ფრონტის ავიაცია
ფრონტის ავიაცია - მთელი რიგი ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადაიცემა ფრონტების ჯარების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში. განკუთვნილია ოპერატიული (ოპერატიულ- ტაქტიკური) ამოცანების გადასაწყვეტად საფრონტო, საარმიო (საკორპუსო) ოპერაციებსა და საერთო-საჯარისო ბრძოლაში, აგრეთვე საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ოპერაციებში საომარი მოქმედების თეატრზე, დესანტსაწინააღმდეგო, საჰაერო-სადესანტო, საზღვაო (საჰაერო-საზღვაო) სადესანტო ოპერაციებში. შედგება სხვადასხვა გვარეობის ავიაციის შენაერთებისა და ნაწილებისაგან (ბომბდამშენი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი, გამანადგურებელი, მოიერიშე, სადაზვერვო და სატრანსპორტო), სპეციალური ჯარების, ლოგისტიკის ნაწილების, ქვედანაყოფებისაგან და სხვა.
ფრონტის ავიაცია შეიქმნა I მსოფლიო ომის წლებში. II მსოფლიო ომის დროს მასზე მოდიოდა ჰაერში ბატონობის მოპოვების (შენარჩუნების) და ფრონტების ჯარების საავიაციო მხარდაჭერის ამოცანების ძირითადი მოცულობა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017