ცემენტიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:59, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცემენტიტი − (ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის ფისი < ლათ. caementum სამტეხლოს ქვა, უხეში ქვა, დუღაბის მოსამზადებელი დამსხვრეული ქვა < caedere ჩეხა, პობა, ჭრა, დანამცეცება) – რკინის კარბიდი (Fe3C), რკინანახშირბადიანი შენადნობის მეტასტაბილური ფაზა, რკინისა და ნახშირბადის ქიმიური ნაერთი. შეიცავს 6,67% ნახშირბადს. აქვს ორთორომბული კრისტალური მესერი, მაღალი სიმაგრე და სიმყიფე, მცირედ მაგნიტურია 210°C ტემპერატურამდე. ც. ფორმირება ხდება თუჯის ნადნობის კრისტალიზაციის პროცესში. ფოლადებში გამოიყოფა აუსტენიტის გაცივების ან მარტენსიტის გახურების დროს. ის წარმოადგენს რკინანახშირბადიანი შენადნობის ფაზურ და სტრუქტურულ მდგენელს და ლედებურიტის, პერლიტის, სორბიტისა და ტროოსტიტის შემადგენელ ნაწილს.