თოლიისნისკარტა თევზიყლაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:51, 2 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოლიისნისკარტა თევზიყლაპია (ლათ. Gelochelidon nilotica Gmelin, 1788) − ფრინველთა გვარი, ფრინველი თოლიასნაირთა ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − თოლიისნისკარტა თევზიყლაპია.

თოლიისნისკარტა თევზიყლაპია მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 300-340 მმ-ია, ნისკარტი – 33-35 მმ, წონა – ზოგჯერ 200 გ-ს აჭარბებს. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. სხვა თევზიყლაპიებისაგან გამოირჩევა შედარებით მოკლე, მაგრამ მსხვილი ნისკარტით. ზრდასრული ფრინველის თავი ზაფხულში ზემოდან ელვარე შავია; კისრის უკანა მხარე, კუდზედა და საჭის ბუმბულები მოთეთროა, მონაცრისფრო ელფერით. ზურგის მხარე რამდენადმე უფრო მუქი, მოცისფრო-რუხია. მოვერცხლისფრო-რუხი ფერის მომქნევებს, წვეროები და შიგნითა კიდეები მუქი აქვთ. თავის გვერდები და სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრია; ნისკარტი და ფეხები – შავი. ზამთარში თავი უთეთრდება, მაგრამ თხემსა და კეფაზე გასწვრივი მურა შტრიხები რჩება. ზურგიც რამდენადმე უფრო ღია ფერის ხდება, ვიდრე ზაფხულში. ახალგაზრდებს ზურგის ბუმბულები მონაცრისფრო აქვთ, ჟანგმიწისფერი წვეროებით და მურა გასწვრივი შტრიხებით. თავის გვერდებზე მუქი ლაქებია; ნისკარტი და ფეხები მოწითალო-მურაა.

ცნობილია 7 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი თოლიისნისკარტა თევზიყლაპია – G. n. nilotica Gmel., 1788.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია, თუმცა ხშირად სპორადულია. სსრ კავშირის ტერიტორიაზე მოიპოვება დუნაის შესართავთან, შავი ზღვის სანაპიროებსა და სივაშზე, ყირიმსა და კავკასიაში, ქვემო ვოლგისპირეთსა და ყაზახეთში, ჩრდილოეთით თითქმის 52-ე პარალელამდე, აღმოსავლეთით ზაისანის ტბამდე, შუა აზიის რესპუბლიკებსა და იმიერბაიკალეთამდე. სსრკ ფარგლებს გარეთ – ევროპისა და აზიის სამხრეთ ნახევარში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და ამერიკაში. ზამთრობს აფრიკის, აზიისა და სამხრეთი ამერიკის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ნაწილებში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის დროს.

ბიოტოპი

ბუდობის პერიოდში დაკავშირებულია უპირატესად ნახევარუდაბნოების ზონის როგორც მტკნარ, ისე მლაშე წყალსატევებთან, რომელთა სანაპიროები ქვიშნარ-კენჭნარია და ღარიბია მცენარეული საფარით.

გამრავლება

ბუდობს კოლონიებად. ბუდე მარტივია, ზოგჯერ იგი უბრალო ჩაღრმავებაა ქვიშაში ან მშრალ მდელოზე. მაისის ბოლოს დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 22-23 დღეს გრძელდება.

კვება

თოლიისნისკარტა თევზიყლაპიას საკვებში უმთავრესია მწერები და ხვლიკები, ხოლო თევზებს უმნიშვნელო ადგილი უჭირავს.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით, პრაქტიკულად სასარგებლო ფრინველია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები