ფარისებრი ჯირკვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარისებრი ჯირკვლის ტოპოგრაფია

ფარისებრი ჯირკვალი — კისრის წინა შუა ნაწილში ტრაქეის წინ და კანსა და კანქვეშა კისრის კუნთების ქვეშ მდებარეობს. მისი წონა მოზრდილ ასაკში 20-25 გრ. არის. დასახელების შესაბამისად, მას ფარის ფორმა აქვს და ორი წილისაგან შედგება, რომელიც ხიდაკის (isthmus) მეშვეობით ერთმანეთან არის დაკავშირებული. ჯირკვალი მოთავსებულია შემაერთებელქსოვილოვან ჩანთაში, რომელიც ტრაქეასა და ხორხის მოძრაობისას ფარისებრი ჯირკვლის ამორტიზაციას უზრუნველყოფს. მისი ლიმფოდრენირება და სისხლმომარაგება ძალიან კარგად არის განვითარებული. ლიმფური დრენირება კისრის მიდამოს სპინალური, საუღლე და შებრუნებითი ნერვის ლიმფური სადინრებით ხორციელდება. ამ სადინრების ტოპოგრაფიის ცოდნა საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი პათოლოგიის დროს მისი მეტასტაზირების სავარაუდო ადგილმდებარეობის წარმოსადგენად.

სისხლმომარაგება ფარისებრ ჯირკვალს ასევე ძალიან მდიდარი აქვს. მას ზემოდან კვებავს საძილე არტერიის პირველი ტოტი ზედა ფასირებრი არტერია (a. thyroidea sup.) ქვემოდან – ქვედა თირეოიდული არტერიის ტოტები (a. thyroidea inf). ასევე, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს უსახელო თირეოიდული არტერიის არსებობა, (a. thyroidea ima). რომელიც პირდაპირ აორტის რკალის ტოტი გახლავთ და დაზიანების შემთხვევაში საშინელ სისხლდენას იძლევა. ყველაფერ ამას ემატება ის გარემოება, რომ ეს არტერია, რეტრაქციის შედეგად, შუასაყარის მიმართულებით გარბის, რაც შეუძლებელს ხდის მის მოძებნას.

ასევე მნიშვნელოვანი სტრუქტურა შებრუნებითი ნერვია. ის ხორხის მოძრაობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. n. recurrens – ცდომილი ნერვის ტოტია. ის მარცხნიდან აორტას რკალს წრეს არტყამს და უკან ბრუნდება. ფარისებრი ჯირკვლის უკანა ზედაპირზე და ტრაქეას შორის სივრცის გავლით, ბეჭდისებრი ხრტილის და ტრაქეის იოგში შედის და იქ ამთავრებს თავის გზას. მარჯვნივ, ის ლავიწქვეშა არტერიას არტყამს წრეს და ასევე ბეჭდისებრი ხრტილის იოგში შედის. ამ ნერვის დაზიანება ხორხის მოძრაობის პარეზს იწვევს, რაც სუნთქვის და ხმის ინვალიდიზაციას იწვევს.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები