ალპური ჭვინტაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 19 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალპური ჭვინტაკა (ლათ. Prunella collaris Scopoli, 1769) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ალპური ჭვინტაკა სიდიდით სჭარბობს ტყის ჭვინტაკას, ფრთა 90-110 მმ-ია, კუდი – 60-75 მმ, გალო – 23-26 მმ, ნისკარტი – 10-14 მმ, წონა – 25-35 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გაძოხატული. ზრდასრული ფრინველი თავსა და კისერზე ზემოდან, აგრეთვე ზურგის წინა ნაწილში ნაცრისფერია, ჟანგმიწისფერი ელფერით და ბუმბულების ცენტრებში მუქი, არამკვეთრი ლაქებით. ზურგის უკანა ნაწილზე ბუმბულები მურა ან მოჟანგისფრო-მურაა, მოჩალისფრო არშიებით. ფრთების მფარავების ნაწილი შავია, ხოლო ნაწილი − რუხი, ბოლოში პატარა თეთრი კოპლებით; მომქნევები მოშავოა, მოყვითალო წვეროებით. შიგნითა მეორე რიგის მომქნევები თითქმის შავია, ფართო მოყვითალო არშიებით და თეთრი ბოლოებით. თეთრი ფერის ყელზე ნახევარმთვარისებური ფორმის მუქი რუხი ლაქებია. კისრის გვერდები, ჩიჩახვი და მკერდი რუხია, ჟანგმიწისფერი ელფერით. მუცლის ცენტრალური ნაწილი მორუხოა; კუდზედა ბუმბულებს თეთრი არშიები და ცენტრში წაბლისფერი სამკუთხა ლაქები აქვთ. საჭის ბუმბულები მოშავო-მურაა, თეთრი ან მოყვითალო ლაქებით ბოლოში. ნისკარტი მოშავოა წვეროს ნაწილში და მოყვითალო – ძირში. ფეხები მურა-ხორცისფერია.

აღწერილია 11 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ალპური ჭვინტაკა – P. c. montana Hablizl, 1783.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ რეგიონს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ევროპაში იგი მოიპოვება კორსიკასა და სიცილიაზე, პირენეის მთებში, ალპებში, აპენინებზე, კარპატებში, ტრანსილვანიაში და ბალკანეთში; აფრიკაში არის ატლასის, მაროკოსა და ალჟირის მთებში; მცირე აზია, კავკასია და ჩრდილოეთი ირანი დამოუკიდებელ არეალს ქმნიან; უფრო ვრცელი არეალი მოიცავს შუა აზიას, ჩრდილო- აღმოსავლეთ ავღანეთს, ჰიმალაის მთებს, ტიბეტს, ჩინეთს, კორეას, იაპონიის კუნძულ ჰონდოს, ციმბირში – ალტაის, საიანის, იაბლონისა და სტანის მთებს. საქართველოში მობინადრეა, მხოლოდ ახდენს სეზონურად ვერტიკალურ გადანაცვლებას.

ბიოტოპი

ალპურსა და სუბალპურ ზონაში ეტანება კლდოვან ფერდობებს, მცირე მცენარეული საფარით, როდოდენდრონის ცალკეული ბუჩქებით ან დაბალი ბალახნარებით. ზამთარში ეშვება უფრო დაბლა მსგავს ადგილებში.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს დიდი ქვების ქვეშ. მაისის ბოლო რიცხვებში დებს 5-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა, იგი დაახლოებით 13-14 დღეს უდრის.

კვება

ალპური ჭვინტაკა იკვებება მწერებით, ობობებით, პატარა ლოკოკინებით, მცენარეთა თესლებითა და კენკრით.

მნიშვნელობა

სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები