინება და საქართველოს შერყეული პოლიტიკურ-საეკლესიო ერთიანობის აღდგენა. მისი მეფობის ხანაში ქართველებმა მოახერხეს იერუსალიმში დაკარგული პოზიციების დაბრუნებაც. მიზგითად ქცეული ჯვრის მონასტერი კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადმოვიდა და აღდგა ქრისტიანული მღვდელთმსახურება. ქართველებმა ჩამოართვეს ეგვიპტელ მამლუქებს მაცხოვრის საფლავის კარიბჭის კლიტენი და აღადგინეს იერუსალიმში ქართველთა უფლებები. განახლდა ბევრი დანგრეული ეკლესია-მონასტერი, აშენდა ახლები და მოიხატა ბრწყინვალე ფრესკებით, რომელთა შორისაც გამოირჩევა უბისის მოხატულობა.

თემურლენგის ლაშქრობათა შედეგების აღმოფხვრა შეძლო ალექსანდრე დიდმა (1412-1442). მან აღადგინა თითქმის ყველა დანგრეული ეკლესია, რომელთაგანაც აღსანიშნავია საქართველოს დედაეკლესიის, მცხეთის სვეტიცხოვლის, განახლება, დაუბრუნა დაკარგული მამულები და ახალიც შესწირა ეკლესია-მონასტრებს და, რაც მთავარია, დაუბრუნა ერთიანი ეკლესიის წიაღს სამცხის (სამხრეთ საქართველოს) განდგომილი ეპარქია.

XV-XVIII საუკუნეები

XV საუკუნის II ნახევარში უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად ერთიანი საქართველო რამდენიმე სამეფოსამთავროდ დაიშალა, რასაც შედეგად მოჰყვა ერთიანი საქართველოს ეკლესიის დაშლაც.

სრულიად საქართველოს მცხეთის საპატრიარქოს გამოეყო აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) საკათალიკოსო, რომლის მწყემსმთავარიც იწოდა აფხაზეთის კათალიკოს-პატრიარქად. აფხაზეთის კათალიკოსი საქართველოს პატრიარქს, მართალია, მხოლოდ პატივითღა ემორჩილებოდა, მაგრამ ქართული ეროვნულ-კულტურული ერთიანობიდან არ გასულა. XVI საუკუნის შუა ხანებში აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენციამ ბიჭვინთიდან გელათში გადაინაცვლა. მალე საქართველოს საპატრიარქომ დაკარგა მრევლი სამცხე-საათაბაგოსი, რომელიც თურქეთის ხელში გადავიდა. შესუსტდა საქართველოს ეკლესიის პოზიციები იერუსალიმსა, ათონსა და სინაზე. ქვეყნისა და ქრისტიანობისათვის მოწამეთა ისედაც უსასრული რიგი შეავსეს ახალ მოწამეთა სახელებმა (მეფეები დიმიტრი თავდადებული და ლუარსაბ II, ქეთევან დედოფალი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. დაინგრა ეკლესიები, განადგურდა და გაიზიდა საქართველოდან ხელნაწერები, ხატები, საეკლესიო მსახურების ძვირფასი ნივთები. უდიდესი სისხლის ფასად, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანული სარწმუნოება მაინც გადარჩა და ოდესმე ხელახლა გაერთიანების იდეაც არ ჩამკვდარა.

ყველაზე მძიმე საქართველოსთვის მაინც ის იყო, რომ მკვეთრად შეიცვალა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკა. 1453 წელს დაეცა კონსტანტინოპოლი. ევროპიდან აზიისაკენ მიმავალმა სავაჭრო გზებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა. საქართველოს დაეხშო ყველა გზა ცივილიზებული ქრისტიანული სამყაროსაკენ და მარტო აღმოჩნდა ისლამის გარემოცვაში. ევროპის ქვეყნებზე დიპლომატიური გასვლით საქართველომ რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა საბედისწერო გარემოცვის გარღვევა. რომის პაპისა და ქართველთა ერთობლივი გეგმა ოსმალთა წინაღმდეგ ლაშქრობისა ჩაიშალა. უნაყოფო აღმოჩნდა ქართველი მწერლისა და ლექსიკოგრაფის სულხანსაბა ორბელიანის ელჩობა ევროპის ქვეყნებში. ასევე უშედეგო აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფალთა მრავალგზისი მიმოწერა ევროპის ქვეყნებთან და ვატიკანთან. საქართველომ პოლიტიკური ორიენტაცია ერთმორწმუნე რუსეთზე აიღო.

ქვეყნის საერთო მძიმე პოლიტიკურმა, სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ თავისი დაღი დაასვა საეკლესიო სახვით ხელოვნებას. მართალია, კვლავ შენდება ეკლესიები, ზოგჯერ საკმაოდ ეფექტურიც ადგილის შერჩევით და საერთო სილუეტით (გრემის მთავარანგელოზი - 1565 წ.), იხატება ან ახლიდან იხატება ეკლესიები (გელათის ფრესკები), ცოცხალია ოქრომჭედლობა (მამნე ოქრომჭედელი), წიგნის მინიატურებით შემკობის ხელოვნება (ანჩისხატის ჟამნგულანი), მაგრამ ყველაფერი დაქვეითების, დაწვრილმანების, საზეიმო განწყობილების დაკარგვის ნიშნით არის აღბეჭდილი.

XVI საუკუნის დამლევს (1593 წ.) კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემია II-მ რუსეთის ეკლესიის მეთაური, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი იობია პატრიარქად აკურთხა. მან მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

XVIII საუკუნეში საქართველომ რამდენჯერმე შეძლო გამოესწორებინა პოლიტიკური სიტუაცია, რასაც მაშინვე მოჰყვა საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება. 1709 წელს თბილისში მეფე ვახტანგ VI-მ, ანთიმოზ ივერიელის დახმარებით, აარსებს ქართულ სტამბას. ხელნაწერი წიგნების გვერდით უფრო დიდი ტირაჟით დაიწყო გავრცელება საეკლესიო პრაქტიკისათვის საჭირო ნაბეჭდმა წიგნებმა. პირველი ნაბეჭდი წიგნი იყო „სახარება“, რომლის ერთი ცალი, ოქროს ყდაში ჩასმული, ანთიმოზმა ვლახეთის მმართველ კონსტანტინე ბრაკოვიანუს მიართვა. ვახტანგ მეექვსემვე შექმნა სწავლულ კაცთა კომისია. კომისია შეუდგა ძველი ქართული საისტორიო წყაროების შესწავლას, რედაქტირებასა და მათში საეკლესიო ისტორიის ეპიზოდებისა თუ სასულიერო მოღვაწეთა შესახებ ცნობების შეტანას.

საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპი შექმნა კათალიკოსმა ანტონ I-მა (1720-1788). მისი აქტიური მონაწილეობით განახლდა ეკლესია-მონასტრებში ინტენსიური ლიტერატურული საქმიანობა, გაიხსნა პირველდაწყებითი სკოლები (რამდენიმე თბილისში და ნეკრესში), სემინარია თბილისსა (1755 წ.) და თელავში (1758 წ.), მომზადდა პროექტი უმაღლესი სასწავლებლების გახსნისა თბილისში, გორსა და თელავში. ანტონ დიდი უცხო ენებიდან თარგმნიდა და თვითონ ქმნიდა სახელმძღვანელოებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ქართული თეოლოგიურფილოსოფიური და პოლემიკური აზროვნების განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მის თხზულებებს „მზამეტყველება“ და „წყობილსიტყვაობა“. მანვე შექმნა ორიგინალური ჰაგიოგრაფიული კრებული „მარტირიკა“ და ასევე ორიგინალური ჰიმნოგრაფიული კრებული „სადღესასწაულო“, რომელშიც ვერსიფიკაციული სიახლეც კი შეიტანა (რითმიანი იამბიკო). ანტონ კათალიკოსმა, თავის სკოლასთან ერთად, ქართული საეკლესიო ცხოვრება, თეოლოგიური და ჰუმანიტარული აზროვნება ერთბაშად აიყვანა საერთაშორისო დონეზე.

1783 წელს ქართლკახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დაიდო ხელშეკრულება (გეორგიევსკის ტრაქტატი). აღმოსავლეთი საქართველო ნებაყოფლობით შედიოდა რუსეთის მფარველობის ქვეშ იმ პირობით, თუ მისი შინაგანი პოლიტიკური მოწყობა, სამეფო ხელისუფლება და ეკლესიის ავტოკეფალია ხელუხლებელი დარჩებოდა.

რუსეთზე ორიენტაციის აღება საქართველოს არ აპატია ირანმა, რომელმაც გატეხა მოხუცებული მეფის ერეკლე II-ის მედგარი წინააღმდეგობა და 1895 წელს მიწასთან გაასწორა თბილისი.

ზაზა ალექსიძე
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები