აპრიკა
აპრიკა – (ინგლ. Aprica, რუს. Априка), მთის კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, სონდრიოს პროვინციაში, კურორტ ბორმიოდან 57კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო ქ. სონდრიოდან 33 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით და ქ. ტირანოდან 42 კმ-ში, ჩრდილოეთით. მდებარეობს ვალტელინის ველზე, ლომბარდიის ალპებში, ორობიე-ვალტელინეზის ბუნებრივ პარკთან, ზღვის დონიდან 1100-1300 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო თოვლის საფარი მდგრადი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4°C. ზაფხული ხანმოკლეა და გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატუ- რაა 17°C. ნალექების წლიური რაოდენობა 1000 მმ-ია. წვიმები, ძირითადად, მოდის ზაფხულსა და შემოდგომაზე.
აპრიკის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა და ვენახებით, ხოლო მისი მიდამოები – ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, წაბლი, რცხილა, იფანი და წიფელი).
აპრიკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
აპრიკაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აპრიკაში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ანემია; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ აპრიკაში (რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – ყოვლადქებულთა, თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს სახელობის (XIII საუკუნე) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის (XVI საუკუნე) და სხვ.);
კურორტ ბორმიოსა და მის მიდამოებში (წმიდა ვიტალის სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XII საუკუნე); ალბერტის კოშკი (XV საუკუნე); დე სიმონის სასახლე (XVIII საუკუნე); ბანი-ვეკის თერმები; ანტიკური დროის ხიდი (ახ.წ. I საუკუნე); ალპური ბოტანიკური ბაღი რეტია; სტელვიოს ნაციონალური პარკი და სხვ.);
ქ. სონდრიოსა და მის მიდამოებში (სონდრიოში – მასეგრას ციხე-დარბაზი (XV საუკუნე) და სასის სასახლე (XVII საუკუნე); მუზეუმები –ვალტელინის ისტორიისა და ხელოვნების, გრიზონების ისტორიული და სხვ.;
ქ. კიავენაში – ბეატა ვირჯინია ასუნტას სახელობის (XV საუკუნე) და წმიდა ლორენცოს სახელობის (XVIII საუკუნე) რომაულ-კათოლიკური ეკლესიები; XI საუკუნის ემბაზი და საიუველირო მუზეუმი, წმიდა ლორენცოს ეკლესიაში; პირველყოფილი ადამიანის მუზეუმი სოფელ კოზო-ვალ-ტელინოში; ბესტის სასახლე (XV საუკუნე) ქ. ტეგლიოში; სალისის სასახლე (XVIII საუკუნე) და მადონას სახე- ლობის ბაზილიკა (XVI საუკუნე) ქ. ტირანოში;
ქ. გროზიოსა და მის მიდამოებში (ნეოლითის ხანის პეტროგლიფები (ძვ.წ.X-VIII ათასწლეული), შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები, გროზიოს რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XIV საუკუნე); აკლდამა ჭირის ეპიდემიის მსხვერპლთა ნეშტებით (XVსაუკუნე); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა ჯორჯიოს სახელობის (XIII საუკუნე), წმიდა მარტინის სახელობის (XIII საუკუნე) და წმიდა ურბანის სახელობის (XIV საუკუნე); სასახლის (XIII საუკუნე) ნანგრევები; ვისკონტის ვილა (XVI საუკუნე) და სხვ.).