მაჭავარიანი ალექსი
ალექსი მაჭავარიანი – (10. IX. 1913, გორი – 31. XII. 1995, თბილისი], ქართველი კომპოზიტორი. სსრკ სახაკხო არტისტი (1958). 1936 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პ. რიაზანოვის საკომპოზიციო კლასი). 1935-39 მუსკომედიის თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე იყო, 1956-59 საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1962-68 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. 1939-იდან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1963-იდან პროფესორი). ა. მაჭავარიანის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მგზნებარე ტემპერამენტი, ამაღლებული ლირიკა, არტისტიზმი. მის მუსიკაში ორიგინალურად აისახა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ინტონაციები და რიტმები.
ა. მაჭავარიანის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები – „დედა და შვილი“ (1945), „ჰამლეტი“ (1968); ბალეტები – „ოტელო“ (1957, თბ., ლენინგრადში 1960; ოდესაში 1961; კუიბიშევში 1962; ტოკიოში 1962; ჰელსინკიში 1974; ბუქარესტში 1976; ეკრანიზებულია 1961), „ვეფხისტყაოსანი“ (1974, დაიდგა ლენინგრადში 1985), ორატორია „ჩემი სამშობლოს დღე“ (1954), 6 სიმფონია (1947-1990), საფორტეპიანო (1944), ცნობილი სავიოლინო (1950) და ჩელოს (1992) კონცერტები; ვოკალურ-სიმფონიური პოემა „გმირის სიკვდილზე“ (1948), ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „ხუთი მონოლოგი“ ვაჟა-ფშაველას ლექსებზე (1968), სამი სიმებიანი კვარტეტი (1978-79), საფორტეპიანო სონატა (1979), საფორტეპიანო ციკლები „ქართული ფრესკები“ (1977), „პარიზული ჩანახატები“ (1979); საფორტეპიანო („ხორუმი“, 1939) და სავიოლინო („დოლური“) პიესები, ბალადა- პოემა „არსენა“ (გუნდისა და სოლისტისათვის აკაპელა), რომანსები („ცისა ფერს“, „არ დაიდარდო, დედაო“, „სხივო მზეთამზის სახეო“ და სხვ); მუსიკა კინოფილმისათვის („აკაკის აკვანი“, „ორი ოკეანის საიდუმლოება“), დრამატული თეატრებისათვის და სხვ.
სსრკ სახელმწ. (1951) და შ. რუსთაველის სახ. (1971) პრემიების ლაურეატია. ა. მაჭავარიანი აღიარებულია ახალი ქართული მუსიკის კლასიკოსად.
ა. წულუკიძე