ფოთოლეთის ეკლესია
ფოთოლეთის ეკლესია – სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია (IX-X სს.) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბიდან სამხრეთით 5 კმ მანძილზე, ტყეში. ნაგებია მოვარდისფრო-მოყავისფრო უხეშად თლილი ქვებით. შედარებით წესიერადაა გათლილი დიდი ქვები. ზოგიერთი მოსაზრებით, იგი გრიგოლ ხანძთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ დაარსებული კვირიკეწმინდის ტაძარი უნდა იყოს. მიკვლეულია აკლდამა, სადაც ქვის ფილაზე ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერებია. ამჟამად აღნიშნული წარწერიანი ქვის ფილა ინახება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 2007-2008 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია.
XVI საუკუნის დასასრულს ეკლესია წყვეტს ფუნქიონირებას. 2011 წლიდან ეკლესია მოქმედია და აქ მამათა მონასტერია. მთავარი ტაძარი წმიდა გრიგოლ ხანძთელის, სამხრეთი ნავი კი – წმიდა სერაფიმე საროველის სახელობისაა, ხოლო ჩრდილოეთ ნავში სამკვეთლოა განთავსებული. სახელი ეწოდა ფოთოლეთად წოდებული ტყიდან, სადაც მდებარეობს.