ბავშვის დისპნოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავშვის დისპნოე — პატარა ბავშვებში დისპნოეს სიხშირეს განაპირობებს სასუნთქი გზების, კერძოდ კი ხორხის სანათურის სივიწროვე. ამ ფაქტის გამო, 1მმ. შეშუპების დროსაც კი საერთო ფართობი მცირდება 50%-ით. ასეთივე შეშუპება დიდებში 25%-იან შევიწროებას იწვევს.

დისპნოეს ეტიოლოგიის და ხარისხის განსაზღვრისათვის საჭიროა სამი ეტაპი:

1-ლი ეტაპი: ლარინგეალური დისპნოეს დიფერენციალური დიაგნოზი.

ვსაუბრობთ ხორხიდან წამოსულ დისპნოეზე, როდესაც სახეზეა შესუნთქვის სტრიდორული დისპნოე. ამ დროს, ხორხის დონეზე შეფერხების გამო, შესუნთქვა იწვევს სტერნალური, ლავიწზედა და ეპიგასტრალური მიდამოების ჩაზნექვას.

ასევე, სახეზეა ხმის შეცვლაც.

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების დროს, უნდა გამოვრიცხოთ:

— ფილტვის და კარდიოლოგიური გენეზის დისპნოე (ტაქიპნოე);
— ბრონქიალური ასთმური ექსპირატორული დისპნოე (ბრადიპნოე);
— ტრაქეალური დისპნოე-როდესაც ვხვდებით როგორც ექსპირატორულ, ასევე ინსპირატორულ დისპნოეს ხმის შეცვლის გარეშე;

ლარინგეალურ დისპნოეს უფრო წააგავს ზედა სასუნთქი გზების რინო ან ბუკო-ფარინგეალური დისპნოები. მაგრამ, ამ დროს, შესუნთქვისას სუსტერნალურ და ეპიგასტრალურ სტრიდორს თან ახლავს ყბისქვეშა სივრცის დეფორმაცია – ჩაზნექვაც.

ლოკალიზაციის გამო (ხორხის ყიისქვეშა მიდამო), შესაძლოა ლარინგეალური დისპნოე ძალიან წააგავდეს ტრაქეალურს.

ახალშობილებში, ლარინგეალური დისპნოეს დროს, ბრადიპნოეს მაგივრად, სახეზეა ტაქიპნოე და ბავშვის აგონიური მოძრაობები.

როდესაც კლინიკური ნიშნები მწირია, სუნთქვის მოშლა მნიშვნელოვანია და მიღებულია გადაწყვეტილება პაციენტის ინტუბაციის შესახებ, მაშინ დისპნოეს მიზეზის გამორკვევა შესაძლოა ლარინგოსკოპის მეშვეობით.

მე-2 ეტაპი: დისპნოეს ხარისხის შეფასება

ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახლავთ. ამ დროს უნდა განისაზღვროს დისპნოეს გადაუდებელი მკურნალობის აუცილებლობა.

დისპნოეს ურგენტულობის ძირითადი ნიშნები გახლავთ:

— ხანგრძლივობა, ერთ საათზე მეტი ხანგრძლივობის დისპნოე მოითხოვს სასწრაფო თერაპიულ ჩარევას, რადგანაც ბავშვის ფიზიკური რესურსის ამოწურვამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.
— ციანოზი ძალიან მძიმე ნიშანია და, როგორც წესი, უკვე ღრმად წასული პროცესის დროს გვხვდება, როდესაც ჰიპოქსიაა განვითარებული.

უფრო ადრეული ნიშნები, როგორიცაა: ოფლიანობა, ტაქიკარდია და არტერიული ჰიპერტენზია, მიგვითითებს ამ მძიმე პროცესის საწყის სტადიაზე. აუცილებლად სასწრაფო ზომებია მისაღები იმისათვის, რომ არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები, რომლებიც ჰიპოქსიას მოჰყვება – სუნთქვის გაჩერება, შემდეგ გულის გაჩერება.

რომელიმე ამ ნიშნის არსებობა მოითხოვს რეანიმაციულ ზომებს: ტრაქეოტომიას ან ინტუბაციას.

ყურადღებით უნდა ვიყოთ ცრუ გაუმჯობესების დროსაც. როდესაც ინსპირაციული ბრადიპნოე, ბავშვის ფიზიკური გადატვირთვის შედეგად, რომელსაც აღარ შეუძლია სუნთქვის ობსტრუქციასთან წინააღმდეგობის გაწევა, ადგილს უთმობს ტაქიპნოეს და სტრიდორის შემცირებას. ეს, პირიქით, ცუდი ნიშანია და ბავშვის უკიდურეს მდგომარეობაზე მეტყველებს. აქაც აუცილებელია ან ინტუბაცია ან ტრაქეოტომია სასწრაფო რეჟიმში.

მე-3 ეტაპი: მიზეზის მოძიება

როდესაც ზემოჩამოთვლილი საშიში სიმპტომები არ ვლინდება, მიზანშეწონილია დისპნოეს მიზეზის გარკვევა. თუმცა, ამ კვლევის დროს, პაციენტის მდგომარეობის უეცარი დამძიმების შემთხვევაში, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სასწრაფო ღონისძიებების ჩასატარებლად.

— არასოდეს არ განახორციელოთ პირდაპირი ლარინგოსკოპია ტრაქეოტომიის და ინტუბაციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტის და ხელსაწყოს მომზადების გარეშე.
— ენის დამწევი „შპადელით“ გასინჯვა უნდა განხორციელდეს ძალიან ნაზად და სიფრთხილით, რადგან ამასაც შესაძლოა მოჰყვეს მდგომარეობის დამძიმება.
— არასოდეს დააძალოთ პაციენტს დაწვეს, როდესაც მას ინსტიქტურად ჯდომითი პოზა ურჩევნია. ამით შესაძლოა მისი მდგომარეობის უეცარი გართულება და ასფიქსია გამოიწვიოთ.

აუცილებელია პაციენტის ოჯახის წევრების ანამნეზის შეკრება. როგორც წესი, ის საკმარისია დიაგნოზის დასასმელად.

საბოლოო დიაგნოზი ისმება რადიოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევების შემდეგ, რომელიც აუცილებლად ზემოთ ჩამოთვლილი პრევენციული ღონისძიებების ფონზე უნდა განხორციელდეს.

დისპნოეს მიზეზის გამორკვევაში ძალიან გვეხმარება პაციენტის ასაკი.

სარჩევი

6 წელზე მეტი ასაკის პაციენტები

a. ყველაზე ხშირი მიზეზი მწვავე ლარინგიტებია, რომელიც იყოფა ორ ჯგუფად: სტრიდორული და შეშუპებით-ედემატოზური.

სტრიდორული ან სპაზმური ლარინგიტები ვითარდება ძლიერიხველის და „მწეველის ხმის“ მქონე პაციენტებში, როდესაც ხველის შეტევას მოსდევს დისპნოე და შესაძლოა, აპნოეც, ციანოზის ნიშნებით.

შეტევებს შორის შუალედში პაციენტის მდგომარეობა ნორმალურია და სუნთქვა პათოლოგიის გარეშეა.

ასეთი სტრიდორული ლარინგიტის პროგნოზი ძალიან კარგია და ინჰალაციით, ჰაერის დატენიანებით ან, უკიდურეს შემთხვევაში, ანტისპაზმური პრეპარატების (მაგ. ვალიუმი) მიღების შემდეგ ქრება.

შეშუპებითი ანუ ედემატოზური ლარინგიტები უფრო მძიმედ მიმდინარე პათოლოგიაა. შეშუპებას ორი ლოკალიზაცია შეიძლება ჰქონდეს.

1. სუბგლოტური

ყიისქვეშა ლარინგიტი ძირითადად, ვირუსული ეტიოლოგიისაა. ღამით, სიცხიანობის ფონზე, ნელ-ნელა პროგრესირებს დისპნოეს ტრიდორით, ბრადიპნოეთი, მყეფავი ხველით და ციანოზის ნიშნებით.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ ამ დაავადების დიფერენცირება და გამიჯვნა სხვა ტიპის პათოლოგიისგან. მაგალითად, უცხო სხეული.

მიუხედავად იმისა, რომ დიფტერია უკვე თითქმის არ გვხვდება, ეჭვის შეტანა მაინც ღირს იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერებით პაციენტის ხახაზე დიფტერიულ ნადებს დავინახავთ ან როდესაც პაციენტს ხმა საერთოდ არ აქვს.

მკურნალობა

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის სტეროიდის ინტრამუსკულარული ან ინტრავენოზური ინექცია (0,5-1 მგ/კგ წონაზე). იმავდროულად, ინიშნება Per oss სტეროიდი, რომელიც 1-2 საათში გააგრძელებს ინტრავენური სტეროიდის მოქმედებას. ეფექტი 15-20 წუთში უნდა მივიღოთ. თუ ეს არ მოხდა, საჭიროა კიდევ ერთი ინექციის გაკეთება. თუ ამ შემთხვევაშიც არ გაუმჯობესდება მდგომარეობა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

ანტიბიოტიკოთერაპია არ არის უპრიანი, რადგანაც ამ დაავადების ეტიოლოგია ვირუსულია.

ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.

ადრენალინის აეროზოლის გამოყენებამაც შესაძლოა მოგვცეს შედეგი. თუმცა, აუცილებელია ინტუბაციისთვის მზადყოფნა.

როდესაც კრიზი მოიხსნება, სტეროიდული თერაპია 7-8 დღეს უნდა გაგრძელდეს. თუმცა, შესაძლოა მისი უფრო ხანგრძლივი მოხმარებაც აეროზოლის სახით (Flixotide 125).

რეციდივების შემთხვვევაში, უნდა ვივარაუდოთ პაციენტის გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსი.

როდესაც, ზემოჩამოთვლილი მოქმედებების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ეჭვი უნდა შევიტანოთ დიაგნოზში და გამოვრიცხოთ მიკრობული ბრონქო-ტრაქეიტი და უცხო სხეული.

2. სუპრაგლოტური (ყიის ზედა) ლარინგიტები

მათ ასევე, მოიხსენიებენ ეპიგლოტიტებად. მათი პროგნოზი, სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის გარეშე, ძალიან არასაიმედოა.

მათი გამომწვევის, (Haemophilus influenzae) ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, ეს პათოლოგია ძალიან იშვიათი გახდა. თუმცა, საქართველოში კიდევ შეიძლება შეგვხვდეს. დაავადების დასაწყისი სწრაფი და პროგრესირებადია. იწყება მაღალი სიცხით, ყლაპვის გაძნელებით, რასაც მალევე მოჰყვება ჰიპერსალივაცია. ამას მოსდევს სუნთქვის გაძნელება. ხმის შეცვლა არ აღინიშნება, ხველა ჩვეულებრივი ხმისაა. ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია პაციენტის პოზა – დამჯდარი და წინ გადახრილი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევუცვალოთ პოზა, რადგანაც შესაძლოა სუნთქვის უეცარი გაძნელების პროვოცირება.

კისრის ლიმფური კვანძების პალპაცია მტკივნეულია.

მედიკამენტოზური მკურნალობა შედეგს არ იძლევა, რადგანაც სასუნთქი გზების ობსტრუქციას იწვევს მრავლობითი სუბმუკოზუ- რი აბსცესები, განლაგებული ხორხ-სარქველსა და ხორხსარქველ-არითენოიდების იოგზე.

სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ინტუბაცია არის ერთადერთი გამოსავალი. თუ ინტუბაცია შეუძლებელია, სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს ტრაქეოტომია.

დიაგნოზის დასასმელად საკმარისია სიმპტომების ის ტრიადა, რაც ჩამოვთვალეთ:

  1. მაღალი სიცხე;
  2. სწრაფად განვითარებული დისფაგია;
  3. სუნთქვის გაძნელება;

აუცილებელია ვიმოქმედოთ ძალიან სწრაფად და, თუ ინტუბაცია ვერ მოხერხდა, ვიყოთ მზად დაუყოვნებელი ტრაქეოტომიისთვის.

ამ დაავადების მკურნალობა გულისხმობს სეპტისემიის მკურნალობას რაც, ანტიბიოგრამის მიხედვით, ადეკვატურ ანტიბიოტიკოთერაპიაში გამოიხატება.

მკურნალობა 2-3 დღეში იმდენად კარგად მოქმედებს, რომ შესაძლოს ხდის ექსტუბაციას ან დეკანულაციას.

დისპნოეს სხვა მიზეზები

b. ლარინგიტების გარდა, დისპნოეს სხვა მიზეზები უფრო იშვიათია. ის შეიძლება იყოს: უცხო სხეული ხორხში, ხორხის პაპილომატოზი და ხორხის შეშუპება.

ხორხის უცხო სხეული, ძალიან ხშირად, ინჰალაციის გამო, ბრონქის სანათურში ხვდება. თუმცა, ლარინგოსპაზმის შემთხვევაში, უცხო სხეული შესაძლოა ხორხის სანათურში გაჩერდეს.

ხორხის შეშუპება – ხშირად ქიმიური ნივთიერებების ინჰალაციის შედეგად ვითარდება და მისი მკურნალობა ინჰალაციურ-სტეროიდული თერაპიით მთავრდება.

– ალერგიული რეაქცია ნაკბენზე ან რაიმე სხვა სახის ალერგენზე უნდა მოიხსნას სტეროიდით და კანქვეშ ადრენალინის ინექციით. დოზირება: 1/1000 გაზავებული 3/10 მლ. ხსნარში.

ხორხის ტრავმებიც არის დისპნოეს მიზეზი და ამ ასაკში ხშირად პოსტინტუბაციურ შეშუპებას იწვევს. დიდი ზომის საინტუბაციო მილით დაინტუბირების ან ხანგრძლივი ინტუბაციის გამო.

ხორხის პაპილომატოზი, ლატენტურად პროგრესირებადი დისფონიის ფონზე, ასევე იწვევს ლატენტურად პროგრესირებად დისპნოეს.

დისპნოე 1 დან 6 თვემდე ასაკის ბავშვებში

ასეთი პატარა პაციენტების ლარინგიტები და უცხო სხეულები ძალიან იშვიათია. ამიტომ, როდესაც ასეთ პაციენტებს აქვთ ამგვარი სიმპტომები, აუცილებელია ხორხის რადიოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევები.

ძირითადი მიზეზი და პათოლოგია სუბგლოტური (ყიისქვეშა) ანგიომაა. კლინიკურად, 3-4 კვირის ბავშვს ეწყება და სახეზეა სუბგლოტური ლარინგიტის სურათი. ხშირია რეციდივები 6 თვის ასაკამდე.

რეციდივების მკურნალობა სტეროიდული თერაპიით უფრო და უფრო უშედეგო ხდება და საქმე შესაძლოა ინტუბაციამდე მივიდეს, თავისი შემდგომი გართულებებით (ხანგრძლივი ინტუბაცია, ტრაქეოტომია).

ასევე, შესაძლებელია არსებობდეს თანდაყოლილი (კონგენიტალური) სუბგლოტური სტენოზი და კისტა.

ამ ასაკში, ნებისმიერი პათოლოგია მოითხოვს ენდოსკოპიურ და რადიოლოგიურ დიაგნოსტიკას სტაციონარში.

ახალშობილის დისპნოე

ახალშობილებში დისპნოეს ყველაზე ხშირი მიზეზი თანდაყოლილი ლარინგომალაციაა სტრიდორით. ის განპირობებულია ხორხის ჩონჩხის ელასტიურობით და უუნარობით, უზრუნველყოს საკმარისი სანათური.

ამ პათოლოგიას, უმეტესწილად, არ ერთვის თან სერიოზული დისპნოე და მხოლოდ სტრიდოროზული სუნთქვით შემოიფარგლება დაძაბვის დროს. თუმცა, შესაძლოა მძიმე ფორმებიც, რომლებმაც ინტუბაცია და შესაძლოა, ტრაქეოტომიაც მოითხოვოს.


NOTA BENE
  • დისპნოეს დიაგნოსტიკა პირველადი კლინიკური ნიშნების საფუძველზე ხდება;
  • ასაკი და დაავადების დაწყების ანამნეზი ძალიან გვეხმარება დიაგნოსტიკაში;
  • დისპნოეს სიმძიმის ხარისხი ხშირად შეუმჩნეველია ცრუ გაუმჯობესების ფონზე, რომლის მიზეზიც პაციენტის ფიზიკური ძალების ამოწურვაა;
  • ნებისმიერი დისპნოე შეიძლება უეცრად ასფიქსიის მიზეზი გახდეს. ამიტომ, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ პაციენტის ინტუბაციისათვის ან ტრაქეოტომიისათვის;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები