ვატიკანის პიეტა
ვატიკანის პიეტა - ღვთისმშობლის მიერ ქრისტეს დატირების სიუჟეტმა იმდენად ღრმად შეძრა მიქელანჯელო, რომ ამ კომპოზიციას ოთხი გენიალური ნამუშევარი მიუძღვნა - ვატიკანის პიეტა, პიეტა ბანდინი, პიეტა პალესტრინა და პიეტა რონდანინი.
23 წლის მიქელანჯელოს ფრანგმა კარდინალმა ჟან ბილერმა (1400 – 1499) 1498 წლის 26 აგვისტოს „პიეტას“ (იტალ.დატირება) შექმნა შეუკვეთა. მიქელანჯელომ ქანდაკებაზე მუშაობა 1500 წელ სდაასრულა. მან კონტრაქტში დაწერა, რომ შექმნიდა ისეთ რამეს, რომლის ბადალსაც კაცობრიობის ისტორიაში ვერავინ, ვერც ერთ ეტაპზე ვერ გააკეთებდა და შეასრულა კიდეც. სკულპტურა, რომელიც მთლიანი მარმარილოსგან არის გამოქანდაკებული და ასახავს ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო ქრისტეს დატირებას, განკუთვნილი იყო კარდინალის საფლავისთვის, კარდინალის გარდაცვალების შემდეგ, XVIII საუკუნეში ქანდაკება კარდინალის საფლავიდან ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში გადაიტანეს.
ვატიკანის პიეტა ერთდერთი ქანდაკებაა მიქელანჯელოს შემოქმედებაში, რომელზეც მოქანდაკემ თავისი ავტოგრაფი დატოვა. ახალგაზრდა ფლორენციელ ხელოვანს ჯერ კიდევ არ იცნობდა საზოგადოება, და ამიტომ ტაძარში შესული ადამიანები „პიეტას“ დანახვისას ჯერ აღტაცებას გამოთქვამდნენ, შემდეგ კი ამ შედევრის „ავტორს“, მილანელ სკულპტორ ქრისტოფორო სოლარის (1460–1527 წ.წ) ასხამდნენ ხოტბას. მიქელანჯელო იძულებული გახდა თავის ქანდაკებაზე ამოეკვეთა წარწერა: „გამოაქანდაკა ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ“.
პიეტაში მიქელანჯელომ მარიამი საკმაოდ ახალგაზრდა გამოსახა, უმანკო მშვენიერი სახით, რომელიც მარადიულად ახალგაზრდა რჩება. მასში გამოსახულია არა მხოლოდ მშვენიერი სხეული, არამედ მშვენიერი სულიც, მის მშვენიერებასის დიდი მწუხარება და განცდაც ვერ არღვევს, რომელსაც ამძაფრებს ოდნავ გვერდზე გადაწეული თავი და განზე გაწეული მარცხენა ხელის ჟესტი.
ქანდაკება რენესანსისთვის დამახასიათებელ სამკუთხა ფორმაშია გამოკვეთილი, რომელიც საოცარი სიმშვიდისა და ჰარმონიის შთაბეჭდილებას ქმნის.