ასუანი
ასუანი – (ინგლ. Aswan, რუს. Асуан), კლიმატური კურორტი ეგვიპტეში, ასუანის მუხაფაზაში (საგუბერნატოროში), ქ. ლუქსორიდან 214, ხოლო ქ. ქაიროდან 864 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს მდინარე ნილოსის მარჯვენა ნაპირზე, პირველი ჭორომის ქვემოთ, ზღვის დონიდან 192 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.
ჰავა – ტროპიკული უდაბნოსი. ზამთარი გრილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 16°C. ზაფხული თბილია და მშრალი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 26°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1,5 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე (0,9 მმ). ხშირია ცხელი და მშრალი ქარი.
ასუანის ტერიტორიაზე გავრცელებულია: პალმები, უპირველეს ყოვლისა – ფინიკის პალმები, მუხა, იალღუნი, სიკომორო, ოლეანდრები, ნილოსის აკაცია და სხვ. კურორტის მიდამოები დაფარულია: ბამბის, მარცვლეულის, შაქრის ჭარხლისა და პარკოსანი კულტურებით.
ასუანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ტროპიკული უდაბნოს ჰავა და ასუანის წყალსაცავის წყალი.
ასუანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა წყალსაცავში, პასიური კლიმატოთერაპია და სხვ.
ჩვენებები ასუანში წასასვლელად: დასვენება; თირკმლების ქრონიკული დაავადებები; ზემო სასუნთქი გზების კატარი; ნიკრისის ქარი; რევმატიზმის არააქტიური ფაზა; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.