ავალიშვილი ნიკოლოზ
ავალიშვილი ნიკოლოზ — (1844-1929), მთარგმნელი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1862-66 წწ. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. იყო განახლებული ქართული თეატრის ერთ-ერთი მესვეური, მისი ხელმძღვანელი (1867-80), ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი (1869-72). აქვეყნებდა წერილებს ქართულ თეატრზე. გამოსცა „ქართული კალენდარი“ (1867). ითვლება დასავლეთევროპული და რუსული კლასიკის თარგმნის ფუძემდებლად. თარგმნა ფ. შილერის „ვილჰელმ ტელი“ (1867, 1872), „ფიესკოს შეთქმულება“ (1872), „ყაჩაღები“ (1912), „ორლეანელი ქალწული“, ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“, ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (1901); ს. ურბანოვსკაიას მოთხრობა „თავადის ქალი, შრომა და ფუფუნება“ (1896), ჰ. სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ“ (1964), სერვანტესის „დონ კიხოტი“ (1869 — შემოკლებული თარგმანი. სრული გამოცემა: ტ. I -1906, 1951, ტ. II - 1955). მისი „მოგონებანი“ დაცულია საქართველოს თეატრალურ მუზეუმში.