დედამიწა
დედამიწა – (Earth), მზის სისტემის პლანეტა, მზიდან დაშორების მიხედვით მესამე, ხოლო სიდიდით − მეხუთე. მოძრაობს მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე. ორბიტის დიდი ნახევარღერძი – 149, 600 მლნ. კმ ითვლება დედამიწიდან მზემდე საშუალო მანძილად. მზის გარშემო დედამიწის მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 29,8 კმ/წმ. დედამიწის ბრუნვა თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო იწვევს დღისა და ღამის მონაცვლეობას, ხოლო მისი ბრუნვა მზის გარშემო – წელიწადის დროების ცვალებადობას. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრია მთვარე.
„მყარი“ დედამიწა შედგება სამი გეოსფეროსგან: ქერქი, მანტია და ბირთვი. დედამიწას გარს აკრავს ჰაეროვანი გარსი − ატმოსფერო. წყლის გარსს ანუ ჰიდროსფეროს, დედამიწის ზედაპირის 2/3 უკავია. განსაკუთრებული გარსია ბიოსფერო. იგი მოიცავს ცოცხალ ორგანიზმებს და მათ საცხოვრებელ გარემოს როგორც წარსულში, ისე დღეს. ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო, ბიოსფერო და ნოოსფერო ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთმოქმედებენ ლანდშაფტურ ანუ გეოგრაფიულ გარსში. გეოგრაფიული გარსი განიცდის დედამიწაზე და კოსმოსში მიმდინარე პროცესების ზეგავლენას.