ბარაბული
ბარაბული – Mullus barbatus ponticus Essipov
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ბარაბულისებრნი
გვარი: ბარაბული
თევზის სახეობა ბარაბულისებრთა ოჯახისა. მალების რაოდენობა 24-ია. ლაყუჩის პირველ რკალზე 21-23 ჩხირია. თავი გვერდებიდან შებრტყელებულია და მაღალი, ნიკაპზე ორი გრძელი ულვაში აქვს. თვალები მაღლა სხედან. თვალებშორისი მანძილი (შუბლის სიფართოვე) პატარაა, საშუალოდ ის თავის სიგრძის 21%-ზე მეტი არაა. თვალის წინა არე ანუ დინგი დიდია და საშუალოდ თავის სიგრძის 90%-ს შეადგენს თავის პროფილი დაქანებულია და მრგვალი, ის შედარებით გრძელია და სხეულის საერთო სიგრძეზე 3,9-4,1-ჯერ ნაკლებია.
გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში, ქერჩის სრუტეში. საქართველოს ფარგლებში შავ ზღვაში გვხვდება.
ბარაბული უმთავრესად ზღვის ფსკერული თევზია ძლიერ გამტკნარებულ წყლებს გაურბის. უმთავრესად წყლის ტემპერატურის 8°-ზე ზევით და მარილიანობის 17-18%-ის პირობებში ბინადრობს.