ვატიკანის პიეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიქელანჯელო ბუანაროტი, „პიეტა“, 1499, ვატიკანი, წმინდა პეტრეს ტაძარი

ვატიკანის პიეტა - ღვთისმშობლის მიერ ქრისტეს დატირების სიუჟეტმა იმდენად ღრმად შეძრა მიქელანჯელო, რომ ამ კომპოზიციას ოთხი გენიალური ნამუშევარი მიუძღვნა - „ვატიკანის პიეტა“, „პიეტა ბანდინი“, „პიეტა პალესტრინა“ და „პიეტა რონდანინი“.

23 წლის მიქელანჯელოს ფრანგმა კარდინალმა ჟან ბილერ დე ლაგროლამ (1400 – 1499) 1498 წლის 26 აგვისტოს ახლი ნამუშევრის „პიეტას“ შექმნა შეუკვეთა. მიქელანჯელომ ქანდაკებაზე მუშაობას ორი წელი მოანდომა, მაგრამ ლოდინი ნამდვილად ღირდა.

სკულპტურა მთლიანი მარმარილოსგან არის გამოქანდაკებული. ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნილი სხეული მარიამ ღვთისმშობლის მუხლებზეა დასვენებული. სკულპტურა ქმნის რენესანსისათვის დამახასიათებელ პირამიდისებურ კომპოზიციას. ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ ფიგურები ერთმანეთთან მიმართებაში არაპროპორციულია - მჯდომარე მარიამის თავი ტორსთან შედარებით პატარაა. სამოსის უხვ ნაკეცებში დაფარული სხეული ეთგვარ საყრდენს ქმნის მუხლებზე დასვენებული ქრისტეს მსუბუქი სხეულისათვის. ხელოვანის მიერ ამ დისპროპორციულობის განგებ გამოკვეთა ერთგვარი ხერხია იმ ფიზიკური და სულიერი გამოწვევის საჩვენებლად რაც მარიამს, როგორც დედა ღვთისმშობელს აკისრია. მარიამის მარჯვენა ხელი, რომელიც იჭერს ქრისტეს, სამოსის ქსოვილშია გახვეული და არ ეხება მაცხოვრის სხეულს, რაც ქრისტეს სხეულის ღვთიურობას, სიწმინდეს მიანიშნებს.

პიეტაში მიქელანჯელომ მარიამი საკმაოდ ახალგაზრდა გამოსახა, უმანკო მშვენიერი სახით, რომელიც როგორც წმინდა ქალწული მარადიულად ახალგაზრდა რჩება. მწუხარებასა და სინანულთან ერთად მარიამის სახე სიმშვიდეს ინარჩუნებს, ემორჩილება ღვთის ნებას. მშვიდია ქრისტეს გამოსახულებაც, რომელსაც მინიმალურად ატყვია წამების კვალი. ნეოპლატონისტური იდეალების თანახმად შექმნილი იდეალიზირებული ფიგურები ღვთისმშობლისა და ქრისტეს ღვთაებრიობის, და სიდიადის სიმბოლური გამოსახულებაა.

პიეტა განკუთვნილი იყო კარდინალის საფლავისთვის, კარდინალის გარდაცვალების შემდეგ, XVIII საუკუნეში ქანდაკება კარდინალის საფლავიდან ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში გადაიტანეს.

„ვატიკანის პიეტა“ ერთადერთი ქანდაკებაა მიქელანჯელოს შემოქმედებაში, რომელზეც მოქანდაკემ თავისი ავტოგრაფი დატოვა. გადმოცემის თანახმად მიქელანჯელო, რომელიც ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო საზოგადოებისთვის, შეესწო იტალიის ჩრდილოეთის რეგიონ ლომბარდიიდან ჩამოსული სტუმრების საუბარს, რომლებიც ქანდაკების დანახვისას აღტაცებას ვერ მალავდნენ და ფლორენციელი ხელოვანის ქმნილებას მილანელ სკულპტორ ქრისტოფორო სოლარისს მიაწერდნენ. მეორე დღესვე მიქელანჯელომ ქანდაკებაზე საკუთარი სახელი ამოეკვეთა: „გამოაქანდაკა ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ.“




წყარო

თათია შავგულიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები