სანსკრიტული დრამა
სანსკრიტული დრამა – ინდური დრამატურგიის სახეობა. მისი საფუძველია ვედების (ინდური ლიტერატურის უძველესი ძეგლი, ძვ. წ. მე-2 ათასწლ. შუახანი I ათასწლ. დასაწყისი) დიალოგური ჰიმნები.
მიჩნეულია, რომ სანსკრიტული დრამის ჩასახვა და კლასიკური თეატრის აღმოცენება მოხდა ძვ. წ. I ათასწლეულში. სანსკრიტული დრამა წარმოიშვა მითოლოგიიდან. მისი პერსონაჟები იყვნენ ღმერთები, მეფეები, ბრაჰმანები და წმინდანები. სანსკრიტულ დრამაში შეერთებული იყო დიალოგი და სიმღერა, ცეკვა და მუსიკა. მისი ესთეტიკური პრინციპები გადმოცემულია ლეგენდარული ბრძენკაცის, ბჰარატას ტრაქტატში „ნატიაშასტრა“ („სცენის მეცნიერება“). სანსკრიტული დრამისთვის მთავარია გრძნობის აღძვრა, რაც შემდგომში ჩამოყალიბებულ იქნა ჯანანჯანეის მიერ (X ს.) როგორც პიესის წამყვანი გრძნობა (სიყვარული, ჰეროიკა, შური, ანგარება, მძლავრობა, ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ და ა.შ.). სანსკრიტული დრამის მრავალრიცხოვან თეორეტიკოსებს შორის გამოირჩევიან ანანდავარდჰანა (IX ს.) და აბჰინავაგუპტა (X-XI სს.).
სანსკრიტული დრამის დრამატურგთა უმრავლესობა იყენებდა ხალხური ეპოსის ტრადიციულ სიუჟეტებს, მოარულ თქმულებებს ეპოსებიდან „მაჰაბჰარატა“ და „რამაიანა“.
სანსკრიტული დრამის აღმავლობის მწვერვალად მიჩნეულია მე-4-7 საუკუნეები, რაც დაკავშირებული იყო მთლიანად ძველინდური კულტურის აყვავებასთან. გუპტების იმპერიის (მე-4-6 სს.) მომძლავრებამ, ახალი ბიძგი მისცა სანსკრიტული დრამის განვითარებას. კანონიკური მოთხოვნა, რომლის მიხედვით პიესის გმირები უნდა ყოფილიყვნენ ღმერთები, ღვთისშვილები, მეფეები და გმირები, შუდრაკამ (მე-5 ს.) უარყო და პიესა ააგო გაკოტრებული ვაჭრის და მაღალი წრის მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ისტორიაზე. მის პიესაში „თიხის ოთხთვალა“ დაგმობილია ბრაჰმანიზმი და წოდებრივი უპირატესობა. სანსკრიტული დრამა მწვერვალს აღწევს კალიდასას (მე-4-5 სს.) შემოქმედებაში. მის პიესებში დაგმობილია ყოვლისშემრიგებლური პასიურობა და გაისმის მოწოდება აქტიური ქმედებებისაკენ. კალიდასას იდეალია კაცთმოყვარე მონარქი, რომლის ერთადერთი საზრუნავია ხალხი.
მსხვილი მონათმფლობელური იმპერიების დაშლამ (I ათასწლ. მე-2 ნახ. ახ.წ.), რომელთა სასახლისკარზე ვითარდებოდა კლასიკური ხელოვნება, გამოიწვია სანსკრიტული დრამის ბჰანა დაქვეითება. წარმოიშვა ახალი ჟანრები – ბჰანა (მონოლოგი) და პრაჰასანა (კომედია, ფარსი). წარმოიშვა სატირული კომედიის ჟანრიც.
სასახლისკარის თეატრების გარდა, სანსკრიტული დრამა თამაშდებოდა ტაძრებში. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ შუდრებს (დაბალი კასტის წარმომადგენლებს).
სანსკრიტულმა დრამამ დიდად შეუწყო ხელი ინდური კულტურის განვითარებას შუა საუკუნეებში და შემდგომ ეპოქებშიც. მან გარკვეული ზემოქმედება მოახდინა ევროპულ განმანათლებლობაზეც. მე-19–20 სს. ინდოელმა დრამატურგებმა სანსკრიტული დრამა ააღორძინეს და დაუახლოვეს თანამედროვეობას.