პროკოფიევი სერგეი
სერგეი პროკოფიევი – (რუს. Серге́й Серге́евич Проко́фьев, დ. 15 აპრილი, 1891, უკრაინა — გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი), XX საუკუნის პირველი ნახეერის საბჭოთა პერიოდის რუსული საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგეჩელი.
ბიოგრაფია
სერგეი პროკოფიევი დაიბადა 1891 წლის 11 (23) აპრილს სონცოვკაში. დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო ოჯახში. 1904 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის კონსერვატორიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ: ა. ლიადოვი (კომპოზიცია), ნ. რიმსკი-კორსაკოვი (საკრავთმცოდნეობა), ა. ესიპოვა (ფორტეპიანო). 1914 წლიდან თანამშრომლობდა ს. დიაგილევის დასთან. 1918-33 წლებში კომპოზიტორი ცხოვრობს და მოღვაწეობს საზღვარგარეთ, ჯერ აშშ-ში, შემდეგ საფრანგეთში, მართავს საგასტროლო ტურნეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, სამშობლოშიც. 1938 წელს ბრუნდება რუსეთში, სადაც აგრძელებს ინტენსიურ საშემსრულებლო პიანისტი და დირიჟორი) და საკომპოზიტორო მოღვაწეობას. პროკოფიევი გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს.
შემოქმედება
პროკოფიევის შემოქმედება იშვიათი ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი თანაბარ მნიშენელობას ანიჭებს ვოკალურ, ინსტრუმენტულ თუ სცენურ ჟანრებს, დიდი თუ მცირე ფორმის ნაწარმოებებს, მაგრამ განსაკუთრებულ როლს პროკოფიევის შემოქმედებაში ასრულებს მუსიკალურ-თეატრალური ნაწარმოებები. აქვე უნდა აღენიშნოთ, რომ თეატრალურობა პროკოფიევის სტილის ერთ-ერთი ზოგადი მახასიათებელია – მისი ინსტრუმენტული ნაწარმოებების თემები ხშირად წმინდა თეატრალური სახეობრიობით გამოირჩევა და კონკრეტული სახეხასიათების ასოციაციებს ბადებს.
მუსიკალური თეატრი, რომელიც პროკოფიევის შემოქმედებაში ოპერის და ბალეტის ჟანრებითაა წარმოდგენილი, ადრეული ასაკიდან იზიდავდა კომპოზიტორს. მისი შემოქმედებითი პოზიცია, ისევე როგორც XX საუკუნის პირველი ნახევრის კომპოზიტორთა უმეტესობის, შეიძლება დავახასიათოთ „ანტივაგნერისეულადლ“, თუმცა, მაგალითად, სტრავინსკისგან განსხვავებით, პროკოფიევი არა იმდენად უარყოფდა ვაგნერის მუსიკალური დრამის პრინციპებს, რამდენადაც მათი გადალახვისკენ ისწრაფოდა. ვაგნერის მუსიკის გარკვეული გავლენა შეინიშნება პროკოფიევის ადრინდელ ოპერაზე „მადალენა“ (1911 წ), რაც დეკლამაციური ტიპის ახალი კანტილენის და ორკესტრის პარტიის გამაერთიანებელ, ფორმაქმნად როლში ვლინდება. პროკოფიევის ამ ნაწარმოების საყრდენ ღერძს წარმოადგენს კონფრონტაცია სიკეთის და ბოროტების ძალებს შორის, რომლებიც ერთ მთავარ პერსონაჟშია თავმოყრილი. მთავარი გმირის ხასიათის ამგვარი ინტერპრეტაცია, ერთი მხრივ, რუსული ხელოვნების ე. წ. ვერცხლის ხანის და, მეორე მხრივ, იმდროინდელი მასკულტურით, კინემატოგრაფის ესთეტიკით იყო განპირობებული.
მადალენამ მოამზადა პროკოფიევის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი – ოპერა „მოთამაშე“ (1915 წ). სიკეთის და ბოროტების დაპირისპირების ზნეობრივი პრობლემა საფუძვლად უდევს პროკოფიევის შემდეგ ოპერას „ცეცხლოვანი ანგელოზი“ (1928 წ), დაწერილია რუსი სიმბოლისტი პოეტის ვალერი ბრიუსოვის მიხედვით.