ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია
ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია (ASOIF) - ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საშეჯიბრო სახეობების საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა არაკომერციული გაერთიანებაა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში.
ASOIF-ი დაფუძნდა 1983 წლის 30 მაისს და თავდაპირველად გააერთიანა სპორტის იმ 21 სახეობის საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც იმ დროს 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა. 2019 წლისთვის ASOIF-ის წევრთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ამასთან, ASOIF-ის წესდება ითვალისწინებს ასოცირებული წევრის სტატუსით სპორტის იმ საერთაშორისო ფედერაციის მიღებას, რომელიც დროებით წარმოდგენილი იქნება რომელიმე ოლიმპიური თამაშების პროგრამში. ASOIF-ის მისიაა წარმოადგენდეს ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციებს, დაიცვას მათი ინტერესები, კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ხელი შეუწყოს მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას. ამასთან, ASOIF-ი იცავს წევრი ფედერაციების დამოუკიდებლობასა და ავტონომიას. ასოციაციას მართავს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება რვა დამოუკიდებელი წევრისგან. ისინი თავის მხრივ, ძირითადად, არიან ზაფხულის ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციების პრეზიდენტები.