ადრეული ხანის მოდერნისტული არქიტექტურა
ადრეული ხანის მოდერნისტული არქიტექტურა – ახალმა ინდუსტრიულმა მასალებმა და საინჟინრო ინოვაციებმა XX საუკუნის არქიტექტორებს უმაგალითოდ მაღალი შენობების შექმნის შესაძლებლობა მისცა. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა ქალაქის ძვირადღირებულ, დეფიციტურ მიწის ნაკვეთებზე აგებული შენობების სასარგებლო ფართის რაოდენობა. ევროპაში და ამერიკაში ერთდროულად ითქვა უარი დეკორატიულ მოტივებზე. ევროპელმა მოდერნისტებმა ფერწერიდან და ქანდაკებიდან განდევნეს დეკორატიულობა, ამერიკული ცათამბჯენების არქიტექტურაში კი მარტივმა, გეომეტრიულმა ფორმებმა და სადა, მოურთავმა ზედაპირებმა დაიმკვიდრა ადგილი.
სარჩევი |
ევროპული მოდერნიზმი
ევროპაში ახალი არქიტექტურის გამარტივებული და მკაცრად გეომეტრიზებული სტილი, ნაწილობრივ მაინც, არტ ნუვოს ბუნებრივ, ორგანულ მცენარეულ დეკორზე რეაქციად განვითარდა. ვენაში, ადოლფ ლოოსი (Adolf Loos, 1870-1933), ევროპული არქიტექტურული მოდერნიზმის ერთ-ერთი პიონერი, თავის 1913 წლის ესეში ორნამენტი და დანაშაული წერდა, რომ „კულტურის ევოლუცია უტილიტარული ობიექტებიდან ორნამენტის განდევნის სინონიმია“. ლოოსისთვის ორნამენტი კულტურის დეგენერაციის ნიშანი იყო. ამიტომაც, მის მიერ დაპროექტებული შტაინერის სახლი მოურთავი, სადად შელესილი რკინაბეტონის კონსტრუქციაა. სწორკუთხა ფანჯრების განლაგება იქ მთლიანად შენობის შიდა სივრცეების ფუნქციური მოთხოვნების შესაბამისადაა დაგეგმილი. ლოოსი ამტკიცებდა, რომ ნაგებობის ინტერიერს ერთადერთი დანიშნულება აქვს — მან ადამიანი ატმოსფერული მოვლენებისგან უნდა დაიცვას.
ლე კორბუზიე უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ფრანგი არქიტექტორია. მის მიერ შემუშევებული რამდენიმე მეტად საყურადღებო სამშენებლო პრინციპები მომდევნო ნახევარი საუკუნის მანძილზე ახდენდა გავლენას არქიტექტორთა შემოქმედებაზე. კორბუზიეს ვილა სავოიე, კერძო სახლი პარიზის შორიახლოს, ინტერნაციონალური სტილის ხატად იქნა აღიარებულგეომეტრიული დიზაინითა და სისადავით ვილა სავოიე არქიტექტორის პურისტულ იდეალებს ასახავს, იმავდროულად კი, საუკეთესოდ გამოხატავს ლე კორბუზიეს მიერ, პირველად 1914 წელს შემუშავებულ დომინოს კონსტრუქციულ სისტემას. ამ სისტემაში რკინაბეტონის ფილები (ფოლადის არმატურით გამაგრებული ბეტონი) დასვენებულია ერთმანეთისგან განცალკევებით მდგომ, ფოლადის ექვს ბოძზე, რომლებიც დომინოს სათამაშო ქვაზე დატანილი ექვი წერტილის მსგავსადაა განლაგებული. შემდეგი ათწლეულის მანძილზე, ლე კორბუზიე დომინოს სისტემის შესაძლებლობებს იკვლევდა და 1926 წელს გამოაქვეყნა თანამედროვე არქიტექტურის ხუთი საყრდენი წერტილი, რომელშიც გვთავაზობდა: მიწის ზედაპირიდან აწეულ და ე.წ. პილოტებზე (თავისუფლად მდგომ ბოძებზე) დაყენებულ სახლებს; მათი ბრტყელი სახურავების ტერასებად გამოყენებას; ინტერიერში, მზიდ კედლებს შორის მოძრავი ტიხრების ჩართვას; კონსტრუქციის მეტი მოქნილობისთვის, ფასადებზე არამზიდი კედლებისა და ასევე, ლენტისებური ფანჯრების (კედლის მთელ სიგანეზე, მიჯრით გაყოლებული ფანჯრები) გამოყენებას. ეს შემოთავაზებები ახალი არქიტექტურის საერთო, ცნობად ნიშნებად იქცა. ლე კორბუზიემ ვილა სავოიეს "საცხოვრებელი მანქანა" უწოდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარის მსგავსად, ეს სახლიც რაციონალურად და ფუნქციურად იყო დაგეგმილი. I მსოფლიო ომის შემდეგ, კორბუზიემაც, სხვა თანამედროვე არქიტექტორების მსგავსად, მასობრივი წარმოების, სტანდარტული სახლების დაპროექტებაზე დაიწყო მუშაობა, რათა ევროპას განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებოდა.
ამერიკული მოდერნიზმი
მიწასთან კავშირი
უდიდესი თანამედროვე ამერიკელი არქიტექტორი ფრენკ ლოიდ რაითი (Frank Lloyd Wright, 1867-1959), XX საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არქიტექტორად ითვლებოდა მსოფლიოში. ვისკონსინის უნივერსიტეტში მოკლე საინჟინრო კურსის გავლის შემდეგ, რაითმა ჩიკაგოში, არქიტექტორის შეგირდად დაიწყო მუშაობა, მომდევნო ხუთი წელი დანკმარ ადლერისა და ლუი სალივანის ფირმაში გაატარა, სადაც მთავარი კონსტრუქტორის თანამდებობაზე დაწინაურდა, 1893 წელს კი საკუთარი, საცხოვრებელ არქიტექტურაზე სპეციალიზებული ფირმა დააფუძნა. დაახლოებით 1900 წლისთვის რაითმა, რამდენიმე არქიტექტორთან ერთად, ოქ პარკად წოდებულ, ჩიკაგოს გარეუბანში დაბალი, ბრტყელი, ძლიერშვერილი სახურავის მქონე, ჰორიზონტალური სახლების დაპროექტება დაიწყო. სახლები შუა დასავლეთის პრერიების დაბლობებს ეხმიანებოდა, ამიტომაც არქიტექტორთა ეს ჯგუფი პრერიების სკოლის (Prairie School) სახელით გახდა ცნობილი. ფრედერიკ ს. რობის სახლი რაითის ადრეული პრერიების სტილის ერთ-ერთი შედევრია. ბუხრის თავზე მოთავსებული ცენტრალური საკვამური, რომელიც ჩიკაგოს სუსხიანი ზამთრისას მთელ სახლს სითბოთი მოიცავს, ჰორიზონტალურად გაშლილი კონსტრუქციის ცენტრს წარმოქმნის. საკვამურის ორივე მხარეს, მძლავრ კონსოლებს დაყრდნობილი, დაბალი, ბრტყელი, ძლიერშვერილი სახურავები ზაფხულის მზისგან დამცავ ჩრდილს წარმოქმნის, გახსნილი ტერასები კი ზაფხულის გრილ ღამეებში ჰაერზე დასაძინებლად შეიძლება იყოს გამოყენებული. დაბალი ფანჯრების სარტყლები - ბევრი მათგანი ვიტრაჟიანია - გარს ევლება სახლს და ფერად თეჯირს წარმოქმნის ინტერიერსა და გარე სამყაროს შორის, ამასთან კი შიგნით მყოფებს ფანჯრებიდან ბაღში გასახედად ეპატიჟება. სახლში ვერ ნახავთ გამყოფ კედლებს. ძირითადი სართული ერთი გრძელი სივრცეა, რომელიც თავისუფლად მდგომი ბუხრით, საცხოვრებელ და სასადილო არეებადაა გაყოფილი. რაითზე დიდი გავლენა მოახდინა იაპონური არქიტექტურის ესთეტიკამ, რომელსაც ის ჩიკაგოში, 1893 წელს გამართულ მსოფლიო გამოფენაზე გაეცნო, იაპონური ექსპოზიციის დათვალიერებისას. განსაკუთრებით ის სივრცის შეგრძნების თავისებურებითა და თეჯირისმაგვარი ფანჯრებით მოიხიბლა. რაითის სახლებში ხშირად შეხვდებით კედლებში ჩაშენებულ ტანსაცმლისა და წიგნების კარადებს. შესაძლებლობის შემთხვევაში, ის გათბობისა და განათების საშუალებების დამალვასაც ცდილობს. საკუთარი სახლების ინტერიერებისთვის რაითი თავად ქმნიდა ავეჯის დიზაინს. ფრედერიკ ს. რობის სახლში, გამოჩარხული ნაწილებისგან შექმნილი, თანამედროვე, გეომეტრიული დიზაინის სკამები მაგიდის გარშემო ისეა მოთავსებული, რომ მათი მაღალი საზუგეები ოთახში ოთახის არსებობის ინტიმურ ეფექტს წარმოქმნის. ერთ ნივთად გაერთიანებულ სანათებსა და ყვავილების ქოთნებს რაითი მაგიდის კუთხეებში დამაგრებულ საყრდენებზე ანთავსებს. ამგვარად, დამატებითი შუქისა და მაგიდის ყვავილებით გაფორმების აუცილებლობა აღარ არსებობს.
ახალი ევროპული არქიტექტურისადმი რაითის დამოკიდებულება არ იყო მარტივი. მას არ აინტერესებდა ლე კორბუზიეს მანქანური ესთეტიკა. ახალი სამშენებლო მასალების - რკინაბეტონის, თხელი ეკრანული მინისა და ფოლადის ხშირი გამოყენების მიუხედავად, იგი მაინც ბუნებრივი მგრძნობელობის შენარჩუნებისკენ ისწრაფვოდა და აგურის, ადგილობრივი ხისა თუ ქვის საშუალებით, შენობებისა და გარემოს დაკავშირებას ცდილობდა. პენსილვანიის სოფლურ ნაწილში აშენებული სახლი ჩანჩქერზე ამგვარი პრაქტიკის საუკეთესო მაგალითია. ის შესანიშნავად გამოხატავს რაითის მყარ რწმენას იმისა, რომ შენობა უბრალოდ კი არ უნდა არსებობდეს ლანდშაფტში, არამედ სრულ ჰარმონიაში იყოს მასთან.
სახლი ჩანჩქერზე რაითს პითსბურგელმა უნივერმაღის მფლობელმა, ეგდარ კაუფმანმა შეუკვეთა. მას სურდა ოჯახის კუთვნილი საზაფხულო კოტეჯი თავისი შვილების სათამაშო ადგილის სიახლოვეს, ჩანჩქერთან და აუზთან გადაეტანა. კაუფმანის გასაკვირად, რაითმა ახალი სახლის აშენება ზედ კლდეზე, აუზის თავზე გადაწყვიტა, რათა ჩანჩქერს სახლის გარშემო და მის ქვეშ ედინა. უზარმაზარი ლოდი, რომელზეც ზაფხულობით მთელი ოჯახი ირუჯებოდა, არქიტექტორმა ბუხრის საფუძვლად გამოიყენა. კლდის სიბრტყიდან ბეტონის განიერი ტერასების წყების წინ გასაწევად და მათ გასაფართოვებლად, რაითმა კრონშტეინები გამოიყენა და ასეთნაირად, ტერასები მათ ქვემოთ მდებარე ბუნებრივი კლდის უზარმაზარი ფილის პარალელურად განათავსა (არქიტექტორის ეს შთამბეჭდავი გადაწყვეტა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ინჟინრებმა და როგორც შემდგომმა ისტორიამ დაგვანახა, სამართლიანად). ტერასები ბეტონისგანაა ჩამოსხმული, მაგრამ რაითმა ისინი მიწის რბილი ტონებით დაფერა. ფანჯრების გრძელი სარტყლები და მინის კარები შთამბეჭდავ ხედებს გვთავაზობს, რომლებშიც ტყე, წყალი და თავად სახლია გაერთიანებული. ასეთი სახლები ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების იდეალის უბრალო და-დასტურება როდია, ისინი ომს უცხადებენ თანამედროვე ქალაქს. როდესაც რაითს ჰკითხეს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო ქალაქის არქიტექტურა, მან ასე უპასუხა: "დაანგრიეთ ის".
ბუნებასთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირს გამოხატავს მერი ქოლთერის (Mary Colter, 1869-1958) არქიტექტურა. იგი პითსბურგში დაიბადა, განათლება კალიფორნიაში, სან ფრანცისკოს დიზაინის სკოლაში მიიღო, კარიერის უდიდესი ნაწილი კი არქიტექტორისა და დეკორატორის პოზიციაზე გაატარა ფრედ ჰარვის კომპანიაში, რომელიც ძირითადად, ტურისტულ ბიზნესს ემსახურებოდა. ქოლთერმა სიღრმისეულად შეისწავლა მკვიდრი ამერიკელების ხელოვნება და თავის ნაგებობებში პუებლოს ტომის სამშენებლო ტრადიციებს დაესესხა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კონსტრუქციულ საყრდენებად ძელების ღიად გამოყენების მაგალითები. გრანდ კანიონის ეროვნულ პარკში მერი ქოლთერმა დამთვალიერებელთათვის განკუთვნილი, რამდენიმე ობიექტი შექმნა. მათგან ყველა ზე შთამბეჭდავია დამთვალიერებელთათვის განკუთვნილი სტუდია. კანიონის სამხრეთი კლდის კიდეზე განთავსებული ნაგებობის საძირკველი ბუნებრივ კლდეს ერწყმის, მისი კელდები კი ადგილობრივი ქვით არის ნაგები. საგანგებოდ უსწორმასწოროდ დატოვებული სახურავის ხაზი კანიონის კლდეებს ეხმიანება. თანამედროვეობისადმი ერთადერთ დათმობად აქ მინის ფანჯრები და ცემენტის გლუვი იატაკი შეიძლება მივიჩნიოდ. ქოლთერის სასტუმროებისა და რკინიგზის სადგურების დიზაინმა (ასეთებს მრავლად შეხვდებით მთელ რეგიონში) განსაკუთრებული სამხრეთ-დასავლური არქიტექტურული სტილის ფორმირებას შეუწყო ხელი.
ამერიკული ცათამბჯენები
1900 წლის შემდეგ, ცათამბჯენების განვითარებაში ნიუ იორკმა უკან ჩამოიტოვა ჩიკაგო. მზიდად ფოლადის კონსტრუქციების გამოყენებამ, შენობათა თვალუწვდენელი სიმაღლის მიღწევა გახადა შესაძლებელი. ნიუ იორკელებმა უარყვეს ლუი სალივანისა და სხვათა მიერ შემუშავებული ჩიკაგოს უტილიტარული სტილი და უპირატესობა ისტორიზებულ მიდგომას მიანიჭეს, რომელიც ჯერაც პოპულარულია აღმოსავლეთ სანაპიროზე. 1911-1913 წლებში აგებული ვულუორსის შენობა მინესოტაში დაფუძნებული, ქეს გილბერთის (Cass Gilbert, 1859-1913) ფირმაში იქნა დაპროექტებული და თავისი დროის მსოფლიოს უმაღლეს, 241 მეტრის, 55 სართულიან ნაგებობას წარმოადგენდა. მისი ექსტერიერის გოთიკური დეტალები, რომლებიც შუა საუკუნეების ეკლესიების ცაში მოლივლივე კოშკებით უნდა იყოს შთაგონებული, განუმეორებელ ინდივიდუალურობას სძენს ნაგებობას. გოთიკური სტილის გამო, გილბერთი მას "კომერციის საკათედრო ტაძარს" უწოდებდა. ცათამბჯენების დიზაინის განვითარება და მათი ესთეტიკა რამდენიმე კომპონენტზე იყო დამოკიდებული, ესენია: მზიდი კონსტრუქციის ჩონჩხისთვის ლითონის კოჭებისა და ძელების გამოყენება; შენობის მზიდი კონსტრუქციის გამოყოფა კედლის საფარი ფენისგან (მოპირკეთება), ცეცხლგამძლე მასალების გამოყენება; ლიფტების, წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, გათბობისა და სავენტილაციო სისტემებისა და ხელოვნური განათების სრული ინტეგრირება შენობაში. 1880-1900 წლებში აშენებული ამერიკული ცათამბჯენების პირველი თაობა შუა დასავლეთში, უმთავრესად, ჩიკაგოსა და სენტ ლუისში იყო თავმოყრილი. მეორე თაობის, ძირითადად ოცსართულიანი და უფრო მაღალი ცათამბჯენების მშენებლობა 1895 წლის შემდგომ დაიწყო და მათ ყველაზე ხშირად ნიუ იორკში შეხვდებით. პირველი მაღალი შენობები, ე.წ. თაუერები, თავისუფლად მდგომი, ზოგ შემთხვევაში, საბაზისო ნაწილის მქონე კოშკებია. ასეთია მაგალითად, ვულუორსის შენობა, რომელიც 1911-1913 წლებშია აშენებული. ნიუ იორკის სამშენებლო ზონის 1916 წლის გადაწყვეტილების თანახმად, შენობათა სიმაღლის მატებასთან ერთად, სავალდებულო გახდა მათი დავიწროვება, რათა მიმდებარე ქუჩები სინათლითა და ვენტილაციით ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
1931 წელს აშენებული, 381 მეტრის სიმაღლის, საფეხუროვანი (ე.წ. Set-back) ფორმის ცათამბჯენი ემპაიერ სთეით ბილდინგი (მისი დიაგრამა აქვეა მოცემული), ძალზე მოხდენილი, გამარტივებული დიზაინის მქონე შენობაა. მისი ექსტერიერის გასაფორმებლად არტ დეკოს სტილის მოპირკეთებაა გამოყენებული. ის ფარავს ნაგებობის სტრუქტურულ ელემენტებს და სხვადასხვა მექანიზმებს, მათ შორის, ლიფტს, რომელიც შესაძლებელს ხდის ასეთი სიმაღლის შენობის არსებობას. ემპაიერ სთეით ბილდინგი, მშენებლობის მომენტისთვის, ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში. თავისი გამორჩეული იერის წყალობით, ის დღესაც ყველაზე ცნობადი ნაგებობაა.