მაღალაანთ ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაღალაანთ ეკლესია

მაღალაანთ ეკლესია − (ინგლ. Maghalaant Church) – XII საუკუნის დასასრულის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი. მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხიდან სამხრეთით 2,5 კმ-ზე, მდინარე კავთურას ნაპირზე, გზის პირას. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის კოშკი-სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი, კოშკის და სხვა ნაგებობათა ნანგრევები გალავნის გარეთ.

XII-XIII საუკუნეებში სოფ. წინარეხის ტერიტორია ივანიძეების მფლობელობაში იყო. XIV საუკუნიდან კი სამეფო კართან და ქართლის კათოლიკოსებთან დაახლოებული ძლიერი აზნაურების – მაღალაძეების (მაღალაშვილების) საკუთრებაში გადავიდა. გვარმა განსაკუთრებულ სიძლიერეს XVII საუკუნის II ნახევარში მიაღწია. მაღალაძეებს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ ქართლის კათოლიკოსების კარზე. გვარის ცალკეულ წარმომადგენლებს საგვარეულოდ ჰქონდათ მცხეთის ქადაგის თანამდებობა, სახლთუხუცესობა და მდივან-მწიგნობრობა. ამ პერიოდში გვარის მეთაური ნიკოლოზ ქადაგის (მოხსენიებულია სვეტიცხოვლის საკურთხევლის სარკმლის ქვეშ არსებულ წარწერაში) ვაჟი პაპუა მაღალაძეა. მის დროს მაღალაძეებმა ახალი ნაგებობებით გააფართოეს მონასტერი, შეაკეთეს მაღალაანთ ეკლესია, დადგეს კანკელი და სხვ.

აღმოსავლეთი ფასადი

სარჩევი

მაღალაანთ ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (12,2x10,6 მ). ნაგებია მოყვითალო ფერის ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. პილასტრები, კაპიტელები, საბჯენი თაღები, კარის თაღი და წირთხლები თლილი ქვისაა. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. შესასვლელი სამხრეთი მხრიდანაა. გადახურვის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა დარბაზის გრძივი კედლების წყვილ პილასტრებს. ინტერიერი მოხატული ყოფილა. განირჩევა ორი ფენა. პირველი – ნათელი, ხოლო მეორე – მუქი კოლორიტით. მოხატულობამ დიდი დაზიანებებით მოაღწია ჩვენამდე.

დასავლეთი ფასადი
კარნიზი ჩუქურთმიანი ფრიზით

ფასადები მდიდრულადაა გაფორმებული. დეკორატიული მიზნით ფირუზისფერი ქვაცაა გამოყენებული. XI საუკუნის ერთნავიან ნაგებობებთან შედარებით მაღალაანთ ეკლესიას განსხვავებული გარეთა პროპორციები აქვს. ის მეტად აზიდული და მსუბუქია. ხუროთმოძღვრის არაჩვეულებრივ მხატვრულ ალღოს მოწმობს შეფარდებათა ჰარმონიულობა, ხოლო მორთულობის სისტემა მის შემოქმედებით დამოუკიდებლობას ადასტურებს. ოსტატი მექანიკურად კი არ იმეორებს დეკორაციული თაღედის გავრცელებულ სტერეოტიპს, არამედ საკუთარი ამოცანის შესაბამისად უცვლის სახეს. სამხრეთ ფასადზე მიდგმულია ასიმეტრიული ფორმის ეგვტერი-კარიბჭე, რომელიც ფასადს მტელ სიგრძეზე ეკვრის და ამდიდრებს ტაძრის არქიტექტურის სივრცით კომპოზიციას. ერთადერთი შესასვლელიც აქედანაა. ეგვტერის შესასვლელი ნაწილი ტრადიციისამებრ შემაღლებული და ფრონტონიანია. მას მარცხნივ მოკლე უბე აქვს, ხოლო მარჯვენა ნაწილი გრძელია და აფსიდიანი. მთელ ნაგებობას ჩუქურთმიანი ფრიზით შემკული ორნამენტირებული კარნიზი აქვს შემოვლებული. ფასადები და სარკმლის საპირეები დამშვენებულია ქვაზე ნაკვეთი ქართული ჩუქურთმებით.

ტაძარი ერთიანად მხატვრულად გააზრებული ხუროთმოძღვრული ნაგებობაა მთლიანადაც და წვრილმანებშიც. მის დახვეწილ სილამაზეს და მიმზიდველობას აძლიერებს კედლის ფერადოვნებაც. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მაღალაანთ ეკლესია იმავე ოსტატების ნახელავი უნდა იყოს, რომელთაც იქვე ახლოს მდებარე ქვათახევის უმშვენიერესი ტაძარი ააგეს. ამის საფუძველს იძლევა ჩუქურთმების ზუსტი მოტივის დამთხვევა, მათი ერთანაირი გამოყენება, შესრულების მაღალი ხარისხი და მანერა.

პაპუა მაღალაძის კოშკ

პაპუა მაღალაძის კოშკი

ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი) მთელ კომპლექსს ზემოდან დაჰყურებს. კოშკზე არსებული წარწერის თანახმად, იგი 1679 წელს აუგია პაპუა მაღალაძეს. კოშკი ხუთსართულიანია. მეხუთე თავღია იყო და მაღალი კედლით გარშემორტყმული. მეოთხე სართული გამოირჩეოდა სხვებისგან, მას აგურის კამაროვანი გადახურვა ჰქონდა. დანარჩენი სართულშუა ხის გადახურვა არ შემორჩენილა. კოშკს სარკმლების ნაცვლად სათოფურები ჰქონდა გაკეთებული. მიუხედავად I და III სართულზე კარებების არსებობისა, მას მუდმივი კიბე არ ჰქონდა. ნაგებობა არ იყო საცხოვრებლად აგებული, მაგრამ III და IV სართულებში ბუხრები მაინც იყო გაკეთებული. სათოფურებს და ბუხრის თაღებს შეისრული მოხაზულობა აქვთ, რაც გვიანი შუა საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი. სვანური ტიპის დამაგვირგვინებელი, მაშიკულების მსგავსი გადმომჯდარი თაღების მწკრივი ყველაზე არსებითია ამ ნაგებობაში. XVII საუკუნისთვის დამახასიათებელია ხერხია, თუმცა არც თუ ისე ხშირი, კოშკის კედლების რელიეფებით შემკობა. მთავარი ფასადის მეორე სართულზე კედელში ჩართულია წმ. გიორგის რელიეფური გამოსახულებიანი ფირუზისფერი ქვა; მეორეზე ვეშაპის დამთრგუნავი ცხენოსანი წმ. გიორგია აგურისფერ ქვაში გამოკვეთილი; მესამეზე ირემზე მონადირე ვეფხვი და კიდევ ერთი კბილებდაკრეჭილი ცხოველი გამოსახულია. ნაგებობის ზომებია 6,0x6,0 მ; სიმაღლე – 13,0 მ. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვითს, დუღაბის სქელი ფენით.

პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე

პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე

გალავნის შიგნით დგას პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე (3,72x3,7 მ), რომელიც თავდაპირველად (XVI-XVII სს.) კოშკი იყო, შემდეგ კი პაპუა მაღალაძემ, სიკვდილის წინ (1681 წ.), საძვალედ გადააკეთა. ორსართულიანი სამრეკლო თავდაპირველად ოთხივე მხარეს გახსნილი ყოფილა. ამოშენების შემდეგ ინტერიერი მთლიანად მოუხატავთ (შემორჩენილია ფრაგმენტები). მაღალაანთ ეკლესიის სამრეკლო ერთადერთია საქართველოში, რომელსაც არ აქვს ზარების ჩამოსაკიდი ფანჩატური (ან ჩვენამდე არ მოუღწევია).

სოლომონ მაღალაძის კოშკი-სამრეკლო

სოლომონ მაღალაძის კოშკი-სამრეკლო გალავნის სამხრეთ კედელშია ჩაშენებული და მისი პირველი სართული კომპლექსის ტერიტორიაზე შესასვლელს წარმოადგენს. სამხრეთის ფასადზე არსებული წარწერის თანახმად აგებულია 1716 წელს რევაზ სახლთუხუცესის შვილის, სოლომონის მიერ. სამსართულიანი კოშკი-სამრეკლო გეგმით კვადრატულია (5,0x5.0 მ). ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. მეორე სართულზე სათოფურების კვალი ჩანს; მესამე სართულიდან შემორჩენილია მხოლოდ წრიული იატაკის საფუძველი.

1937-1941 წლებში ეკლესიას საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა – გამოიცვალა სახურავი, კარიბჭის კამარა, სამხრეთი ფასადის დიდი ნაწილი; აღდგა ფრონტონის მარჯვენა კუთხე, ჩრდილოეთის კედელი და სხვ. მაღალაანთ ეკლესია, წინარეხის სხვა ეკლესიებთან ერთად, კვლავ ამაყად გადმოგვყურებს XII საუკუნის გადმოსახედიდან და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების დახვეწილობასა და სიდიადეს.

თქმულება

ქართლში, კავთურას ხეობაში დგას ეკლესია, რომლის ქვეშ, თქმულების მიხედვით, განძი ყოფილა დამარხული. გლეხებმა ბევრჯერ სცადეს სამალავში ჩასვლა, მაგრამ ამაოდ. ჩასასვლელი იმდენად ღრმა ყოფილა, რომ უჰაერობის გამო სანთლები ქრებოდა და შეშინებულნი მაშინვე უკან ბრუნდებოდნენ. ბოლოს, ერთმა კაცმა წინ იოანე ნათლისმცემლის ხატი წაიმძღვარა, ჩააღწია სამალავამდე და ოქრო-ვერცხლით სავსე ქოთანი ამოიტანა. ამ ოქრო-ვერცხლით კაცმა ათი უღელი ხარ-კამეჩი და გუთნები იყიდა, და კიდევ ბევრი ოქრო მორჩა. გახდა კაცი გუთნისდედა და უხნავდა სოფლებს ყანებს, და ძალზე გამდიდრდა კაცი. მაგრამ, როცა სიმდიდრით და დოვლათით აივსო, სწორედ მაშინ შეიპყრო შიშმა. არც ღამით ეძინა და არც დღისით ჰქონდა მოსვენება. ღამ-ღამობით მოჩვენებები აწუხებდა, დღისით კი ხელი ეცარებოდა. ბოლოს, ესიზმრა ერთი გათეთრებული მოხუცი და ურჩია უკან დაებრუნებინა განძი. ადგა ეს კაცი, გაყიდა ხარ-კამეჩი, გადანახული ოქრო-ვერცხლიც დაუმატა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე ეკლესია ააშენა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები