შავნაბადას მთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავნაბადას მთა

შავნაბადას მთა

შავნაბადას მწვერვალი თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, თელეთის ქედზე, ზღვ. დ. 770 მ. თბილისიდან 30 კმ-ში მდებარეობს. დენუდაციით პრეპარირებული ვულკანური კონუსია. აგებულია ეოცენური ვულკანოგენური დანალექებით. შავნაბადას მთაზე დგას შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი.

შავნაბადას მონასტერი

მონასტრის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა: 1795 წელს, მას შემდეგ რაც აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო, სპარსელებმა ქალაქის ძარცვა-რბევა დაიწყეს. სპარსელთა მოთარეშე არმია ბანაკში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა. ლეგენდის მიხედვით, ნაძარცვით დაბრუნებულ ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს: შუაღამისას მოსასვენებლად დაბინავებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითქმის ყოველ დღე. სპარსელებმა გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ, მაგრამ შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ჯარის სასწრაფოდ აყრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან წასვლისას კი პირობა დადო, მომავალ წელს კვლავ შემოვესევი და ქვას ქვაზე არ დავტოვებო. ქართველებმა იმ მთას, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და არბევდა, შავნაბადას მთა უწოდა, ხოლო მთის წვერზე, ქართველთა შემწის, ზეციური მხედრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო. ერთი წლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა მართლაც განიზრახა საქართველოს დასაპყრობად წამოსვლა, მაგრამ სალაშქროდ წამოსვლის წინა საღამოს საგულდაგულოდ დაცულ კარავში, სპარსეთის მბრძანებელი, ყველასათვის გასაოცრად, მახვილით განგმირული იპოვეს.

შავნაბადას მთის წვერი შემოსილია ნატყევარი მდელოს ბალახეულით, კალთები ჯაგეკლიანებით. ცენტრალური შოსედან 2 კმ-ითაა დაშორებული, საკმაოდ ციცაბო, ფრიალა აღმართით. ფერდობებზე ჯაგ-ეკლიან ბუჩქნარებთან (Atraphaxis spinosa, Carpinus orientalis, Spiraea hypericifolia, Paliurus spina-christi, Rhamnus cathartica, R. pallasii, Cotinus coggygria, Juniperus oxycedrus, Cotoneaster multiflora, Crataegus pentagyna, C. kyrtostyla, Ephedra procera, Prunus incana, P. mahaleb, P. silvestris, Berberis vulgaris, Pyracantha coccinea) ერთად წარმოდგენილია ხელოვნურად გაშენებული ნარგაობები, უმთავრესად ფიჭვი (Pinus eldarica), შერეულია ესპანური კურდღლისცოცხა - Spartium junceum, პირამიდული კვიპაროსი - Cupressus sempervirens, ოქროს წვიმა – Laburnum anagyroides და სხვ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები