ერისთავი რაფიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაფიელ ერისთავი

ერისთავი რაფიელ − (1824-1901), პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე. იყო კახეთში ჩამოსახლებულ არაგვის ერისთავთა შთამომავალი. მისი ოჯახი წარმოადგენდა ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთ კერას, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ იმ დროის მოწინავე ადამიანები. თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1844) რ. ერისთავი მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, შემდეგ კი სხვადასხვა დროს — თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში მაღალ თანამდებობებზე.

სარჩევი

მოღვაწეობა

რ. ერისთავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის მიმოხილვები, წერილები და ნარკვევები 1846 წლიდან იბეჭდებოდა რუსულ პრესაში („კავკაზ“, „ნოვოე ობოზრენიე“) და სასარგებლო ცნობებს შეიცავდა ქართული კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის. იგი ერთ-ერთი ინიციატორი იყო ქართული მუზეუმის, ეროვნული ბიბლიოთეკის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების, ქართული პროფესიული თეატრის დაფუძნებისა. 1884-86 წწ. თავმჯდომარეობდა თეატრალურ საზოგადოებას იყო „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი პირველი კომისიის ინიციატორი და მონაწილე (1882).

რ. ერისთავის პირველი ლექსები 1852-54 წწ. იბეჭდებოდა „ცისკარში“; პირველი პროზაული ნაწარმოები 1855 წ. გამოქვეყნდა რუსულ ალმანახში („ზურნა“). მის სატრფიალო ლირიკას შემდგომში ენაცვლება მძაფრი სოციალური პროტესტის გამომხატველი, გლეხობის ყოფის ამსახველი ნაწარმოებები („სესიას ფიქრები“, „თანდილას დარდი“, „ბერუას ჩაფიქრება“, „თინიას მამითადი“, „აღზევანს წასვლა“), რომლებმაც მას უდიდესი პოპულარობა მოუპოვეს. ისიც საგულისხმოა, რომ მან ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა ბატონყმობის წინააღმდეგ.

შემოქმედება

რ. ერისთავის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს პატრიოტულ თემატიკას (წერილები — „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“, „ვარძია“, ლექსები - „მოძმეთადმი“, „დედა ენა“, „რას ერჩი მაგ ბიჭს, თათარო“, „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“, „ნეტა რას სტირი, დედილო “, პოემები - „ასპინძის ომი“, „თამარიანი“). ამ მხრივ განსაკუთრებით მოსახსენიებელია ლექსი „სამშობლო ხევსურისა“ (1881), რომელმაც იშვიათი პოპულარობა მოიხვეჭა და რომელიც დღემდე მიჩნეულია ქართული პოეზიის შედევრად.

ი. გოგებაშვილთან ერთად, რ. ერისთავი ითვლება ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლად. მისი ლექსები ხშირად იბეჭდებოდა „ბუნების კარში“, „დედა ენაში“, „ნობათში“, „ჯეჯილში“. ზოგიერთი მათგანი („ზამთარი“, „მიპატიჟება სასწავლებელში“, „შემოდგომა“) დღესაც ამშვენებს საბავშვო სახელმძღვანელოებს.

რ. ერისთავმა თვალსაჩინო ამაგი დასდო აგრეთვე ქართულ დრამატურგიასა და თეატრს. მისი ორიგინალური თუ გადმოკეთებული პიესები („დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარის უმძლავრესია“, „ადვოკატები“, „ქაჩუა“, „ბრილიანტი“, „მბრუნავი სტოლები“, „იჭვიანი“, „სადილი მარშლისას“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“) არ სცილდებოდა ქართული თეატრის რეპერტუარს. ეს იყო მეტწილად კომედიავოდევილები და მათი ავტორი სამართლიანად იქნა მიჩნეულია ვოდევილის ჟანრის დამამკვიდრებლად ჩვენში. დრამატურგიას განეკუთვნება გლეხობის ყოფა-ცხოვრების ამსახველი პატარ-პატარა ნაწარმოებები — „სცენები“, რომლებიც 70-80-იან წწ. იბეჭდებოდა „დროების“, „ივერიის“, „თეატრის“ ფურცლებზე.

რ. ერისთავს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. ი. ჭავჭავაძესთან ერთად მან 1873 წ. გამოსცა კრებული „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები“; ამავე წელს „კრებულში“ იბეჭდებოდა მის მიერ შეკრებილი მესტვირული ლექსები და ანდაზები; გამოქვეყნებული აქვს „ქართული სახალხო პოეზია“ წინასიტყვითა და ნიმუშებით, აგრეთვე „ქართული გამოცანების კრებული“ (1877).

რ. ერისთავი მუშაობდა ლექსიკოლოგიაშიც. 1873 წ. გამოაქვეყნა ლათინურ-რუსულ-ქართული ბოტანიკური ლექსიკონი“, 1884 წ. — „მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოდან - ქართულ-რუსულ- ლათინური ლექსიკონი“. ამავე წელს მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის „ქართული ლექსიკონი“. საყურადღებოა მის მიერ შემუშავებული ტერმინოლოგიები: „არითმეტიკის და გეომეტრიისა“, „ფიზიკისა და სამუნეჯიბო ღეოღრაფიიდან“ (ასტრონომიის), „საზომისა და საწყაოსი“, „ქიმიის“, „ზღვისა და შიგ ცურვისა“, „სამხედრო“. მასვე ეკუთვნის საყურადღებო მოსაზრებები ქართული ენის ბუნებისა და კუთხური მეტყველების შესახებ, გამოკვლევები „ანბანისა და დამწერლობის თაობაზე“, „ქართული ენის გრამატიკა ყრმათათვის“. მუშაობდა რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაზე.

რ. ერისთავმა თარგმნა კრილოვის, პუშკინის, ოგარიოვის, ლერმონტოვის, ტიუტჩევის, მიცკევიჩის ნაწარმოებები, გადმოაკეთა ლ. მეის მიერ გერმანულიდან თარგმნილი „ჯერ შრომა, მერე ხტომა“ („სწავლობს გიგლა ტიტინა“).

თხზულებანი

თხზულებანი. ოთხ ტომად, ტ. 1-4, 1935-38 [[1]] [[2]] [[3]] [[4]]

ლიტერატურა

  • ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია, 1959.[[5]]
  • მ. ვაშაყმაძე, რაფიელ ერისთავი, 1974;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, IV, 1974 [[6]].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები