სეულის XXIV ოლიმპიური თამაშები (1988)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეულში თამაშების გახსნის ცერემონიისას ოლიმპიურ ფიალაში ცეცხლის დანთებისას გაშვებული მტრედების ნაწილი ცოცხლად დაიწვა, რასაც ბევრის უკმაყოფილება მოჰყვა.

სეულის XXIV ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1988 წელს (17 სექტემბერი - 2 ოქტომბერი) სეულში.

  • მონაწილე ქვეყანა 159
  • სპორტსმენი 8,391/ 2,194 ქალი / 6,197 კაცი
  • სპორტის სახეობა 23
  • მედლების კომპლექტი 237

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: მეტ ბიონდი (ცურვა, აშშ) 5,1,1
ქალებში: კრისტინ ოტო (ცურვა, გდრ) 6,1,0

Seulis olimpiadis emblema.PNG

1988 წლის ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშების მასპინძლად სეულის გამოცხადება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამგვარ არჩევანს სადავოდ მიიჩნევდა არაერთი ქვეყანა, განსაკუთრებით კი - საბჭოთა ბლოკის წარმომადგენლები, რომლებსაც სეულთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბოლო ოლიმპიადების პოლიტიკური სირთულეების გათვალისწინებით, გაჩნდა ეჭვი, რომ მორიგ ბოიკოტირებულ თამაშებს მიიღებდნენ.

ვითარებას ძაბავდა ჩრდილოეთ კორეაც, რომელიც ოლიმპიადის თანამასპინძლობის უფლებას მოითხოვდა. სოკ-ი მოლაპარაკებებზე წავიდა და რამდენიმე სახეობაში შეჯიბრების ჩატარების უფლებაც მისცა, მაგრამ ჩრდილოელებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ისინი სეულში არ ჩასულან. იგივე ნაბიჯი გადადგა ფხენიანის მოკავშირე კუბამაც. სოლიდარობის ნიშნად ბოიკოტს მიმართა ეთიოპიამაც, ხოლო ალბანეთი, ნიკარაგუა და სეიშელი სოკ-ის მოწვევას რატომღაც არ გამოეხმაურნენ.

12 წლის შემდეგ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ერთად პირველად გამოჩნდნენ აშშ-ის, სსრკ-ს და გდრ-ის დელეგაციები. მთლიანობაში, სეულში იმაზე მეტმა ქვეყანამ მოიყარა თავი, ვიდრე წინა თამაშებზე.

ოლიმპიური დებიუტი ჰქონდათ არუბას (1952–1984 ოლიმპიადებზე ნიდერლანდების ანტილის კუნძულების სახელით გამოდიოდა), ამერიკის სამოას, კუკის კუნძულებს, მალდივის, ვანუატუს, სენტ ვინსენტი და გრენადინებს და სამხრეთ იემენს (1992 წლიდან - იემენი). ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოვიდა გუამიც, რომლის ოლიმპიური დებიუტიც რამდენიმე თვით ადრე კალგარის ზამთრის თამაშებზე შედგა.

გდრ-ის წარმომადგენელი კრისტინ ოტო პირველი ქალი მოცურავეა, ვინც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ექვსგზის ჩემპიონობა იზეიმა

ემოციური გამოდგა გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიური ჩირაღდნით ხელში მარათონში 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადის ჩემპიონის, 76 წლის სონ კი-ჩუნგის გამოჩენა. იაპონიისგან ოკუპირებული კორეის გამო, ბერლინის თამაშებზე სონი იძულებული იყო იაპონიის სახელით ეასპარეზა.

XXIV თამაშები ყოველმხრივ გამართული გამოდგა. გაიზარდა ოლიმპიური პროგრამაც, სადაც დებიუტი ჰქონდა მაგიდის ჩოგბურთს. 64-წლიანი განშორების შემდეგ, ოლიმპიადებს დაუბრუნდა ჩოგბურთიც. თამაშებზე დაუშვეს პროფესიონალი ჩოგბურთელები, მათ შორის იყო გერმანელი შტეფი გრაფი, რომელმაც ოთხივე დიდი სლემის მოგების შემდეგ სეზონი ოლიმპიური ოქროს მედლით დააგვირგვინა.

ოლიმპიურ აუზში ყველაზე მეტად გდრ-ის წარმომადგენელი კრისტინ ოტო ბრწყინავდა, რომელმაც ექვსგზის ჩემპიონობით ყველანაირი რეკორდი მოხსნა. სეულის თამაშებამდე მსგავსი შედეგი არც ერთ ქალ სპორტსმენს არ ჰქონია. ვაჟ მოცურავეთაგან ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული 7 მედლით ამერიკელი მარკ სპიცის შედეგი გაიმეორა მისმა თანამემამულე მეტ ბიონდიმ, რომელმაც 5 ოქროს და თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ბიონდი 100 მეტრზე ბატერფლაიშიც ახლოს იყო მეექვსე ოქროსთან, მაგრამ წამის მეასედით (0,01) მასზე უკეთესი აღმოჩნდა სურინამელი ენტონი ნესტი, რომელმაც თავის ქვეყანას პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ოქროს მედალი მოუტანა. ამასთან, ნესტი პირველი შავკანიანი ვაჟი მოცურავეა, რომელმაც ინდივიდუალურ სახეობაში იზეიმა ჩემპიონობა. პირველად ოლიმპიადების ისტორიაში ცხენოსანთა ასპარეზობებში (წვრთნა) სამივე მედალოსანი ქალი აღმოჩნდა. შვედი მოფარიკავე კერსტინ პალმი კი გახდა პირველი, ვინც ზედიზედ მეშვიდე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

ოლიმპიადის ერთ-ერთ გმირად იქცა აღმოსავლეთგერმანელი კრისტა ლუდინგ-როტენბურგერი, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე კალგარის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ციგურებით რბენაში თითო ოქროსა და ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, სეულში კი ველორბოლაში მოსინჯა ძალები და მეორე ადგილზე გავიდა. როტენბურგერი ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ერთ წელიწადში ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მედლები დაისაკუთრა.

სეულის ოლიმპიადას თამამად შეიძლება ეწოდოს ამერიკელი სპრინტერის ფლორენს გრიფიტ ჯოინერის ოლიმპიადა. 200 მეტრზე რბენაში ლოს ანჯელესის თამაშების ვერცხლის მედალოსანმა სეულის სარბენ ბილიკებზე ერთბაშად 4 მედალი დაისაკუთრა - 100, 200 და 4X100 მეტრზე ესტაფეტაში ოქრო, 4X400 მეტრზე - ვერცხლი. გარდა ამისა, ჯოინერმა 200 მეტრზე მსოფლიოს რეკორდითაც გამოიჩინა თავი. სეულის შედეგების გამო, გრიფიტ ჯოინერი ყველა დროის უსწრაფეს ქალად არის მიჩნეული. 100 და 200 მეტრზე მის მიერ დამყარებული მსოფლიოს რეკორდები დღემდე ხელუხლებელია.

სეულის ოლიმპიური თამაშები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დოპინგ-სკანდალითაც შევიდა. კანადელმა ბენ ჯონსონმა 100 მეტრზე გარბენი მსოფლიოს რეკორდით მოიგო, მოგვიანებით კი, სტეროიდზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. კანადელის დისკვალიფიკაციამ ჩემპიონობა მოუტანა ამერიკელ კარლ ლუისს, რაც თავის მხრივ, 1984 წლის ოლიმპიადის შედეგის გამეორებას ნიშნავდა.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები