ბავშვის დისპნოე
ბავშვის დისპნოე — პატარა ბავშვებში დისპნოეს სიხშირეს განაპირობებს სასუნთქი გზების, კერძოდ კი ხორხის სანათურის სივიწროვე. ამ ფაქტის გამო, 1მმ. შეშუპების დროსაც კი საერთო ფართობი მცირდება 50%-ით. ასეთივე შეშუპება დიდებში 25%-იან შევიწროებას იწვევს.
დისპნოეს ეტიოლოგიის და ხარისხის განსაზღვრისათვის საჭიროა სამი ეტაპი:
1-ლი ეტაპი: ლარინგეალური დისპნოეს დიფერენციალური დიაგნოზი.
ვსაუბრობთ ხორხიდან წამოსულ დისპნოეზე, როდესაც სახეზეა შესუნთქვის სტრიდორული დისპნოე. ამ დროს, ხორხის დონეზე შეფერხების გამო, შესუნთქვა იწვევს სტერნალური, ლავიწზედა და ეპიგასტრალური მიდამოების ჩაზნექვას.
ასევე, სახეზეა ხმის შეცვლაც.
ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების დროს, უნდა გამოვრიცხოთ:
- — ფილტვის და კარდიოლოგიური გენეზის დისპნოე (ტაქიპნოე);
- — ბრონქიალური ასთმური ექსპირატორული დისპნოე (ბრადიპნოე);
- — ტრაქეალური დისპნოე-როდესაც ვხვდებით როგორც ექსპირატორულ, ასევე ინსპირატორულ დისპნოეს ხმის შეცვლის გარეშე;
ლარინგეალურ დისპნოეს უფრო წააგავს ზედა სასუნთქი გზების რინო ან ბუკო-ფარინგეალური დისპნოები. მაგრამ, ამ დროს, შესუნთქვისას სუსტერნალურ და ეპიგასტრალურ სტრიდორს თან ახლავს ყბისქვეშა სივრცის დეფორმაცია – ჩაზნექვაც.
ლოკალიზაციის გამო (ხორხის ყიისქვეშა მიდამო), შესაძლოა ლარინგეალური დისპნოე ძალიან წააგავდეს ტრაქეალურს.
ახალშობილებში, ლარინგეალური დისპნოეს დროს, ბრადიპნოეს მაგივრად, სახეზეა ტაქიპნოე და ბავშვის აგონიური მოძრაობები.
როდესაც კლინიკური ნიშნები მწირია, სუნთქვის მოშლა მნიშვნელოვანია და მიღებულია გადაწყვეტილება პაციენტის ინტუბაციის შესახებ, მაშინ დისპნოეს მიზეზის გამორკვევა შესაძლოა ლარინგოსკოპის მეშვეობით.
მე-2 ეტაპი: დისპნოეს ხარისხის შეფასება
ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახლავთ. ამ დროს უნდა განისაზღვროს დისპნოეს გადაუდებელი მკურნალობის აუცილებლობა.
დისპნოეს ურგენტულობის ძირითადი ნიშნები გახლავთ:
- — ხანგრძლივობა, ერთ საათზე მეტი ხანგრძლივობის დისპნოე მოითხოვს სასწრაფო თერაპიულ ჩარევას, რადგანაც ბავშვის ფიზიკური რესურსის ამოწურვამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.
- — ციანოზი ძალიან მძიმე ნიშანია და, როგორც წესი, უკვე ღრმად წასული პროცესის დროს გვხვდება, როდესაც ჰიპოქსიაა განვითარებული.
უფრო ადრეული ნიშნები, როგორიცაა: ოფლიანობა, ტაქიკარდია და არტერიული ჰიპერტენზია, მიგვითითებს ამ მძიმე პროცესის საწყის სტადიაზე. აუცილებლად სასწრაფო ზომებია მისაღები იმისათვის, რომ არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები, რომლებიც ჰიპოქსიას მოჰყვება – სუნთქვის გაჩერება, შემდეგ გულის გაჩერება.
რომელიმე ამ ნიშნის არსებობა მოითხოვს რეანიმაციულ ზომებს: ტრაქეოტომიას ან ინტუბაციას.
ყურადღებით უნდა ვიყოთ ცრუ გაუმჯობესების დროსაც. როდესაც ინსპირაციული ბრადიპნოე, ბავშვის ფიზიკური გადატვირთვის შედეგად, რომელსაც აღარ შეუძლია სუნთქვის ობსტრუქციასთან წინააღმდეგობის გაწევა, ადგილს უთმობს ტაქიპნოეს და სტრიდორის შემცირებას. ეს, პირიქით, ცუდი ნიშანია და ბავშვის უკიდურეს მდგომარეობაზე მეტყველებს. აქაც აუცილებელია ან ინტუბაცია ან ტრაქეოტომია სასწრაფო რეჟიმში.
მე-3 ეტაპი: მიზეზის მოძიება
როდესაც ზემოჩამოთვლილი საშიში სიმპტომები არ ვლინდება, მიზანშეწონილია დისპნოეს მიზეზის გარკვევა. თუმცა, ამ კვლევის დროს, პაციენტის მდგომარეობის უეცარი დამძიმების შემთხვევაში, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სასწრაფო ღონისძიებების ჩასატარებლად.
- — არასოდეს არ განახორციელოთ პირდაპირი ლარინგოსკოპია ტრაქეოტომიის და ინტუბაციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტის და ხელსაწყოს მომზადების გარეშე.
- — ენის დამწევი „შპადელით“ გასინჯვა უნდა განხორციელდეს ძალიან ნაზად და სიფრთხილით, რადგან ამასაც შესაძლოა მოჰყვეს მდგომარეობის დამძიმება.
- — არასოდეს დააძალოთ პაციენტს დაწვეს, როდესაც მას ინსტიქტურად ჯდომითი პოზა ურჩევნია. ამით შესაძლოა მისი მდგომარეობის უეცარი გართულება და ასფიქსია გამოიწვიოთ.
აუცილებელია პაციენტის ოჯახის წევრების ანამნეზის შეკრება. როგორც წესი, ის საკმარისია დიაგნოზის დასასმელად.
საბოლოო დიაგნოზი ისმება რადიოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევების შემდეგ, რომელიც აუცილებლად ზემოთ ჩამოთვლილი პრევენციული ღონისძიებების ფონზე უნდა განხორციელდეს.
დისპნოეს მიზეზის გამორკვევაში ძალიან გვეხმარება პაციენტის ასაკი.