ადლერი
ადლერი – (ინგლ. Adler, რუს. Адлер), ზღვისპირა კლიმატო-პელოიდურ-ბალნეოლოგიური კურორტი რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქ. სოჭის ადლერის რაიონის ცენტრი, ქ. სოჭიდან 22, ხოლო ქ. ხოსტიდან 8 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, აღნიშნულ ზღვასთან მდინარე მზიმთას შესართავის რაიონში, ამ მდინარის ხეობაში, სოჭის სახელმწიფო ბუნებრივი ნაციონალური პარკისა და კავკასიური სახელმწიფო ბიოსფერული ნაკრძალის ტერიტორიაზე. კურორტის რელიეფი ვაკეა, ხოლო ადლერის მიდამოების რელიეფი მთაგორიანია.
ჰავა – ზღვისპირა, სუბტროპიკული და ნოტიო. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6,6°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,6°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 76%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1220 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე (384 მმ), ხოლო მინიმუმი – გაზაფხულზე (229 მმ).
მცენარეული საფარი – ადლერის ტერიტორიაზე გავრცელებულია: პალმა, კვიპაროსი, ჭადარი, მაგნოლია და სხვადასხვა ყვავილი. კურორტის მიდამოების ტერიტორია დაფარულია: ბზის კორომებით, წაბლნარით, ფიჭვნარით, პალმებით, ევკალიპტებითა და მაგნოლიებით.
ადლერის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა სუბტროპიკული ნოტიო ჰავა; ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი; ზღვის წყალი; ადლერის ლამის თიხა; დაბალი მინერალიზაციის (M-5,5-6 გ/დმ3) ნახშირმჟავა, დარიშხანიანი, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება მდინარე ჩვიჟეფსეს ხეობაში („ჩვიჟეფსეს ნარზანი“), ადლერიდან 39 კმ-ში; მაცესტის თერმული გოგირდწყალბადიანი (სულფიდური), ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც გამოირჩევა გოგირდწყალბადის დიდი კონცენტრაციით (160-340 მგ/დმ3) და შეიცავს ბრომს (70 მგ-მდე წყლის 1 დმ3-ში), იოდს (12 მგ-მდე წყლის 1 დმ3-ში) და რადონს (1 ნკი-მდე წყლის 1 დმ3-ში). აღნიშნული წყლების მინერალიზაცია მერყეობს ფართო საზღვრებში (M – 3- 41 გ/დმ3).
ადლერში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: თალასოთერაპია (ჰაერისა და ზღვის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.); ლამის თიხის აპლიკაციები და ტამპონები; მდინარე ჩვიჟეფსეს ხეობაში მოპოვებული მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და გამორეცხვები ამ წყლით; აბაზანები და შესხურებები მაცესტის თერმული მინერალური წყლებიდან.
ჩვენებები ადლერში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანის, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი გზებისა და პანკრეასის ქრონიკული პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ადლერის განუყოფელი ნაწილია სამთო-სათხილამურო კურორტი კრასნაია პოლიანა.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ადლერში (მართლმადიდებლური ეკლესიები – ყოვლადწმიდა სამების სახელობის (1991 წელი) და სულიწმიდის გარდამოსვლის სახელობის (1990-2000 წლები); წმიდა სარქისის სახელობის სომხური სამოციქულო ტაძარი (სურბ სარგისის) (1993-1998 წლები); ადლერის შუქურა (1898 წელი); ადლერის რაიონის ისტორიის მუზეუმი; ბავშვთა გასართობი ცენტრი „მადაგასკარი“; სანატორიუმ „იუჟნოე ვზმორიეს“ კინო-საკონცერტო დარბაზი; ღამის კლუბი „X-TAZ“; სავაჭრო-გასართობი ცენტრი „ახალი საუკუნე“ და სხვ.); ქ. ადლერის მიდამოებში (ადლერის საკურორტო ქალაქში – აკვაპარკი „ამფიბიუსი“, სოჭის დელფინარიუმი „აკვატორია“ და ოკეანარიუმი SOCHI „DISCOVERY WORLD AQUARIUM“;
სოფელ ლესნოეში – ყოვლადწმიდა სამებისა და წმიდა დიდებულისა, დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური დედათა მონასტერი (1896-1912წლები) და 6 მართლმადიდებლური ეკლესია ამ მონასტრის ტერიტორიაზე (წმიდა დიდებულისა, დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგის სახელობის (1898-1915 წლები), წმიდა მოწამე უაროსის სახელობის (2003 წელი) და 2004-2008 წლებში აშენებული ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატების სახელობის 4 ეკლესია („დაშრიტე მწუხარება ჩემი“, „შვიდისრიანი“, „ვლადიმირის“ და „პესჩანაია“); სოფელ ვისოკოეში – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1904 წელი); დაბა კრასნაია პოლიანაში – მღვდელმოწამე წმიდა ხარლამპის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1992-2003 წლები) და მოწამე ზინაიდა ტარსიელის სახელობის მართლმადიდებლური სამლოცველო (2005 წელი); სოფელ იმერეთინკაში – უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (2012-2014 წლები); დაბა ვესელოეში – რუსეთის კეთილმორწმუნე მთავრისა წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (2005-2007 წლები) და რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო პრიმატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; საკალმახე „ადლერი“ დაბა კაზაჩი ბროდში და სხვ.),
ქ. ხოსტაში (უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (1910-1914 წლები); მუზეუმები – დასავლეთ კავკასიის ფლორისა და ფაუნის, ხოსტის რაიონის ისტორიის და სხვ.; ბზისა და ურთხელის კორომი; არტ-გალერეა და სხვ.), ქ. ხოსტის მიდამოებში (დაბა ვორონცოვკაში და დაბა ილარიონოვკაში არსებული კარსტული გამოქვაბულების სისტემა (ე.წ. მ. ვორონცოვის მღვიმეთა სისტემა), სადაც აღმოჩენილია პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების (L-XXX ათასწლეული) ნაკვალევი; ხოსტის ციხესიმაგრის (XII საუკუნე) ნანგრევები; ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარველის სახელობის მართლმადიდებლური სამლოცველო (2000 წელი) დაბა ზელენაია როშჩაში; მოციქულთა სწორისა და ქალწულისა წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქართული ტაძარი (1993-2014 წლები) დაბა პლასტუნკაში; ღირსი თეოდორე უშაკოვის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია-სამლოცველო (2007-2010 წლები) დაბა კუდეფსტაში; კარსტული ტბა „ეშმაკის ემბაზი“; კარსტული გამოქვაბული „ეშმაკის სორო“ და „თეთრი კლდეები“ მდინარე აგურის ხეობაში; ჩანჩქერების კასკადი „ზმეიკა“ მდინარე მაცესტასთან; ნავლიშინის კანიონი მდინარე დიდი ხოსტის ხეობაში და სხვ.), ქ. სოჭში (რომაულ-ბიზანტიური ციხესიმაგრე მამაი-ყალეს (ახ.წ. I-IV საუკუნეებში) ნანგრევები მდინარე ფსახეს შესართავთან, შავ ზღვასთან; მართლმადიდებლური ტაძრები – მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის (1874-1891 წლები) და უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის სახელობის (1903 წელი); მართლმადიდებლური ეკლესიები – წმიდისა და ყოვლად ქებულისა,მოციქულისა ანდრია პირველწოდებულის სახელობის (1999-2006 წლები), წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის (1999 წელი) მამაიკის მიკრორაიონში, წმიდა დიდმოწამე პანტელეიომონ მკურნალის სახელობის (2004-2005 წლები) სამშენებლო მასალების კომბინატის რაიონში, ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის (2005-2006 წლები), დიდი მღვდელმთავრისა წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის (2005-2008 წლები), მოციქულთა სწორისა, რუსეთის დიდი მთავრისა წმიდა ვლადიმერის სახელობის (2005-2011 წლები) და სხვ.; ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია-სამლოცველო (1995 წელი); წმიდა ჯვრის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია (1992-1993 წლები); წმიდათა და მოციქულთა სვიმეონისა და თადეოზის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1995-1997 წლები) და სხვ.; აკვარიუმ-ტერარიუმი (1889 წელი); დენდრარიუმი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1892 წელს; დასვენებისა და კულტურის პარკი რივიერა (საფუძველი ჩაეყარა 1898 წელს); სათვალთვალო კოშკები მთა ახუნზე და მთა ბატარეიკაზე; ქალაქის სავაჭრო ნავსადგური; ბაღი-მუზეუმი „მეგობრობის ხე“; როზარიუმი; მუზეუმები – სოჭის ისტორიის, ი. ნოვიკოვის კერამიკისა და ფერწერის (კერძო), სამხატვრო და ეთნოგრაფიული; ნ. ოსტროვსკის ლიტერატურულ-მემორიალური სახლ-მუზეუმი; არტ-გალერეა „პლასტიკა ხეში“; ვერეშჩაგინის ვიადუკი; თეატრები – ზამთრის, ზაფხულის და მწვანე; კამერული და საორგანო მუსიკის დარბაზი; საკონცერტო დარბაზი „ფესტივალური“; ძეგლები – მთავარანგელოზ მიქაელის, „ოქროს საწმისი“, „ცხენი პალტოში“ და სხვ.), ქ. სოჭის მიდამოებში (დოლმენები სოჭის ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე (ძვ.წ. III-II ათასწლეული); სტაროვერების ეკლესია სოფელ ნეკრასოვკაში (2010-2013 წლები); სასაფლაოს მართლმადიდებლური ეკლესია-სამლოცველო სოფელ ბარანოვკაში (2000 წელი); არწივის კლდეები და სხვ.).