ადამიანის უფლებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადამიანის უფლებები – უფლებუბი, რომლებიც ყოვულ ადამიანს მისი ადამიანური ღირსებიდან გამომდინარე გააჩნია. ისინი განსაზღვრავს ურთიერთობებს ინდივიდებსა და ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს შორის. ადამიანის უფლებები გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს სახელწიფოს ძალაუფლებას და, ამავდროულად, ავალდებულებს სახელმწიფოებს გადადგან პოზიტიური ნაბიჯები ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა ადამიანის უფლების განხორციელება. უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში ასეთი გარემოს შექმნისათვის უწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა. მე-18 საუკუნის მიწურულს საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციებიდან დაწყებული, ადამიანის უფლებების იდეამ განაპირობა მრავალი რევოლუციური მოძრაობა ძალაუფლებასა და ხელისუფალზე, კერძოდ, მთავრობაზე კონტროლის მოპოვების მიზნით.

ადამიანის უფლებები არის ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებათა ერთობლიობა, რომლებიც თავმოყრილია სახელმწიფოთა კონსტიტუციებსა და საერთაშორისო სამართალში.

სახელმწიფოები და ვალდებულებათა სხვა მატარებლები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, რაც, აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქმნის სამართლებრივი მოთხოვნისა და დაცვის საფუძველს. ფაქტობრივად, საჩივრების შეტანა და დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნა ასხვავებს ადამიანის უფლებებს მორალური თუ რელიგიური ღირებულებების სისტემების პრინციპებისაგან. სამართლებრივი კუთხით, ადამიანის უფლებები შეიძლება განისაზლვროს, როგორც ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებათა ერთობლიობა, რაც აღიარებულია სუვერენული სახელმწიფოების მიერ და გარანტირებულია მათი კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ წამყვანი როლი ითამაშა ადამიანის უფლებათა განსაზღვრასა და ხელშეწყობაში. აქამდე კი, აღნიშნული უფლებები ძირითადად ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში იყო გაწერილი. ამის შედეგად მოხდა ადამიანის უფლებათა კოდიფიცირება მრავალ საერთაშორისო და რეგიონალურ ხელშეკრულებასა და სამართლებრივ აქტში. ისინი რატიფიცირებულია მრავალი ქვეყნის მიერ და დღესდღეობით წარმოადგენენ საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებათა სისტემას.

სარჩევი

ადამიანის უფლებები მრავალფეროვანია

ადამიანის უფლებები მოიცავს ცხოვრების ყველა ასპექტს. მათი სათანადო რეალიზების შემთხვევაში ქალებსა და მამაკაცებს აქვთ საშუალება საკუთარი ცხოვრება თავისუფლების, თანასწორობისა და ადამიანური ღირსების პრინციპებიდან გამომდინარე დაგეგმონ. ადამიანის უფლებები მოიცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს; ასევე კოლექტიურ უფლებებს ხალხთა თვითგამორკვევაზე, თანასწორობაზე, განვითარებაზე, მშვიდობასა და ჯანმრთელ გარემოზე. თუმცა არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს აზრი, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რომლებიც ცნობილია როგორც „პირველი თაობის უფლებები“, დაფუძნებულია სახელმწიფოს მხრიდან პირად ურთიერთობებში ჩაურევლობის კონცეპციაზე, მაშინ როდესაც სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები, როგორც „მეორე თაობის უფლებები“, სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას პოზიტიური ნაბიჯები. დღეს უკვე აღიარებულია, რომ სახელმწიფოებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გადადგან ნაბიჯები ისეთი პირობებისა და სამართლებრივი სისტემის შექმნის მიზნით, რაც აუცილებელია ადამიანის უფლებების განხორციელებისათვის. „თაობების“ ტერმინოლოგია ცივი ომის დროს გამოიყენებოდა. დღესდღეობით ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებების საყოველთაობის, განუყოფლობისა და ურთიერთდამოკიდებულობის პრინციპებზე.

განვითარების უფლება

განვითარების უფლება ადამიანს განვითარების პროცესის ცენტრში აყენებს და აღიარებს, რომ ადამიანი ამ პროცესის მთავარი მონაწილე უნდა იყოს.

გაერო-ს 1986 წლის დეკლარაცია განვითარების შესახებ აცხადებს, რომ

1. „.. ყველა ადამიანს და ხალხს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს, წვლილი შეიტანოს და მოიხმაროს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური განვითარება, როდესაც შესაძლებელია ადამიანის ყველა უფლებისა და ძირითადი თავისუფლების სრული რეალიზება“ და
2. „ადამიანის უფლება განვითარებაზე ასევე მოიცავს ხალხთა თვითგამორკვევის უფლების სრულ რეალიზებას, რაც, ადამიანის უფლებათა ორივე საერთაშორისო პაქტის შესაბამისი დებულებების თანახმად, ბუნებრივ სიმდიდრისა და რესურსების სრული განკარგვის უფლებასაც ითვალისწინებს.“

განვითარების უფლება ეფუძნება ადამიანის ყველა უფლებისა და ძირითადი თავისუფლების განუყოფლობისა და ურთიერთდამოკიდებულობის პრინციპს. თანაბარი ყურადღება და სათანადო შეფასება უნდა მიეცეს სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების განხორციელებასა და დაცვას.

ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპები

ადამიანის უფლებები საყოველთაოა, ვინაიდან ისინი ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირსებას; რასის, კანის ფერის, სქესის, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, რელიგის, ენის, ეროვნების, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, უნარშეზლუდულობისა თუ სხვა რაიმე გამორჩეული ნიშნის მიუხედავად. გამომდინარე იქედან, რომ ეს უფლებები აღიარებულია ყველა სახელმწიფოსა მიერ, ისინი ყველა პირს თანაბრად ეხება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და უცვლელია ყველასთან მიმართებით ნებისმიერ ადგილას.

ადამიანის უფლებები განუყოფელია იმ კუთხით, რომ დაუშვებელია პირს ჩამოერთვას უფლებები, გარდა ის შემთხვევისა სადაც ნათლად განსაზღვრულია სამართლებრივი გარემოებები. ასე მაგალითად, პირის თავისუფლების უფლება შესაძლოა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუკი მას სასამართლო დამნაშავედ ცნობს.

ადამიანის უფლებები და სახელმწიფო სუვერენიტეტი

იმ პერიოდში, როდესაც ადამიანის უფლებები ქვეყნის შიდა ურთიერთობების ნაწილად მოიაზრებოდა, სხვა სახელმწიფოებს/საერთაშორისო თანამეგობრობას ეკრძალებოდათ ჩარევა თუნდაც ადამიანის უფლებების ისეთი სერიოზული დარღვევის გამო როგორიცაა გენოციდი. აღნიშნული მიდგომა, რომელიც ეფუძნებოდა ეროვნულ სუვერენიტეტს, მე-20 საუკუნეში შეიცვალა, განსაკუთრებით კი, ნაცისტური გერმანიის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამო. დღესდღეობით, ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა და დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის სამართლებრივი ზრუნვის საგანსა და პასუხისმგებლობას. თუმცა, ის შეუსაბამისობა, რაც არსებობს საყოველთაო სამართლებრივ ვალდებულებებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს შორის უნდა გადაწყდეს თითოეული კონკრეტული საქმის ჭრილში, პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. ეს ის პრინციპია, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების მიერ საყოველთაობის კონცეპციის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არ უნდა გასცდეს იმას, რაც აუცილებელია ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის მისაღწევად.

რა სახის ვალდებულებას აკისრებს ადამიანის უფლებები სახელმწიფოს

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები შეიძლება დაირღვეს პირის ან პირთა ჯგუფის მიერ და ფაქტობრივად, გლობალიზაციის ფონზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ჩადენილი არასამთავრობო ორგანოების მიერ (იქნება ეს ტრანსნაციონალური კორპორაციები, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, საერთაშორისო ტერორიზმი, სამხედრო დანაყოფი, და სხვა ორგანიზაციები) კვლავაც მატულობს, მოქმედი საერთაშორისო სამართლის თანახმად, მხოლოდ სახელმწიფოებს ეკისრებათ პირდაპირი ვალდებულებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

დამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მიერთებით, სახელმწიფოები კისრულობენ სამ ძირითად ვალდებულებას: პატივისცემის, დაცვისა და შესრულების ვალდებულებებს. თუმცა ბალანსი ამ ვალდებულებებს შორის შეიძლება იყოს ცვალებადი იმის მიხედვით, თუ რა უფლებებთან გვაქვს საქმე; და ეს პრინციპში ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებას და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებას ეხება. დამატებით, სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის ეკისრებათ სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება ეროვნულ დონეზე.

სახელმწიფოს მხრიდან პატივისცემის ვალდებულება

„სახელმწიფოს მხრიდან პატივისცემის ვალდებულება“ გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია თავი შეიკავოს ჩარევებისაგან. აღნიშნული ასევე გულისხმობს მთავრობის მიერ მიღებული ისეთი აქტების აკრძალვას, რომლებიც საფრთხეს უქმნის უფლებებით სარგებლობას. მაგალითად, განათლების უფლებასთან დაკავშირებით, მთავრობამ პატივი უნდა სცეს მშობელთა თავისუფლებას დააფუძნონ კერძო სკოლები და უზრუნველყონ შვილების რელიგიური და მორალური განათლება თავისი შეხედულებების შესაბამისად.

დაცვის ვალდებულება

„დაცვის ვალდებულება“' სახელმწიფოებს ავალდებულებს დაიცვან ინდივიდები მათი უფლებების დარღვევისაგან სხვა პირების მხრიდან. კვლავაც, განათლების უფლება კარგ მაგალითს წარმოაგენს. შვილების უფლება მიიღონ განათლება, დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მესამე პირების ჩარევა და გარკვეული დოგმების დაწესება. მესამე პირებში მოიაზრებიან მშობლები და ოჯახი, მასწავლებლები და სკოლა, რელიგია, სექტა, კლანები და ბიზნეს სკოლები. მაგალითად, პირადი ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების უფლება ავალდებულებს სახელმწიფოებს წინ აღუდგნენ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებულ საოჯახო ძალადობის ფენომენს: მიუხედავად იმისა, რომ ქმრის მხრიდან ცოლის წინააღმდეგ, ან მშობლების მხრიდან შვილების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ყველა ფაქტი არ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას, რისთვისაც სახელმწიფოს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა, მთავრობებს აკისრიათ ვალდებულება გადადგან პოზიტიური ნაბიჯები – შესაბამისი სისხლის სამართლის, სამოქალაქო, საოჯახო ან ადმინისტრაციული კანონმდებლობის ფარგლებში, პოლიტიკისა და მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგების ჩატარებით, ან ცნობიერების ამაღლებით, საოჯახო ძალადობის შემცირების მიზნით.

შესრულების ვალდებულება

„შესრულების ვალდებულების“ თანახმად, სახელმწიფოებს ევალებათ გადადგან პოზიტიური ნაბიჯები ადამიანის უფლებათა განხორციელების მიზნით. მაგალითად, განათლების უფლებასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლება, უფასო საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და პროფესიონალური განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის (ისეთი ნაბიჯების გადადგმის ჩათვლით, როგორებიცაა საკმარისი საჯარო სკოლების დაფუძნება ან მასწავლებელთა სათანადო ოდენობის დაქირავება და ანაზღაურების გადახდა).

პროგრესული განხორციელების პრინციპი

პროგრესული განხორციელების პრინციპი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თავისი პოზიტიური ვალდებულებების შესრულებასა და დაცვას. მაგალითად, ჯანმრთელობის უფლება არ წარმოადგენს ჯანმრთელობის გარანტიას ყველასათვის. თუმცა, შესაბამისი ეკონომიკური შესაძლებლობების, სოციალური და კულტურული ტრადიციებისა და მინიმალური საერთაშორისო სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია დააფუძნოს და შეინარჩუნოს ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემა, რითაც ძირითადი მომსახურეობა ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. პროგრესული განხორციელება გულისხმობს, რომ მთავრობებმა უნდა დასახონ მიზანი ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად; უნდა გაიზარდოს ექიმთა რაოდენობა ყოველ ათას მაცხოვრებელზე; გაიზარდოს მოსახლეობის იმ ნაწილის პროცენტული მაჩვენებელი, რომელმაც ვაქცინაცია გაიარა კონკრეტული ინფექციებისა და ეპიდემიური დაავადებების წინააღმდეგ, ან გააუმჯობესონ ჯანდაცვის დაწესებულებების მდგომარეობა და სხვ.

ნათელია, რომ ღარიბ ქვეყნებში ჯანმრთელობის სტანდარტი შესაძლოა უფრო დაბალი იყოს, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში მთავრობების მხრიდან ჯანმრთელობის უფლების შესრულების ვალდებულების დარღვევის გარეშეც. თუმცა, ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის გაუმჯობესებისათვის პოზიტიური ღონისძიებების არარსებობის შემთხვევაში, რეგრესიული ღონისძიებების ან კონკრეტული ჯგუფების (როგორებიც არიან ქალები და რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობები) თვითნებური გამორიცხვა ჯანმრთელობის სისტემის ხელმისაწვდომობიდან წარმოადგენს ჯანმრთელობის უფლების დარღვევას.

სამართლებრივი დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონალური ხელშეკრულებების თანახმად

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თითოეული წევრი სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს, რომ ყველას, ვისაც დაერღვა ამ პაქტით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებები და რომ ყველას, ვინც ითხოვს სამართლებრივ დაცვას ჰქონდეს უფლება დაცვის ასეთი საშუალებები დაუდგინოს კომპეტენტურმა სასამართლომ, აღმასრულებელმა ან საკანონმდებლო ხელისუფლებამ, ან სხვა კომპეტენტურმა ორგანომ, რომელსაც სამართლებრივი სისტემით მინიჭებული აქვს ასეთი უფლებამოსილება”, და განავითაროს სასამართლო დაცვის შესაძლებლობები”.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი აცხადებს, რომ ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, ეროვნული ხელისუფლებისაგან უნდა ჰქონდეს მინიჭებული სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება..“.

ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტი სამართლებრივი დაცვის ამ საშუალებას ცალკე უფლებად აყალიბებს: ყველას აქვს უფლება მარტივად და დაყოვნების გარეშე მიმართოს კომპეტენტურ სასამართლოს ან ტრიბუნალს იმ ქმედებებისაგან დასაცავად, რომლებიც არღვევს შესაბამისი სახელმწიფოს კონსტიტუციითა და კონვენციით გარანტირებულ ძირითად უფლებებს...”.

უფლებებით სარგებლობა არა მხოლოდ საკითხის გასაჩივრებას მოიცავს. მისი იურიდიული მნიშვნელობა გულისხმობს, რომ ყველას აქვს ეროვნული – სასამართლო, ადმინისტრაციული, საკანონმდებლო ან სხვა – ორგანოებისადმი მიმართვის უფლება იმ შემთხვევაში, თუკი უფლება დარღვეულია. თითოეულ პირს, რომელიც აცხადებს, რომ ადგილი აქვს მისი უფლებების უპატივცემულობას, უნდა ჰქონდეს უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებები დაუდგინოს კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანომ, რომელმაც ასევე უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება.

საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება

მას შემდეგ რაც შიდასამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება ამოწურულია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივ არის მიღებული. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დადგენილი პროცედურების მიხედვით, ინდივიდებს აქვთ ადამიანის უფლებათა მუდმივმოქმედი ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. მისი სასამართლო გადაწყვეტილებები სავალდებულო ძალის მქონეა.

ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია ითვალისწინებს ინდივიდების უფლებას საჩივრით მიმართონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს, მაგრამ მოცემული მომენტისათვის აღნიშნულს არ ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებები.

რეპარაციის უფლება

ეფექტური დაცვის საშუალებების უფლება გულისხმობს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლს მიეცეს რეპარაციის უფლება. სახელმწიფოს ვალდებულება ითვალისწინებს დამნაშავე პირების (მათ შორის თანამდებობის პირები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები) წარდგენას მართლმსაჯულების წინაშე. სახელმწიფო ასევე ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული დარღვევების განმეორება.


წყარო

ადამიანის უფლებები: სახელმძლვანელო პარლამენტარებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები