ადლერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:44, 1 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადლერი – (ინგლ. Adler, რუს. Адлер), ზღვისპირა კლიმატო-პელოიდურ-ბალნეოლოგიური კურორტი რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქ. სოჭის ადლერის რაიონის ცენტრი, ქ. სოჭიდან 22, ხოლო ქ. ხოსტიდან 8 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, აღნიშნულ ზღვასთან მდინარე მზიმთას შესართავის რაიონში, ამ მდინარის ხეობაში, სოჭის სახელმწიფო ბუნებრივი ნაციონალური პარკისა და კავკასიური სახელმწიფო ბიოსფერული ნაკრძალის ტერიტორიაზე. კურორტის რელიეფი ვაკეა, ხოლო ადლერის მიდამოების რელიეფი მთაგორიანია.

ჰავა – ზღვისპირა, სუბტროპიკული და ნოტიო. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6,6°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,6°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 76%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1220 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე (384 მმ), ხოლო მინიმუმი – გაზაფხულზე (229 მმ).

მცენარეული საფარი – ადლერის ტერიტორიაზე გავრცელებულია: პალმა, კვიპაროსი, ჭადარი, მაგნოლია და სხვადასხვა ყვავილი. კურორტის მიდამოების ტერიტორია დაფარულია: ბზის კორომებით, წაბლნარით, ფიჭვნარით, პალმებით, ევკალიპტებითა და მაგნოლიებით.

ადლერის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა სუბტროპიკული ნოტიო ჰავა; ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი; ზღვის წყალი; ადლერის ლამის თიხა; დაბალი მინერალიზაციის (M-5,5-6 გ/დმ3) ნახშირმჟავა, დარიშხანიანი, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება მდინარე ჩვიჟეფსეს ხეობაში („ჩვიჟეფსეს ნარზანი“), ადლერიდან 39 კმ-ში; მაცესტის თერმული გოგირდწყალბადიანი (სულფიდური), ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც გამოირჩევა გოგირდწყალბადის დიდი კონცენტრაციით (160-340 მგ/დმ3) და შეიცავს ბრომს (70 მგ-მდე წყლის 1 დმ3-ში), იოდს (12 მგ-მდე წყლის 1 დმ3-ში) და რადონს (1 ნკი-მდე წყლის 1 დმ3-ში). აღნიშნული წყლების მინერალიზაცია მერყეობს ფართო საზღვრებში (M – 3- 41 გ/დმ3).

ადლერში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: თალასოთერაპია (ჰაერისა და ზღვის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.); ლამის თიხის აპლიკაციები და ტამპონები; მდინარე ჩვიჟეფსეს ხეობაში მოპოვებული მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და გამორეცხვები ამ წყლით; აბაზანები და შესხურებები მაცესტის თერმული მინერალური წყლებიდან.

ჩვენებები ადლერში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანის, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი გზებისა და პანკრეასის ქრონიკული პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ადლერის განუყოფელი ნაწილია სამთო-სათხილამურო კურორტი კრასნაია პოლიანა.



წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები