სკიპა ტიტო
ტიტო სკიპა – (2იანვარი 1888, ლეჩე – 16 დეკემბერი 1965,ნიუ-იორკი], იტალიელი მომღერალი (ლირიკული ტენორი). ა. ჯერუნდასა და ე. პიკოლის მოწაფე. მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო როგორც საფორტეპიანო პიესებისა და სიმღერების ავტორმა. ტიტო სკიპას როგორც მომღერლის, დებიუტი შედგა 1910 ვერჩელიში (ალფრედის პარტია ვერდის „ტრავიატაში“). მღეროდა იტალიასა და სხვა ქვეყნების სცენებზე. მისი შესრულება გამოირჩეოდა უმაღლესი ვოკალური და მხატვრული კულტურით. საუკეთესო პარტიები: ალმავივა (როსინის „სევილიელი დალაქი“), ედგარი, ერნესტი, ნემორინო (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“, „დონ პასკუალე“, „სიყვარულის ნექტარი“), ვერთერი (მასნეს „ვერთერი“) და სხვ. საოპერო სცენის დატოვების (1955) შემდეგ გამოდიოდა კონცერტებით (1958-მდე), ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ტიტო სკიპა ავტორია ოპერეტისა „პრინცესა ლიანა“ (1929). გადაღებულია მუსიკალურ ფილმებში.