სამოკავშირეო საბჭო იაპონიისათვი
სამოკავშირეო საბჭო იაპონიისათვის - საერთაშორისო ორგანო, შექმნილი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვის თათბირის (1945) გადაწყვეტილების საფუძველზე. სამოკავშირეო საბჭოში შედიოდნენ: აშშ-ის საოკუპაციო ჯარების მთავარსარდალი (ან მისი მოადგილე) – თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთის (ის ამავდროულად გამოდიოდა ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ინდოეთის სახელითაც), სსრკ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლები. სამოკავშირეო საბჭოს ადგილსამყოფელი იყო ტოკიო. პირველი სხდომა გაიმართა 1946 წლის 5 აპრილს.
საბჭოს მოვალეობას წარმოადგენდა იაპონიაში აშშ-ის საოკუპაციო ჯარების მთავარსარდალთან კონსულტაციების და რეკომენდაციების შემუშავება იმ საკითხებზე, რომლებიც ეხებოდა კაპიტულაციის, ოკუპაციისა და იაპონიაზე კონტროლის პირობების შესრულებას. მას უნდა გაეტარებინა პოლიტიკური კურსი, რომელსაც დაამტკიცებდა შორეული აღმოსავლეთის კომისია იაპონიისთვის (შაკი), იგულისხმებოდა, რომ საოკუპაციო ჯარების მთავარსარდალი მნიშვნელოვან საკითხებზე ბრძანების გაცემამდე უნდა მოსთათბირებოდა საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ მისი რომელიმე წევრი არ დაეთანხმებოდა მთავარსარდალს საკითხებში, რომლებიც ეხებოდა იაპონიაზე კონტროლის რეჟიმს, კონსტიტუციურ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანასა და იაპონიის მთავრობის შეცვლას, მთავარსარდალს უნდა შეეჩერებინა ბრძანების გაცემა. სანამ აღნიშნულ საკითხებზე არ იქნებოდა მიღწეული შეთანხმება შაკი-ში ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე, რადგან საბჭოს დებულებაში ჩაწერილი იყო. რომ „მთავარსარდალი იყო მოკავშირე ქვეყნების ერთადერთი აღმასრულებელი ხელისუფლება იაპონიაში. საბჭომ არსებობა შეწყვიტა 1952 წლის 28 აპრილს, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა სან-ფრანცისკოს სამშვიდობო ხელშეკრულება იაპონიისათვის. ყოველივე ამან გამოიწვია საბჭოთა მხარის პროტესტები, რადგან გადაწყვეტილება საბჭოს მოღვაწეობის შეწყვეტის შესახებ აშშ-მა მიიღო ცალმხრივად, თუმც აღნიშნულ პროტესტებს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.