სამხრეთ საქართველოს მთიანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხრეთ საქართველოს მთიანეთი − მთიანი ოლქი საქართველოს სამხრეთ ნაწილში. ამიერკავკასიის ვრცელი ზეგნის ნაწილია და ჩვენი ქვეყნის ფარგლებში მოიცავს: ერუშეთის მაღლობს, ჯავახეთის ზეგანს, სამსარის ქედს, წალკისა და ხრამის ლავურ პლატოებს;

ამ რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი ბაზალტური და ანდეზიტ-ბაზალტური ქანებით აგებულ ჯავახეთის ზეგანს უკავია (უმაღ. მწვ. ემლიქლი, 3054 მ), აბულ-სამსარის ქედს (უმაღ. მწვ. დიდი აბული, 3304 მ), ახალქალაქის, გომარეთის, დმანისის და სხვ. პლატოებსა და ქვაბულებს, რომელთა ზედაპირების გავრცელების აბსოლუტური ნიშნულები 1200-2000 მ ფარგლებში ცვალებადობს. მწვ. დიდი აბული საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ყველაზე მაღალი ადგილია. მასზე და სამსარის ნეოგენური გიგანტური ვულკანური კონუსების ზედაპირებზე კარგად არის შემორჩენილი ძველი გამყინვარების კვალი. ეს ოლქი მთლიანად ახალგაზრდა ვულკანური ქანებითაა აგებული და ძლიერ არის დანაწევრებული მდ. მტკვრისა და ქციას შენაკადთა კანიონისებური ხეობებით. მათი სიღრმე 200-300 მ-მდეა. რელიეფი უმთავრესად ზეგნისებურია – ფარისებური და გუმბათისებური მასივებით. ფრიად დამახასიათებელია კრიოგენური ლოდნარების და „ქვათა ზღვების“ გავრცელება. აღსანიშნავია ტბების სიმრავლე (ფარავანი, ტაბასყური, ხანჩალი, კარწახი, საღამო და სხვ.), მაღალდებიტიანი და დაბალტემპერატურიანი (3-5ºC) მძლავრი ვოკლუზური ნაკადების გამოსავლები. ტბები ძირითადად ეროზიულ ხეობებში ლავური ნაკადების შეგუბებითაა წარმოქმნილი. მხოლოდ კარწახის ტბის ქვაბულია ტექტონიკური ბუნების.

სამხრეთ საქართველოს ვულკანურ ზეგანზე, წალკასა და ჯავახეთში, როგორც ცნობილი გეოგრაფი ლ. მარუაშვილი (1975) აღნიშნავს, დანაოჭებული ნეოგენური ლავები ქმნიან იშვიათ პირველად სტრუქტურულ რელიეფს, რომელსაც ახალგაზრდა ეროზიული ჩაჭრები ნატურალური სიდიდის ბლოკ-დიაგრამებს თვალსაჩინოებას ანიჭებენ.

წყარო

საქართველოს გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები