თავისუფალი ჭიდაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:23, 21 ივნისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი ჭიდაობა – სპორტული ორთაბრძოლის ნაირსახეობა – ორი მეტოქის შერკინება წესებით ნებადართული ტექნიკური ილეთების გამოყენებით (ჩავლება, გამოკვრა, გდება, ტრიალი და სხვ.).

სარჩევი

ისტორია

ჭიდაობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამას ადასტურებს არაერთი დოკუმენტური მასალა, არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ძეგლი, მსოფლიოს ხალხთა ეპოსი. ჭიდაობის ეროვნულ სახეობათა კვალი მრავალ ქვეყანაშია აღმოჩენილი. დღემდე შემორჩენილი და შემონახულია ფალავნობის უძველესი ტრადიცები, მათ შორის – შუამდინარეთსა და კავკასიაში. ძვ. წ. IV-III ათასწლეულის ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში მოჭიდავეთა ტურნირები საერო და საკულტო დღესასწაულებზე ტარდებოდა. იმდროინდელ სამარხებში აღმოჩენილ ფიგურებზე, ეგვიპტური აკლდამის კედლებზე შემონახულ ნახატებზე, უფრო გვიანდელ ბერძნულ და ხეთურ ბარელიეფებზე ადვილად ამოიცნობთ თანამედროვე ჭიდაობის ელემენტებს. ორთაბრძოლის ხელოვნებით გამოირჩეოდნენ აზიის ხალხები, მათ შორის ჩინელები, რომლებიც ჯერ კიდევ ათასწლეულების წინათ „ჭიდაობის დღეებს“ მართავდნენ. ძვ. წ. 658 წელს დოკუმენტურად პირველად მოიხსენიება სუმოს მოჭიდავეთა იაპონური გილდია.

ფიზიკური აღზრდის ძველბერძნულ სისტემაში ჭიდაობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა და როგორც პენტატლონის (კლასიკური ხუთჭიდი) შემადგენელი დისციპლინა, ძვ. წ. 708 წლიდან ანტიკური ოლიმპიადების პროგრამაშიც შედიოდა. 60 წლის შემდეგ თამაშებში ჩართეს პანკრატიონი (ჭიდაობისა და მუშტი-კრივის ერთგვარი სინთეზი), მოგვიანებით კი, ჭიდაობა დამოუკიდებელ ოლიმპიურ სახეობად იქცა. გამარჯვებულ ფალავნებს საყოველთაო პატივს მიაგებდნენ, მეფურ შეხვედრებსა და ზეიმებს უწყობდნენ. გარდა სპორტულისა, ჭიდაობამ სანახაობრივ-გასართობი მნიშვნელობაც შეიძინა, არაერთი ათლეტისთვის კი პროფესიად იქცა.

თანამედროვე თავისუფალი ჭიდაობის უშუალო წინამორბედად მიიჩნევენ ინგლისურ „კეტჩს“, რომელმაც მწყობრ სისტემად გააერთიანა მსოფლიოს ხალხთა გამოცდილება, თავი მოუყარა ჭიდაობის მდიდრულ ტექნიკურ არსენალს. ლიბერალური და ხელმისაწვდომი წესების გამო ჭიდაობის ახალ სტილს ბევრი მიმდევარი გაუჩნდა ჯერ ევროპასა და აზიაში, შემდეგ კი ამერიკის კონტინენტზე, განსაკუთრებით, აშშ-ში. XIX საუკუნის მიწურულს ამერიკის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში „კეტჩი“ (სამოყვარულო ვარიანტი) სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად იქცა და როცა აშშ-მ ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიიღო (1904, სენტ ლუისი), ასპარეზობის პროგრამაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაც შეიტანეს. ეს იყო პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრება, რომელსაც 25 წლის შემდეგ მოჰყვა საფრანგეთის ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით პარიზში გამართული ევროპის ჩემპიონატი. იქ გადაწყდა, რომ ევროპის პირველობა ყოველწლიურად ჩატარდებოდა. 1966 წლამდე მხოლოდ 9 ჩემპიონატის გამართვა მოხერხდა, მას შემდეგ კი ეს ასპარეზობა რეგულარულად იმართება. თავისუფალი ჭიდაობის განვითარების ახალი ეტაპი იწყება XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, როცა საფუძველი ჩაეყარა მსოფლიოს ჩემპიონატებს, საერთაშორისო სარბიელზე კი პირველად გამოჩნდნენ ყოფილი სსრ კავშირის ფალავნები.

ორთაბრძოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისუფალ ჭიდაობაში გამარჯვებულის ბედი ილეთების ვიზუალური შეფასებით წყდებოდა. სწორედ ამან განაპირობა შეჯიბრების წესების ხშირი ცვლილებები და ოპტიმალური ვარიანტის გამუდმებული ძიება. 1924 წლამდე შერკინება წმინდა მოგებამდე გრძელდებოდა, შემდეგ კი 40-წუთიანი ზღვარი შემოიღეს. სხვადასხვა დროს დაწესებული იყო 20, 15, 12, 10, 9 და 6 წუთი, 1997-დან შეხვედრა 5 წუთს გრძელდებოდა, 2005 წლიდან კი შემოიღეს 3 ორწუთიანი პერიოდი. საგრძნობლად შეიცვალა შეჯიბრების სისტემა, ილეთთა შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის წესი.

თავისუფალმა ჭიდაობამ დროის გამოცდას გაუძლო და ორთაბრძოლის სახეობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია: მსოფლიოს 170-მდე ქვეყანაში მას 10 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.

სადებიუტო ოლიმპიურ ტურნირში (1904) მხოლოდ ამერიკელი მოჭიდავეები ასპარეზობდნენ და, ცხადია, მედლების შვიდივე კომპლექტი მათ გაინაწილეს. მომდევნო ოლიმპიადაზე პროგრამაში ხუთი წონითი კატეგორია შეიტანეს. სამ წონაში ინგლისელებმა გაიმარჯუეს, ორში – ამერიკელებმა. თითოეულ მონაწილეს შეეძლო ორ კატეგორიაში გამოსულიყო. ინგლისელმა ჯორჯ რელუისკოუმ ძირითად წონაში (66,6 კგ. ოქროს მედალი მოიპოვა, 73 კგ-ში – ვერცხლისა, რაც უნიკალური შემთხვევაა. სტოკჰოლმის V თამაშების (1912) გამოკლებით, თავისუფალი ჭიდაობა ყველა ოლიმპიადის პროგრამაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომამდელ ოლიმპიადებში ოქროს მედლებს ძირითადად აშშ-ის, ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის მოჭიდავეები ინაწილებდნენ, 80-იან წლებამდე – თურქეთის, ყოფილი სსრ კავშირის, აშშ-ის, ირანისა და იაპონიის წარმომადგენლები. ბოიკოტის გამო მოსკოვისა (1980) და ლოს ანჯელესის (1984) თამაშებს არაერთი უძლიერესი სპორტსმენი გამოაკლდა. მოსკოვში სსრკ ნაკრებმა 7 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო. ასევე დიდი წარმატება ხვდათ ამერიკელებს 1984 წელს – 7 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი. საბჭოთა და ამერიკელ მოჭიდავეთა მეტოქეობა სეულში (1988) დასრულდა. საბჭოელებმა კვლავ 9 მედალი მოიპოვეს (მათ შორის 4 ოქროსი), ამერიკელებმა – 5 (2 ოქროსი). მომდევნო ოლიმპიადებში მედლებს 20-მდე ქვეყნის სპორტსმენები ინაწილებდნენ. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან ივარ იოჰანსონი (შვედეთი. ორჯერ გაიმარჯვა თავისუფალ ჭიდაობაში, ერთხელ – ბერძნულ-რომაულში), ალექსანდრ მედვედი (სსრკ, ბელორუსია) და ბუვაისარ საიტიევი (რუსეთი). 2-2 ოქროს მედალი მიღებული აქვს 20-მდე მოჭიდავეს, მათ შორის ლევან თედიაშვილს. ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა არსენ მეკოკიშვილი (40 წელი და 102 დღე).

თავისუფალი ჭიდაობა საქართველოში

საჭიდაო ტრადიციებით მდიდარ საქართველოში თავისუფალი (იგივე ინგლისურ-ამერიკული) ჭიდაობა 1944 წელს შემოვიდა. იმ წელს ჭიდაობის ცნობილი სპეციალისტის ვახტანგ კუხიანიძის ხელმძღვანელობით თბილისში მოეწყო მწვრთნელთა პირველი საკავშირო სემინარი, რომელმაც სათავე დაუდო თავისუფალი ჭიდაობის ისტორიას მთელ სსრკ-ში. თბილისშივე გადაწყდა, რომ სსრკ-ის პირველი ჩემპიონატი 1945 წელს ლენინგრადში ჩატარებულიყო. ამ ჩემპიონატში შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გაიმარჯვეს საქართველოს წარმომადგენლებმა: ვასილ ილურიძემ, დავით ციმაკურიძემ, ვაღარშაკ მაჩკალიანმა და არსენ მეკოკიშვილმა. აქედან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში, ქართველი მოჭიდავეები ლიდერობდნენ საკავშირო სარბიელზე, წარმატებით გამოდიოდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში.

1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე სსრკ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ვახტანგ კუხიანიძე ხელმძღვანელობდა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ დავით ციმაკურიძე და არსენ მეკოკიშვილი, რომელიც იმ დროს მოსკოვის სახელით გამოდიოდა. ორი წლის შემდეგ ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს შვიდი ფალავანი წაიყვანეს. საბჭოთა მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც მომდევნო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. პირველი თაობის მოჭიდავეთა შორის უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებში ასევე წარმატებით გამოდიოდნენ მირიან ცალქალამანიძე, გიორგი სხირტლაძე, ნიკოლოზ მუზაშვილი, სერგო გაბარაევი, ვლადიმერ არსენიანი და სხვები.

1960-იან წლებში დიდ სარბიელზე გამოვიდა საქართველოს მოჭიდავეთა ახალი თაობა. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მრავალი მედალი მოიპოვეს ვლადიმერ რუბაშვილმა, შოთა ლომიძემ, გურამ საღარაძემ, ზარბეგ ბერიაშვილმა, ნოდარ ხოხაშვილმა, ტარიელ ალიბეგაშვილმა, ანდრო ცხოვრებოვმა. ამ და მომდევნო პერიოდის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მიხეილ თიკანაძემ, გიორგი როსტიაშვილმა, ვასილ ილურიძემ, შალვა ნოზაძემ, ვანო მეკოკიშვილმა, პეტრე იორდანიშვილმა, ლევ კაპიტანოვმა, მარლენ ოსიყმაშვილმა, ალექსანდრე მაისურაძემ, ვლადიმერ მესტვირიშვილმა, შოთა კიკაბიძემ და სხვა დამსახურებულმა მწვრთნელებმა.

თავისუფალი ჭიდაობის ქართული სკოლა მსოფლიო მასშტაბის მოვლენად იქცა. ამიტომაც იყო, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1962 წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის საერთაშორისო ტურნირს, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, რომ არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერეს ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა. სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი ლევან თედიაშვილმა, რომელიც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს. 1970-იანი წლები თედიაშვილის ეპოქად მოინათლა. მან გაიმარჯვა მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე, ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ – ევროპის ჩემპიონი, მოიგო ყველა სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება.

მომდევნო ათწლეულში დაწინაურდნენ დავით გობეჯიშვილი და ლერი ხაბელოვი. გობეჯიშვილი ყველაზე პრესტიჟულ – მძიმე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და დიდი კონკურენციის პირობებში შეძლო ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლების, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. უფრო შთამბეჭდავია ხაბელოვის სპორტული მიღწევები: ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.

ამის შემდეგ იწყება საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლის პერიოდი. ახალ დროში საქართველოს ნაკრებს ლიდერად მოევლინა სოხუმელი მოჭიდავე ელდარ კურტანიძე. მან პირველ წარმატებას 1993 წელს მიაღწია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მერე კურტანიძემ არაერთ დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფალავანი გახდა: მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი. მისი ლიდერობით კვლავ დაიბრუნა წამყვანი პოზიციები საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო. ორი წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა რევაზ მინდორაშვილი, რომელმაც 2008 წელს ოლიმპიურ თამაშებზეც გაიმარჯვა. ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მედლები მოიპოვეს გიორგი გოგშელიძემ, ოთარ თუშიშვილმა, დავით მარსაგიშვილმა.

2010-იან წლებში ქართველმა მოჭიდავეებმა მნიშვნელოვნად განიმტკიცეს პოზიციები საერთაშორისო სარბიელზე. განსაკუთრებით გამოირჩნენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი, რომლებმაც არაერთხელ მოიგეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონტები. ხინჩეგაშვილი 2016 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, პეტრიაშვილმა კი იმავე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ორივე მოჭიდავე სახელოვანი გორელი მწვრთნელის ნუგზარ სხირელის აღზრდილა.

წესები

ოფიციალური შეჯიბრებები იმართება დარბაზებში, საჭიდაო ხალიჩაზე, რომლის ზომებია 12X12 მ. საჭიდაო წრის დიამეტრია 9 მ და შემოსაზღვრულია 1 მ სიგანის წითელი ზოლით (პასიურობის ზონა). ხალიჩას აგებენ სპეციალურ პლატფორმაზე (სიმაღლე: 0,6 - 1,1 მეტრი). მოჭიდავეებს აცვიათ ყელიანი, უქუსლო ფეხსაცმელი და ერთიანი საჭიდაო მაისური, რომელშიც დომინირებს წითელი ან ლურჯი ფერი. შეჯიბრებაში მონაწილეობენ კაცები და ქალები. ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, სადაც 6 წონითი კატეგორიაა, დანარჩენი შეჯიბრებები ტარდება კაცთა 10 წონით კატეგორიაში. კაცები: 57 კგ, 61 კგ, 65 კგ, 70 კგ, 74 კგ, 79 კგ, 86 კგ, 92 კგ, 97 კგ, 125 კგ. ქალები: 50 კგ, 53 კგ, 55 კგ, 57 კგ, 59 კგ, 62 კგ, 65 კგ, 68 კგ, 72 კგ, 76 კგ.

შეჯიბრება ტარდება ოლიმპიური (პირდაპირი გამოთიშვის) სისტემით. ფინალში გამარჯვებულს გადაეცემა ოქროს მედალი, დამარცხებულს – ვერცხლის მედალი. ბრინჯაოს ორი მედლისთვის ერთმანეთს ხვდებიან ნახევარფინალში დამარცხებული და ე.წ. სანუგეშო ჯგუფებში გამარჯვებული მოჭიდავეები. იქმნება ორი ასეთი სანუგეშო ჯგუფი მხოლოდ იმ მოჭიდავეებისათვის, რომლებიც შეჯიბრების სხვადასხვა ეტაპზე ერთ-ერთ ფინალისტთან დამარცხდნენ.

ორთაბრძოლა შედგება ორი სამწუთიანი პერიოდისაგან. პერიოდებს შორის შესვენება 30 წამია. გამარჯვება მას რჩება, ვინც ორი პერიოდის ქულათა ჯამით მოიგებს. პერიოდი ვადაზე ადრე წყდება, თუ ერთ-ერთი მოჭიდავე 10 -ქულიან უპირატესობას მიაღწევს ან წმინდად მოიგებს. შეხვედრის შედეგი შეიძლება იყოს: ა) წმინდა მოგება – მეტოქის ბეჭებზე დაწვენით (როცა ერთ-ერთი მოჭიდავე მეტოქეს ორივე ბეჭს ხალიჩაზე დაადებინებს); 10 ან მეტი ქულის უპირატესობით; მოწინააღმდეგის სამი გაფრთხილებით (მოჭიდავეს გაფრთხილებას აძლევენ ხალიჩიდან ან ილეთიდან გაქცევისთვის, აკრძალული ილეთის გამოყენებისა და არასპორტული საქციელისთვის). ბ) ქულებით მოგება 1-9 ქულის უპირატესობით.

ილეთი ფასდება 1, 2, 4 და 5 ქულით. 1 ქულით ფასდება ლეიბს გარეთ ფეხის გადგმა (გასვლა); 2 ქულით ფასდება მეტოქის ჩოქბჯენში გადაყვანა, ჩოქბჯენში მეტოქის გადაგორებით გადატრიალება; ილეთი, რომლის შედეგად მეტოქე ხალიჩისკენ ზურგით აღმოჩნდება და ხალიჩას ეყრდნობა ერთი ან ორივე გამართული ხელით ან იდაყვით; მეტოქის შეკავება (დაჭერა) სახიფათო მდგომარეობაში და ა.შ. დგომიდან შესრულებული გდება, როცა მეტოქე სამი წერტილით ეხება ხალიჩას; ჩოქბჯენში შესრულებული ილეთი, რომლის შედეგად მეტოქე აღმოჩნდება სახიფათო მდგომარეობაში ან ბეჭებით ეხება ხალიჩას და ა. შ. 4 ქულით ფასდება: გდება დგომიდან საშუალო ამპლიტუდით, რომლის შედეგად მეტოქე შეუყოვნებლად აღმოჩნდება სახიფათო მდგომარეობაში; ჩოქბჯენში უკუ-მოვლებით გდება და ა. შ. 5 ქულით ფასდება: დგომიდან დიდი ამპლიტუდით შესრულებული ყველა ილეთი, რომლის შედეგად მეტოქე მოწყვეტით ეცემა ხალიჩაზე და შეუყოვნებლივ აღმოჩნდება სახიფათო მდგომარეობაში. მოჭიდავე სახიფათო მდგომარეობაში ითვლება, თუ:
ა) მისი ზურგის ხაზი ხალიჩის ზედაპირთან ქმნის 90 გრადუსზე ნაკლებ კუთხეს და ცდილობს ტანის ზედა ნაწილით არ დაწვეს ხალიჩაზე;
ბ) თავდაცვის მიზნით დგას ხიდზე, რათა ხალიჩას ბეჭებით არ შეეხოს;
გ) ხალიჩისკენ ზურგით მიმართული, ერთი ან ორივე იდაყვით ეყრდნობა ხალიჩას;
დ) ერთი ბეჭით ეხება ხალიჩას;
ე) გადაგორდება ბეჭებზე.
ყოველი პერიოდის პირველი წუთის შემდეგ მეტოქეებს მორიგეობით აყენებენ ჩოქბჯენში. თუ პერიოდის დასრულების შემდეგ მეტოქეებს თანაბარი ქულა დაუგროვდათ, უპირატესობა იმ მოჭიდავეს ენიჭება, რომელსაც მეტი მაღალქულიანი ილეთი აქვს შესრულებული. თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარია, პერიოდის გამარჯვებულად ცხადდება მოჭიდავე, რომელმაც ბოლო ქულა აიღო. ბერძნულ-რომაული ჭიდაობისგან განსხვავებით, თავისუფალ ჭიდაობაში ნებადართულია წელს ქვემოთ ხელის ჩავლება, ფეხის გამოკვრა, ფეხის აქტიური ხმარება ნებისმიერი მოქმედებისას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები