მდელოს მერცხალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:45, 6 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდელოს მერცხალა (ლათ. Glareola pratincola Linnaeus, 1766) − ფრინველი სავათისებრთა ოჯახიდან.

მდელოს მერცხალა მწყერისოდენა ფრინველია, ფრთა 175-200 მმ-ია, გალო – 30-33 მმ, კუდი – 110-120 მმ, ნისკარტი – 12-13 მმ, წონა დაახლოებით – 100 გ. სიდიდით მამალი არ განსხვავდება დედლისაგან. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება გამრავლების პერიოდში ვლინდება. სხვა მეჭვავიასნაირებისაგან გამოირჩევა ფართო პირით, გრძელი, მახვილი ფრთებით და ღრმად ამოკვეთილი, მერცხლისებურად ორკაპი კუდით. ზრდასრული მამალი ზაფხულში ზურგის მხარეს მორუხო-მურაა, წენგოსფერი ელფერით. კისრის გვერდები და უკანა მხარე მოწაბლისფრო-თიხისფერია. ყველაზე გრძელი კუდზედა ბუმბულები თეთრია, სალაგმე – შავი. თვალების ქვემოთ აქვს შავი ზოლები. ყელი და კისერი წინიდან მკრთალი ჟანგმიწისფერია და შემოვლებულია ვიწრო შავ-თეთრი ნახევარრკალისებური ზოლით. მკერდის წინა ნაწილი მორუხო-მურაა, ხოლო უკანა ნაწილი – მკრთალი ჩალისფერი. მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები თეთრია, მომქნევები – მოშავო-მურა. მეორე რიგის შუა მომქნევებს თეთრი წვეროები აქვთ. საჭის ბუმბულები ძირში თეთრია, ხოლო ბოლო ნაწილში − მოშავო-მურა. ნისკარტი ძირში წითელია, წვეროში – შავი, ფეხები − ვოშავო-მურა. დედალს სალაგმე მუქი მურა აქვს; მთელი დანარჩენი ბუმბულსაფარველი კი უფრო მკრთალია, ვიდრე მამლისა: ზამთარში ორივე სქესის ფრინველს ყელზე ნახევარრკალოვანი შავ-თეთრიზოლი აღარა აქვთ. კისრის გვერდები და წინა მხარე, აგრეთვე მკერდის გვერდები მორუხო-მურაა.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის მდელოს მერცხალა – G. p. pratincola Linn., 1766.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს მთელ აფრიკას, ევროპის სამხრეთ ნაწილს, წინა აზიასა და ავღანეთს. საბჭოთა კავშირში ბუდობს მოლდავეთში, სამხრეთ უკრაინაში, ამიერკავკასიაში (სომხეთსა და აზერბაიჯანში) და შუა აზიაში. ჩრდილოეთის პოპულაციები გადამფრენია. ზამთრობს აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს უტყეო ადგილებში, დაბალბალახნარიან მშრალ ველებზე, მაგრამ წყალსატევების მახლობლად, მეტწილად – ტბებისა და მდინარეების სანაპირო დამლაშებულ მდელოებზე.

გამრავლება

ბუდობს კოლონიებად, მაგრამ გამრავლება მონოგამიურია. ბუდეს აკეთებს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში, ამონაფენის გარეშე. მაისის შუა რიცხვებში დებს 3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა, მაგრამ არაპირდაპირი მონაცემებით, იგი 20 დღემდე უნდა გრძელდებოდეს.

კვება

მდელოს მერცხალა უმთავრესად მწერებით იკვებება, რომელთა უმრავლესობას ფრენის დროს იჭერს. საკვების შედგენილობა სრულიად შეუსწავლელია, მაგრამ მწერების უმრავლესობა მავნე სახეობები უნდა იყოს.

მნიშვნელობა

კვების თავისებურების მიხედვით, სოფლის მეურნეობისათვის სასარგებლო ფრინველია. სანადირო მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები