უტრეხტის ზავი
უტრეხტის ზავი – საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, კოალიციას შორის ინგლისის მეთაურობით. გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულების დადებით, რომელსაც ხელს მოეწერა კონგრესის მსვლელობისას უტრეხტში (ნიდერლანდი) II.14.1713-დან 6.II.1715-მდე, რომელმაც დაამთავრა ომი ესპანეთის მემკვიდრეობისათვის.
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ საფრანგეთი, ინგლისი, ჰოლანდია, სავოია, პორტუგალია, გენუა, ვენეცია, აგრეთვე რამდენიმე გერმანული სახელმწიფო.
კონფერენციაზე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი საიდუმლო მოლაპარაკებას ეწეოდნენ. 1712 ივნისში მათ შორის დაიდო ზავი, ორივე სახელმწიფომ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა და გაცვალა ელჩები.
ხელშეკრულებით, საფრანგეთი ვალდებულებას იღებდა, ჩაეშალა დიუნკერკის გამაგრება, ჩრდილოეთ ამერიკაში უთმობდა დიდ ბრიტანეთს ჰუდსონის ყურის ირგვლივ მიწებს, ტერიტორიას ახალი შოტლანდია, კუნძულ ნიუფაუნდლენდს. საფრანგეთი ცნობდა იმ მემკვიდრეობის წესს, რომელიც დაკანონებული იყო ბრიტანეთის პარლამენტის აქტით. დედოფალ ანას და ჰანოვერის დინასტიის მემკვიდრეების სასარგებლოდ. ფილიპ V ბურბონს მიეცა უფლება ესპანეთის ტახტზე და მის ოკეანის სამფლობელოებზე, მაგრამ იმ პირობით, რომ უარი ეთქვა საფრანგეთის ტახტზე. ჰოლანდიასთან შეთანხმებით, საფრანგეთი უარს ამბობდა ჰაბსბურგების სასარგებლოდ მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ე.წ. ესპანეთის ნიდერლანდში, უარი თქვა აგრეთვე ე.წ. საფრანგეთის ნიდერლანდზე. თავის მხრივ, ჰოლანდიის გენერალურმა შტატებმა უარი თქვეს და საფრანგეთს დაუბრუნეს ლილი და სხვა ტერიტორია. ამასთან ჰოლანდია იღებდა დიდ ბრიტანეთთან თანაბარ უფლებას საფრანგეთთან ვაჭრობაში. პორტუგალიასთან შეთანხმებით საფრანგეთი უარს ამბობდა სამხრეთ ამერიკაში მდინარე ამაზონის მიმდებარე ტერიტორიებზე და სხვა მიწებზეც. ხელშეკრულებით პრუსიასთან, საფრანგეთმა გადასცა მას ჰელდერნის გარდა ნევშატელის საგრაფო. პრუსიის მეფემ უარი თქვა ორანჟის საგრაფოზე. საფრანგეთმა სავოიის ჰერცოგს დაუბრუნა ნიტის საგრაფო.
ესპანეთის წარმომადგენლები კონგრესზე დაუშვეს უტრეხტის ზავის დადების შემდეგ. მათ ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას ჰოლანდიასთან, დიდ ბრიტანეთთან, სავოიასთან, პორტუგალიასთან, ყველაზე დიდი მოგება ხვდა დიდ ბრიტანეთს. რომელმაც უზრუნველყო თავისთვის დიდი უპირატესობა საზღვაო და კოლონიურ ბატონობაში. მან ესპანეთისგან მიიღო გიბრალტარი.