ბაზალტპლასტიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:49, 12 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზალტპლასტიკი – ინოვაციური კომპოზიტური მასალაა, რომელიც შედგება მინისებრი შემავსებლისა (ბაზალტის) და პოლიმერული სინთეზური შემკვრელისაგან (მატრიცა). ბაზალტი მასალაში წარმოდგენილია ბოჭკოს, ძაფის, ქსოვილის, ღეროს, ჩალიჩის სახით, ხოლო შემკვრელი – სინთეზური ფისია, რომელიც უზრუნველყოფს მასალის ყველა კომპონენტის ერთობლივ მუშაობას, შემავსებლის დაცვას მექანიკური დაზიანებებისგან, მაღალ სიმტკიცეს ძვრაზე და მედეგობას კოროზიისა და ქიმიურად აგრესიული ნივთიერებების მიმართ.

თანამედროვე კომპოზიტური კონსტრუქციული მასალების წარმოებაში ძირითადად გამოიყენება მინის, ორგანული და ნახშირბადის ბოჭკოები. თითოელ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია. მაგალითად, ორგანული ბოჭკო ნაკეთობას აძლევს მაქსიმალურ სიმტკიცეს, ნახშირბადის – სიხისტეს. ფასის მიხედვითაც განსხვავება საკმაოდ დიდია.

კომპოზიტური მასალისგან დამზადებული სამშენებლო კონსტრუქციის სიმტკიცეს განსაზღვრავს არა მარტო მასალა, არამედ დამზადების ტექნოლოგიური პროცესიც: დაწნეხა, გადახვევა, ფორმირება, პულტრუზია და სხვ.

ამჟამად შეინიშნება სამშენებლო კონსტრუქციების მომხმარებელი ფირმების ამაღლებული ინტერესი არა მარტო მინის, არამედ ბაზალტის ბოჭკოების საფუძველზე დამზადებული კომპოზიტური მასალების მიმართ, რაზეც მეტყველებს ბოლო 20 წლის განმავლობაში პლასტიკური არმატურის წარმოებაზე მიღებული სტანდარტები და რეკომენდაციები: CAN/CSA-S6-06 (1996); CAN/CSA-S806-02 (კანადა); 440.1R-06 ; 440.2R-08; 440.3R-04 (აშშ); Recommendations for design and construction of concrete structures using continuous fiber reinforcing materials, Research Committee on Continuous Fiber Reinforcing Materials, Tokyo, 1997 (იაპონია); CNR-DT 203/2006 (იტალიის რესპუბლიკა); FIP Task Group 9.3 (ევროპა); JG/T 406-2013; JT/T 776.4-2010 (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა); ДСТУ-Н Б В.2.6-ХХХХ:2011 (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, დსთ).

ბაზალტისადმი ინტერესს განაპირობებს ორი ძირითადი მიზეზი. პირველი – სიმტკიცის, სიხისტის, მედეგობით ტემპერატურის ცვლილებებისა და აგრესიული გარემოს მიმართ, ბაზალტპლასტიკის მახასიათებლები აჭარბებს მინაპლასტიკისას და მეორე – ფასი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ბაზალტის ბოჭკოს საწარმოები უკვე ფუნქციონირებს რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, საქართველოში და მიმდინარეობს მნიშვნელოვანი თეორიული და ექსპერიმენტული სამუშაოები ბაზალტკომპოზიტური მასალების ფასის მისაახლოებლად კონკურენტუნარიან დონესთან.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები