დასავლეთ ციმბირის ვაკე
დასავლეთ ციმბირის ვაკე – ამაზონის შემდეგ მსოფლიოს უდიდესი (3 მლნ კვ კმ) აკუმულაციური ვაკე-დაბლობია, რუსეთსა და ყაზახეთში, ბრტყელი, სუსტად დახრილი ზედაპირით, შეფარდებით სიმაღლეთა უმნიშვნელო რყევადობით (50-დან –300მ-მდე), რამაც განსაზღვრა განედური ზონალურობის იდეალერი სურათი.
საზღვარი ოთხივე მხარეზე ნათლად არის გამოხატული: ჩრდილოეთით ყინულოვანი ოკეანე (კარის ზღვა), სამხრეთი საზღვარი გასდევს რელიეფში ნათლად გამოხატულ ეროზიულ საფეხურს თურღაის პლატოს, ყაზახეთის წვრილგორაკების და სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყლის მთისძირების გასწვრივ. დასავლეთ საზღვარს ქმნის ურალის მთისწინა ციცაბო საფეხური. ხოლო აღმოსავლეთ საზღვარს – ენისეის ხეობის მარჯვენა ციცაბო კალთა, რომლის მიღმა შუა ციმბირის ზეგანია. ვაკე მერიდიანულად გადაჭიმულია 2500 კმ-ზე, ხოლო მაქსიმალური სიგანე სამხრეთ ნაწილში 1500 კმ-ს აღწევს. ძირითაღი ნაწილი რუსეთს ეკუთენის, სამხრეთი პერიფერია – ყაზახსტანის ფარგლებშია.
რელიეფი
დასავლეთ ციმბირის ვაკე გამოირჩევა სუსტად დანაწევრებული ბრტყელი ზედაპირით, რაც განსაზღვრულია მისი ბაქნური ბუნებით. ტექტონიკურად იგი შეესატყვისება ახალგაზრდა (პალეოზოური ასაკის) ბაქანს, რომელიც დასავლეთიდან და სამხრეთიდან შემოფარგლულია პალეოზოური ლოდა-ნაოჭა სტრუქტურებით (ურალის, ალთაის, იანის და სხვა), ხოლო აღმოსავლეთიდან–ციმბირის ძველი ბაქნით. დასავლეთი ციმბირის ბაქნის ფუნდამენტს ქმნის პენეპლენიზირებული ჰერცინული ხმელეთი, რომელმაც განიცადა დიდი ამპლიტუდის დაძირვა და ხანგრძლივი დროით დაიფარა ზღვით, რის შედეგადაც წარმოიქმნა ბაქნის მეორე სართული – მეზოკაინოზოური ასაკის დანალექი ქანების ზეწარი, რომლის სისქე 500-4000მ-ის ფარგლებში მერყეობს. ბაქნის ფუნდამენტის ზედაპირი ტექტონიკური რღვევებით დანაწევრებულია სინეკლიზებად და ანტეკლიზებად. ფუნდამენტი თანამედროვე ზედაპირთან ყველაზე ახლოს (100- 200მ-ზე) მდებარეობს, ქ. კუსტანაის მიდამოებში. ზედაპირზე ფართოდ არის გავრცელებული მეოთხეულის წყებები, რომლებიც წარმოქმნილია ზღვის ბორეალური ტრანსგესიის და ეგზოგენური პროცესების (მყინვარების, ნადნობი წყლის, მდინარეების, ტბების, ქარის და სხვათა მოქმედება) მიერ. მათი ჯამური სისქე ტერიტორიულად 5-250მ ფარგლებში მერყეობს.
დიდ ნაწილზე ვაკის სიმაღლე 100მ ნაკლებია. მაქსიმალურ სიმაღლეს (200-300მ) აღწევს პერიფერიაზე და ციმბირის უვალებზე.
ვაკის ფარგლებში გამოიყოვა გიგანტური ჯამის ფორმის ორი დაჭაოჭებული ქვაბული · ჩრდილოეთით ქვემო ობის და სამხრეთით – შუა ობის, რომელთაც ჰყოფს ციმბირის უვალები. ეს უკანასკნელი გადაჭიმულია მდ. ობიდან მდ. ენისეიმდე და წარმოქმნის წყალგამყოფს, ობის მარჯვენა შენაკადებს და ყინულოვანი ოკეანის შედარებით პატარა მდინარეებს – გაზი, კაზიმი, ნაღიმი და სხვ – შორის.
შუა ობის ქვაბული ფართობით თითქმის ორჯერ აღემატება ქვემო ობის ქვაბულს. შედგება 200მ-ზე მეტი სიმაღლის ვრცელი ამაღლებებისაგან და ცალკეული დადაბლებებისაგან.
დასავლეთ ციმბირის მნიშენელოვანი რელიეფ და, მთლიანობაში, ლანდშაფტწარმომქმნელი ფაქტორია მეოთხეულის გამყინვარება, თუმცა მისი მასშტაბით იგი ჰავის კონტინენტურობის გამო აღმოსავლეთ ევროპას ვერ შეედრება. მყინვარები ეშვებოდნენ ორი მთავარი ცენტრიდან – ახალი მიწის კუნძულებიდან და პოლარული ურალიდან და ბირანგა-პუტორანის მთებიდან.