კილო (გრამატიკა)
კილო – გრამატიკული კატეგორია, რომელიც ასახავს სინამდვილისადმი ზმნით გამოხატული მოქმედების მიმართებას მოსაუბრის თვალსაზრისით. დროისა და ასპექტის კატეგორიებთან ერთად კილო ქართულში განიხილება როგორც უღლების კატეგორია (ა. შანიძე).
ზმნის მნიშვნელობასთან მოსაუბრის დამოკიდებულება შეიძლება იყოს ნეიტრალური და არანეიტრალური. არანეიტრალური დამოკიდებულება ფართო სემანტიკურ ველს მოიცავს, – მოქმედება შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც თხოვნა, ნატვრა, ბრძანება, პირობა, ეჭვი, ვარაუდი… თითოეულ დასახელებულ შინაარსს გამოხატვის საკუთარი სტრუქტურა აქვს, მაგრამ ყველა სტრუქტურა არ არის მორფოლოგიურად გამოხატული.
ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში ტრადიციულად გამოყოფენ სამ კილოს თხრობითს, კავშირებითსა და ბრძანებითს (ზოგჯერ ნატვრითსა და პირობითსაც). ამგვარი დაყოფა დაკავშირებულია ანტიკური და ევროპული გრამატიკის ტრადიციებთან და დაფუძნებულია ძვ. ქართულის ზმნის მორფოლოგიურ სტრუქტურაზე, რომელშიც კილოური შინაარსით განსხვავებული ნაკვთები ფორმობრივად სამ ჯგუფს ქმნიდნენ: კავშირებითისა და ბრძანებითის ფორმები საკუთარი წარმოებით უპირისპირდებოდნენ თხრობითს (ნულოვანს). ამჟამად ბრძანებითის ფორმათა გაქრობასთან დაკავშირებით, თანამედროვე ქართულის საუღლებელ ერთეულთა სისტემაში ფორმობრივად დაპირისპირებული ორი კილოა შემორჩენილი: თხრობითი (ნულოვანი) და კავშირებითი (სუფიქსები: ა, ე, ო). მაგრამ კილოური შინაარსი არ არის მყარად დაკავშირებული ზმნურ ფორმასთან და შესაბამისი აფიქსებიც არ არის საკმარისი (და ერთადერთი) პირობა კილოური შინაარსის გადმოსაცემად. სინტაქსურ, ლექსიკურ, ინტონაციურ … მექანიზმებს შეუძლიათ გააბუნდოვნონ (გაანეიტრალონ) კილოს მორფოლოგიური სტრუქტურა და კონტექსტის კვალობაზე მოხდეს საუღლებელ ერთეულთა კილოური მნიშვნელობის შეცვლა. ამიტომ უკანასკნელ ხანებში კილო განიხილება არა როგორც ოდენ მორფოლოგიური არამედ როგორც რთული გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია, რომელიც წარმოაჩენს ზმნური ფორმის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად ანდა დამხმარე კონტექსტური საშუალებით გამოხატოს მოსაუბრის დამოკიდებულება ზმნის მნიშვნელობასთან.
კილოს ორწევროვანი ოპოზიციის შექმნამ ტერმინოლოგიური ცვლილებებიც გამოიწვია: ტერმინი კავშირებითი მთლიანად არანეიტრალური (არათხრობითი) კილოური შინაარსის გამომხატველი გახდა; კილოურ-ოპოზიციური წყვილის დაპირისპირების გამოსახატავად გაჩნდა ტერმინებიც: რეალური და ირეალური. ასეთ შემთხვევაში ტერმინები – „თხრობითი“ და „კავშირებითი“ საუღლებელ ერთეულთა სისტემაში ტრადიციულად ამ ნაკვთთა მეტნაკლები კილოური შესაძლებლობის მაჩვენებელია. ხოლო „რეალური“ და „ირეალური“ – საკუთრივ კილოური დაპირისპირების გამომხატველი.