ჰაემეტობა
ჰაემეტობა – VII-VIII სს. ქართული სალიტერატურო ენისათვის დამახასიათებელი მოვლენის გვიანდელი შეფასებითი ტერმინი, როცა ს-ის მსგავსად, ჰ- პრეფიქსის ხმარებაც II სუბიექტური და III ობიექტური პირების ნიშნად (ჰ-უთხრათ, ჰ-ეშინოდა), ზედსართავი სახელის უფროობითი ხარისხის ფორმებში (ჰ-უმჯობჱ-ს) და ინიან ვნებითებში (ჰ-იყო, ჰ-იქმნა) გაიგება ზედმეტად, არასაჭიროდ.
ტერმინი „ჰაემეტი“ „ხანმეტის“ ანალოგიით შექმნა ა. შანიძემ, როცა ამოიკითხა პალიმფსესტური ხელნაწერის (H-1329) ქვედა ფენაში დაცული VII ს. ოთხთავის საკითხავების ტექსტი „იერუსალიმის განჩინებისა“. ჰაემეტი ფორმები გვხვდება 616-619 წყისის წარწერაში (აღჰუმართე), ასევე 897 ადიშის ოთხთავში (ჰემტერა, ჰჳყავ, ჰევედრებოდეს). ცალკეული ჰაემეტი ფორმები საკმაოდ გვხვდება ძველი ქართული ენის სხვადასხვა ძეგლებში (7 ფორმაა დადასტურებული „ხანმეტ ლექციონარში“, 3 – ხანმეტ „იერემიას წინასწარმეტყველების“ კემბრიჯულ ფრაგმენტში).