საჩხერე
საჩხერე – (ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს), ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე. ზღვის დონიდან – 500-550 მეტრი, მანძილი თბილისიდან - 176 კილომეტრი (რკინიგზით – 232 კილომეტრი), ქუთაისიდან - 91 კილომეტრი (მოსახლეობა - 7 ათასამდე). საჩხერეში არის ჭიათურის ეპარქიის რეზიდენცია.
ისტორია
საჩხერე გამოჩენილი ქართველი პოეტების, პაოლო იაშვილის და მუხრან მაჭავარიანის მშობლიური ქალაქია. დაბა საჩხერე იმთავითვე მნიშვნელო�ვან პუნქტად იყო ცნობილი მთელი ზემო იმერეთის მოსახლეობისათვის. აი, რას წერდა იაკობ გოგებაშვილი საჩხერის შესახებ 1912 წელს: „ზემო იმერეთში... შესანიშნავი დაბა არის საჩხერე, სადაც წელიწადში ერთხელ და დიდს პარასკევს გაიმართება ხოლმე დიდი ვაჭრობა, „იარმურკა“. ისტორიულ წყაროებში საჩხერე ძირითადად XVII საუკუნიდან იხსენიება. საბუთების მიხედვით იგი საწერეთლო მამული ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილი საჩხერეს ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათების გარდა, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც წარმოაჩენს: „კვალად ჯრუჭის შესართავს ზეით, ყვირილას სამჴრით კიდეზედ, არს საჩხერე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ“
სახელწოდება
ხალხური ტრადიციული გადმოცემა საჩხერეს რატომღაც სიტყვა „ჩხირს“ უკავშირებს, „საჩხერის რაიონი უფრო თიანია უწინდელ დროში ყოფილა დოუსახლებელი. მერე აჭარიდან გამოქცეული გლეხი მოსულა, გვარათ გოგიბაძე... საჩხერეს სახელი კარ ერქვა მაშინ. რაღაი აჭარიდან იყო გამოქცეული, გედითქვა გვარი, დეითქეა მაჭარაშვილი. დეიწყო ცხოვრება... მეფის მონადირეებმა მოახწიეს ამ დიდ თებს. ნახეს ერთი კარამი (-კარავი), მივიდენ ამ მაჭარაშვილთან, ღამე გეითიეს. რო დაბრუნდენ, მეფეს მოახსენეს: მისთანა ადგილას ნავხეთ კაცი, რო ჩხირი არ აკლიაო. ამის მერე დაარქვეს ჩვენ ხარეს საჩხერე“.