ახუნი
ახუნი – (ინგლ. Akhuni, რუს. Ахуны), ბალნეო-პელოიდო-კლიმატური კურორტი რუსეთის ფედერაციაში, პენზის ოლქში, ქ. პენზის გარეუბანში, ქ. მოსკოვიდან 710 კმ-ში, აღმოსავლეთით. მდებარეობს ვოლგისპირა მაღლობზე, მდინარე სურის (მდინარე ვოლგის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 115-230 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიანი.
ჰავა – კონტინენტური. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -13°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19°C. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (162 მმ), ხოლო მინიმუმი − გაზაფხულზე (110 მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 1806 საათია.
კურორტი მდებარეობს ფიჭვნარში. ახუნის მიდამოები, მდინარე სურის მარცხენა ნაპირზე, დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყეებით (ცაცხვი, ნეკერჩხალი, ვერხვი და არყის ხე). აღნიშნული მდინარის მარჯვენა ნაპირის ტერიტორიაზე გავრცელებულია ფართოფოთლოვანი ტყეები და ფიჭვნარი.
ახუნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მინერალიზაციის (M – 8 გ/დმ3) ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, ტორფის სამკურნალო ტალახი და ფიჭვნარის ფიტონციდებით გაჯერებული ჰაერი.
ახუნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები; ინჰალაციები და შესხურებები ამ წყლით; სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ახუნში წასასვლელად: დასვენება; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ახუნში (მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ხის ეკლესია (XIX საუკუნის დასასრული), მდინარე სურის ხეობა და სხვ.),
ქ. ახუნის მიდამოებში (ძველი ნასოფლარის (ძვ.წ. I ათასწლეულის II ნახევარი) და ძველი ნაქალაქარის (IX-X საუკუნეები) ნარჩენები და სხვ.) და
ქ. პენზაში (ყოვლადქებულთა, თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (XVII საუკუნე) და ამ ტაძრის სამრეკლო (XIX საუკუნე); უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი (XVIII-XIX საუკუნეები); მართლმადიდებლური ეკლესიები − ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარველის სახელობის (XIX საუკუნე), სულიწმიდის გარდამოსვლის (სულთმოფენობის) სახელობისა (XIX საუკუნე) და წმიდა მიტროფანეს, ვორონეჟის ეპისკოპოსის სახელობის (XIX საუკუნე); ყოვლადწმიდა სამების სახელობის დედათა მართლმადიდებლური მონასტერი (დაარსდა 1690-1692 წლებში, დაიწვა 1770 წელს და აშენდა ახლიდან 1771-1789 წლებში); მუზეუმები − მხარეთმცოდნეობის (დაარსდა 1905 წელს), ქალაქის საფოსტო კავშირის, მეიერხოლდის სახ. სასცენო ხელოვნების („მეიერხოლდის სახლი“), ლიტერატურული, სახალხო შემოქმედების, გ. მიასნიკოვის სახ. ერთი სურათის, ვ. კლიუჩევსკის, ი. ულიანოვის, ნ. ბურდენკოს და სხვ.; ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმების სახელმწიფო გაერთიანება; კ. სავიცკის სახ. სამხატვრო გალერეა (დაარსდა 1892 წელს); ყოფილი გუბერნატორის სახლი (XVIII საუკუნე); გიმნაზიის შენობა (XIX საუკუნე); ქალაქის საავადმყოფო (1830 წელი); მუსიკალური სასწავლებლის შენობა (XIX საუკუნე); ბანკის შენობა (1907 წელი); სახალხო სახლის შენობა (1911-1916 წლები); მ. ლერმონტოვის სახ. ბიბლიოთეკა (XX საუკუნის დასაწყისი); შუქ-მუსიკალური ჩანჩქერები; გუგულიანი საათი; ბავშვთა რკინიგზა; პარკი-ნაკრძალი „ტარხანი“; პლანეტარიუმი; ზოოპარკი; ბოტანიკური ბაღი და სხვ.).