მოთამაშე (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:26, 23 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მოთამაშე“სერგეი პროკოფიევის ოპერა ოთხ მოქმედებად (1915 წ.). მოთამაშეს ლიბრეტოს საფუძვლად დაედო თ. დოსტოევსკის რომანი-ნოველა და სწორედ ამან განაპირობა ოპერის ვოკალური პარტიის რეჩიტატიულ-დეკლამაციური სტილი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული მუსორგსკის ოპერების და ჩაიკოვსკის „პიკის ქალის“ სტილისტიკასთან. ჩაიკოვსკის ამ ქმნილებასთან პროკოფიევის ოპერას სიუჟეტური ხაზიც აკავშირებს – ორივე ნაწარმოების მთავარი გმირი ბანქოს თამაშის ვნებითაა შეპყრობილი, თუმცა გერმანისგან განსხვავებით, მოთამაშეს გმირი ალექსეისთვის თამაში გამდიდრების საშუალება კი არა, ცხოვრების არსია, რაც მას სრულებით აკარგვინებს რეალობის შეგრძნებას. გმირის სულიერი სამყარო და მის პრიზმაში გარდატეხილი რეალობა გროტესკულ სახეს იძენს და მთელ სამყაროს არაბუნებრივს ხდის – ოპერის პერსონაჟები და რულეტენბურგში გაბატონებული ატმოსფერო მისტიკურ იერსახეს იძენენ. ერთადერთი რეალობა სიყვარულის და, ამავდროულად, სიძულვილის გრძნობაა, რომელიც მთავარ გმირებს, ალექსეის და პოლინას აკავშირებს. სწორედ გმირთა ამგვარი ურთიერთობები წარმოშობს მათ მძაფრ დიალოგებს, სადაც თითოეული ინტონაცია უკიდურესადაა დაძაბული. აქ შეიძლება გავიხსენოთ ანალოგიური დინამიკის და სიმძაფრის სცენები რ. შტრაუსის „სალომედან“ (სალომეს და იოქანაანის დიალოგი), ბერგისვოცეკიდან“ და „ლულუდან“ და სხვ.

ოპერის მელოდიურ-დეკლამაციური სტილის თავისებურება სწორედ დიალოგების აგების პრინციპიდან მომდინარეობს – ისინი შინაგანი ემოციურობის უკიდურესი დაძაბვის მომენტში განტვირთვის ნაცვლად ახალ სიტუაციად გარდაიქმნებიან, რომელიც ახალ კონფლიქტს ქმნის და ახალი დაძაბულობისკენ მივყავართ. განსაკუთრებული ადგილი ოპერაში უკავია ფინალურ სცენას, გიგანტურ ანსამბლს, რომელიც პერსონაჟების მცირე რეპლიკებისგან აიგება. აღსანიშნავია, რომ ყოველ პერსონაჟს კომპოზიტორი მეტყველების ინდივიდუალური მანერით, თავისებური „ინტონაციური ნიღბით“ (მ. ტარაკანოვი) ახასიათებს. ამ გრანდიოზული საანსამბლო სცენის გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს ტემპი და რიტმი: ჩქარი ტემპი და თანაბარი რიტმული სურათი სირბილის ასოციაციას წარმოქმნის. აქ ასახულია არა რეალურ სივრცეში გადაადგილება, არამედ რულეტკის ბურთის შეუჩერებელი ბრუნვა და გმირის გამარჯვების, მოგებისკენ სწრაფვის, მიზნის მიღწევის სურვილი. უკვე საორკესტრო ანტრაქტში, რომელიც ამზადებს ამ სცენას, მკვიდრდება აჩქარებული პულსი, რომელიც ჯერ მხოლოდ მთავარი გმირის, შემდეგ კი სამორინეში მყოფთა საერთო მდგომარეობას ასახავს.

მოკლე შინაარსი

მოქმედება ვითარდება 1865 წელს წარმოსახვით ქალაქ რულეტენბურგში, მინერალური წყლის კურორტზე სპა-თან ახლოს. ალექსეი გადამდგარი რუსი გენერლის ოჯახთან ერთად მოგზაურობს, როგორც მისი შვილების მასწავლებელი. გენერალმა ბანქოში წააგო და იძულებულია სესხი მაღალი პროცენტით აიღოს. მისი ერთადერთი ხსნა შეიძლება გახდეს მხოლოდ მომაკვდავი ბებიის მემკვიდრეობა. გენერლის გერ პოლინაზე შეყვარებული, აზარტული მოთამაშე, ალექსეი იმედოვნებს, რომ გადაარჩენს მას რულეტზე ჯეკპოტის მოხსნით.


წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები