ადამიანის უფლებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადამიანის უფლებები – უფლებები, რომლებიც ყოვულ ადამიანს მისი ადამიანური ღირსებიდან გამომდინარე გააჩნია. ისინი განსაზღვრავს ურთიერთობებს ინდივიდებსა და ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს შორის. ადამიანის უფლებები გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს სახელწიფოს ძალაუფლებას და, ამავდროულად, ავალდებულებს სახელმწიფოებს გადადგან პოზიტიური ნაბიჯები ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა ადამიანის უფლების განხორციელება. უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში ასეთი გარემოს შექმნისათვის უწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა.

სარჩევი

ისტორიული განვითარება

თუ ადამიანის უფლებათა ისტორიას გადავხედავთ, არ არსებობს სწორხაზოვანი განვითარება დაწყებული ადრეული სამართლებრივი აქტებიდან, მე-20 საუკუნის ადამიანის უფლებათა კატალოგებამდე. ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით, მიუხედავად განსხვავებული ისტორიული წარმოშობისა, არსებობს მათი ისტორიის საერთო მახასიათებელიც - ადამიანის უფლებები არის უფლებები, რომლებიც ძირითადად მოპოვებულია ცალკეული ადამიანების და ადამიანთა გაერთიანებების რევოლუციური მოძრაობებით, და რომელთა მყარი გარანტიები იქმნებოდა ასეთ რევოლუციურ მოძრაობათა გამარჯვების შემდეგ.

მათი დაცვა მყარი პროცედურული გარანტიებით ყოველთვის განსაკუთრებულ საზრუნავს წარმოადგენდა კაცობრიობისთვის. მიუხედავად აღიარებისა, ადამიანის უფლებების რეალურ გარანტიებს მაინც ყოველთვის საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ადამიანის უფლებები არასდროს ყოფილა უნივერსალურად დაცული და იგი მუდმივად, დღესაც წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროს ზრუნვის საგანს.

თანამედროვე თვალით დანახული ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლებასა და ადამიანს შორის, რა თქმა უნდა, თანამედროვე აზროვნების ნაყოფია და იგი უცხო იყო შუა საუკუნეების სამყაროსთვის, რომელშიც დომინირებდა კორპორატივისტური აზროვნება.თანამედროვე - თავდაცვაზე, მოთხოვნასა და უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ურთიერთობა ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის, მხოლოდ მე-18 საუკუნის განმანათლებლობისა და ბუნებითი სამართლის აზროვნებით წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებების ისტორია არ იწყება აბსოლუტიზმის ეპოქაში და აბსოლუტიზმის წინააღმდეგ ბრძოლით, მისი ნაკვალევი უფრო უკან - შუა საუკუნეების ინგლისში - მიდის.

ადამიანის უფლება თავისუფლებათა ისტორია ინგლისურ კონსტიტუციონალიზმში

დამიანის უფლებათა ისტორია ჩრდილოეთ ამერიკაში

ადამიანის უფლებათა ისტორიული განვითარება საფრანგეთსა და გერმანიაში

ადამიანის უფლებათა იდეური განვითარება

ადამიანის უფლებების იდეას არა მარტო წმინდა სამართლებრივი, არამედ ფილოსოფიური, სოციოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება. იგი ასახულია ყველა ცნობილ ფილოსოფიურ, პოლიტიკურ და სოციალურ თეორიაში. ადამიანის უფლებების შესახებ არსებული თანამედროვე თეორიები იმთავითვე ფილოსოფიურ-სამართლებრივი მსოფლმხედველობის ორ ცნობილ ფორმას – ბუნებით სამართალსა და პოზიტივიზმს ეფუძნებოდა.

ადამიანის უფლებათა იდეის წარმოშობა და მისი განვითარება ბუნებითი სამართლის და შესაბამისად, “ბუნებითი უფლებების” თეორიას უკავშირდება. ბუნებითი სამართლის თეორიის არსი კი მდგომარეობს შემდეგში: სამართალი ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, გონებით შეცნობადია, ეს კი ყველა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ბუნებითი სამართალი მოიცავს დროისა და სივრცის გარეშე არსებულ ქცევის ობიექტურად სავალდებულო წესებსა და პრინციპებს. ეს პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოზიტიური (კოდიფიცირებული, დაწერილი) სამართალი.ამიტომ ბუნებით სამართალს ხშირად ზეპოზიტიურ სამართალსაც უწოდებენ. ბუნებითი სამართალი, არსებითად, მორალისა და სამართლიანობის იდენტურია - ისინი ხშირად განიხილება როგორც სინონიმური ცნებები. ამ თეორიის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით, ბუნებით თავისუფალი და თანასწორია. ბუნებითი სამართლის თეორია ადამიანის უფლებათა უნივერსალურობის წინაპირობაა.

ანტიკური ბუნებითი სამართლის მიმდევრები იყვნენ პლატონი და არისტოტელე, ქრისტიანული ბუნებითი სამართლის წარმომადგენელია თომა აქვინელი. შემდგომში კი, გროციუსის, უპირველეს ყოვლისა კი, პუფენდორფის მიერ ბუნებითი სამართლის მოძღვრება თეოლოგიური საფუძვლების გარეშე იქნა ჩამოყალიბებული. „ბუნებითი უფლებების“ ამ თეორიის პრინციპმა განვითარება ჰპოვა ლოკის, სპინოზას, თომაზიუსის, რუსოს, მონტესკიეს, კანტის, ჰუმბოლტის, მილისა და ელინეკის შრომებში. ცალკეული ავტორები შეიძლება ჩაითვალონ ადამიანის უფლებათა დასავლური ფილოსოფიური და სამართლებრივი კონცეფციების შემქმნელებად, იმ კონცეფციებისა, რომლებიც საფუძვლად დაედო რევოლუციებსა და სოციალურ კატაკლიზმებს, სამოქალაქო ომებს, პოლიტიკურ რეჟიმებსა და სამართლებრივ იდეოლოგიებს.

თუ ბუნებითი სამართლის თეორიით მორალისა და სამართლიანობის არსი არსებითად იდენტურია, სამართლის პოზიტივისტთა საპირისპირო მოსაზრებით, ამ ორ ცნებას შორის მკვეთრი მიჯნა გადის. მორალურობა არ განსაზღვრავს არც სამართლის მოქმედებას და არც მის სავალდებულოობას. კლასიკური პოზიტივიზმის წარმომადგენელი იყო ჰანს კელზენი (1881-1973). სამართლებრივი პოზიტივიზმის მიხედვით, სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა. ბუნებითი სამართლის სკოლის წარმომადგენელთა აზრით კი, სამართალი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მოქმედი, როცა იგი ფუნდამენტალურ, მორალურ პრინციპებთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

XIX საუკუნის დამლევს ბუნებითი სამართლის თეორიამ სამართლის მეცნიერების განვითარებაზე ზეგავლენა დროებით დაკარგა. ამ პერიოდისთვის იმარჯვებს სამართლის პოზიტივისტური მიდგომა: მხოლოდ სახელმწიფოს ჩამოყალიბებულ ნორმებს, მათი შინაარსისა და ხასიათის მიუხედავად, ჰქონდა სამართლებრივად სავალდებულო ძალა. აღსანიშნავია, რომ არსებობდა „შუალედური“, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიების გამათანაბრებელი მოსაზრებანი. ერთი-ერთი მათგანია ე.წ. „რადბრუხის ფორმულა“, რომლის მიხედვითაც, ნორმა ყველა შემთხვევაში უნდა იქნეს დაცული. ნორმა შეიძლება არ შესრულდეს მხოლოდ მაშინ, როცა პოზიტიური კანონი იმდენად უსამართლოა, რომ კანონმა უკან უნდა დაიხიოს და გზა სამართლიანობას „დაუთმოს“.

მართალია, ბუნებითი სამართლის მოძღვრება XIX საუკუნეში უარყოფილ იქნა, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან მისი ზეგავლენა, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ფონზე, კვლავ ძლიერდება. პირველი და განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომების შემდეგ, ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის გამო, ბუნებითი სამართლის მოძღვრება ისევ წინა პლანზე გადმოვიდა. ბუნებითი სამართლის წარმოშობის წყაროდ მიიჩნევა სამართლის იდეის ზნეობრივი შინაარსი, საიდანაც გამომდინარეობს საზოგადოებებისა და ადამიანთა თანაცხოვრების განსაზღვრული წესები, განსაკუთრებით, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ისტორიულმა გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ცალკეული ადამიანების, ან პოლიტიკური რეჟიმების მიერ შექმნილი, „დაწერილი“ სამართალი შესაძლოა უკიდურესად უსამართლო იყოს.

ადამიანის უფლებანი საერთაშორისო რანგში

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაციონალ-სოციალისტების მიერ ადამიანთა მასობრივი მკვლელობისა და გენოციდის შემდეგ და ასევე სხვა დიქტატორული რეჟიმების არსებობის შედეგად, მსოფლიოში, საერთაშორისო არენაზე, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა მკვეთრად შეიცვალა შეხედულებანი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რაობის, მათი მნიშვნელობისა და გარანტიების შესახებ.

XX საუკუნეში ადამიანის უფლებათა დაცვა გასცდა იმ შეხედულების ფარგლებს, რომელიც ადამიანის უფლებას მხოლოდ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ საქმედ მიიჩნევდა. თუ ადრე მათ შესახებ საერთაშორისო დონეზე საუბარი, ან სხვაგვარი ჩარევა სახელმწიფოს სუვერენიტეტის შელახვად მოიაზრებოდა, ტრადიციული გაგებისაგან განსხვავებით, თანამედროვე საერთაშორისო სამართალში „სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვა საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში ამ სახელმწიფოს სავიზიტო ბარათია საერთაშორისო ურთიერთობებში“. დღეს ინდივიდი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მისი დარღვეული უფლებების ინდივიდუალურად, სახელმწიფოს შუამდგომლობის გარეშე დაცვის მექანიზმითაა აღჭურვილი. მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად საერთაშორისო საზოგადოებამ ადამიანის უფლებათა დეკლარირება მოახდინა. ასევე, შეიქმნა ზოგიერთი ქმედითი მექანიზმი დეკლარირებული უფლებების უზრუნველსაყოფად.

წყარო

ძირითადი უფლებები: კომენტარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები