ერისთავი რაფიელ
ერისთავი რაფიელ – (1824 – 1901), ეთნოლოგი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა სოფელ ქვემო ჭალაში. იგი იყო კახეთში ჩასახლებულ ერისთავთა შთამომავალი. ბავშვობა სოფელ ქისტაურში გაატარა. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში; თბილისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1844 წ.) მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში – მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში – განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ. რაფიელ ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუზეუმისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საქმეში; იგი იყო ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აგრეთვე „ვეფხისტყაოსანის” ტექსტის დამდგენი კომისიის (1882) ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. რაფიელ ერისთავმა დიდი ამაგი დასდო ეთნოგრაფიასა და ფოლკლორისტიკას. გამოაქვეყნა ეთნოგრაფიული ნარკვევები ხევსურეთზე, სვანეთზე და სხვ. კუთხეებზე. 1873 წ. („კრებული,№ 7) გამოაქვეყნა „ქართული სახალხო პოეზია“ წინასიტყვაობითა და ნიმუშებით. რაფიელ ერისთავის თხზულებებში გამოყენებულია ხალხური სიტყვიერების სხვადასხვა ჟანრის ტექსტები ბევრი მათგანი თვითონ პოეტის ჩაწერილია. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. 70-80-იან წლებში მის პოეზიაში ახალი ძალით გამოვლინდა ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი. იგი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან დაამუშავა მათემატიკური, ფიზიკური, ქიმიური და სხვა სამეცნიერო ტერმინოლოგია; გამოცემული აქვს „შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული ლექსიკონი” (1873). მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი (1884).
- აღდგომა
- შუაღამე გადავიდა,
- ატყდა, ატყდა ზარის რეკა,
- დიდი ზარიც ბოხს ხმას აძლევს,
- ზარბაზანმაც დაიჭექა!..
- ადექ გიგო, ადე, ადე!
- ხალხი მიდის საყრდისკენა,
- ადე ჩქარა, ტანთ ჩავიცოთ,
- დავგვიანდით მარტო ჩვენა...
- ყველა ახლით მოკაზმულა,
- ხელთ უჭირავთ კელაპტრები;
- ადე, ბიჭო, ტანთ ჩაიცვი,
- მაგ საბანში რაღას ძვრები?!
- აგერ ზარებს მოუხშირეს,
- ხალხი იყრის მეტანიას,
- საყდრები სულ ლაპლაპებენ,
- გარს უვლიან ლიტანიას!..
- მოვიკაზმეთ და გავსწიეთ,
- ეკლესია მხიარულობს,
- ყველას ტუჩზედ ღიმი უქრის,
- მღვდელი გალობს და ლოცულობს!..
- აგერ მღვდელმა შეიძახა:
- „ქრისტე აღდგა!” და ჩვენც ცქვიტად
- ვუპასუხეთ სუყველამა:
- „ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”
- ქრისტე აღდგა! – მიყვარს ეს დღე _
- მიყვარს, მიყვარს, მიყვარს დიდად;
- მოდი, გიგო, გადაგკოცნო!
- „ქრისტე აღდგა!” – „ჭეშმარიტად!..”
- მოდი, კვერცხი კვერცხსა დავკრათ,
- მაგრა იყავ და კირკიტად...
- „ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!” –
- „ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”