საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ – ანსამბლი ითვლება მემკვიდრედ 1885 ლ. აღნიაშვილის მიერ დაარსებული გუნდისა, რომლის ლოტბარი იყო ჩეხი კომპოზიტორი იოსებ რატილი. 1889 მათ შეუერთდა მოცეკვავეთა ჯგუფი და ჩამოყალიბდა როგორც სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. ამ ანსამბლმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ფოლკლორის აღორძინებას და პროპაგანდას. სხვადასხვა დროს ქართული საგუნდო (პროფესიული) სიმღერის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს: ხ. სავანელმა, ფ. ქორიძემ, ნ. სულხანიშვილმა, ი. კარგარეთელმა, ზ. ფალიაშვილმა, კ. ფოცხვერაშვილმა და სხვებმა. ანსამბლს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: კ. პაჭკორია, გ. კოკელაძე, შ. მშველიძე, ვ. ცაგარეიშვილი, გ. ჩხიკვაძე, ა. კავსაძე, გ. ბაქრაძე; 1986-დან ჯ. ჭკუასელი. ქორეოგრაფიული ჯგუფის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის დ. ჯავრიშვილს, ჯ. ბაგრატიონს, გ. დარახველიძეს, რ. ხონელიძეს, რ. ჭოხონელიძეს. მომღერალთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლები: ნ. ხურცია, მ. ჯიღაური, ვ. მჭედლიშვილი, ჰ. გონაშვილი, რ. მიქაბერიძე, ი. ზაქაიძე, ნ. კურცხალია და სხვ. 1986 ანსამბლის წევრთათვის ეროვნული სამოსის ესკიზები შექმნა მხატვარმა და მოქანდაკემ მ. ბერძენიშვილმა. ანსამბლის რეპერტუარშია საქართველოს ყველა კუთხის უძველესი და თანამედროვე ხალხური შემოქმედების ნიმუშები. ანსამბლმა წარმატებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და დიდი აღიარება მოუტანა ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას. 1999-იდან ანსამბლს ეწოდა „ერისიონი“. სამხატვრო ხელმძღვანელია ჯემალ ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძე(1986-2014), მთავარი დირიჟორი შერმადი ჭკუასელი, ხალხურ საკრავთა ორკესტრის ხელმძღვანელი იური გოგოლაური. „ერისიონის“ ხელოვნება აღნიშნულია საერთაშორისო ჯილდოებით.