თეთრგულა შაშვი
თეთრგულა შაშვი (ლათ. Turdus torquatus Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − შაშვისებრნი (Turdidae)
- გვარი − შაშვი (turdus)
თეთრგულა შაშვი საშუალო სიდიდის შაშვია, ფრთა 130-145 მმ-ია, კუდი − 100–120 მმ, გალო – 30-35 მმ, ნისკარტი – 17-20 მმ, წონა – 90-135 გ. მამალი და დედალი სიდიდით თითქმის ერთნაირია, ხოლო შეფერილობაში მათ შორის არის მცირე განსხვავება. მამალი ზაფხულში ძირითადად შავია, მაგრამ მკერდის წინა ნაწილში განივი ფართო თეთრი ლაქაა, რომლითაც ეს ფრინველი ადვილად გამოირჩევა სხვებისაგან. გარდა ამისა, ფრთების საშუალო და დიდი მფარავების გარეთა მარაოებზე და შიგნითა მეორე რიგის მომქნევებზე მორუხო-მოთეთრო არშიებია. ასეთი არშიები ხშირად არის სხეულის სხვა ნაწილების ბუმბულებზეც. დედალი უფრო მურა ფერისაა, მკერდზე ლაქა სუფთა თეთრი არაა, მოთეთროა, მოწაბლისფრო ელფერით. სხვა ბუმბულებზეც თეთრი არშიები ნაკლებია ან ნაკლებად თეთრია. ნისკარტი მოყვითალოა, მურა ფერის წვეროთი, ფეხები – მოყავისფრო-ხორცისფერია.
აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური თეთრგულა შაშვი – T. t. amicorum Hartert, 1923.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
არსებობს სახეობის ბუდობის რამდენიმე იზოლირებული არეალი: ერთი მათგანი მოიცავს ბრიტანეთის კუნძულებსა და მთელ სკანდინავიას; მეორე – პირენეის ნახევარკუნძულს; მესამე – აპენინის ნახევარკუნძულს, ალპებსა და კარპატებს, კვიპროსსა და ზოგიერთ სხვა კუნძულს, ხოლო მეოთხე – მცირე აზიას, კავკასიას და ჩრდილოეთ ირანს. ზამთარს ატარებს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე ალჟირში, ტუნისში, ეგვიპტესა და მცირე აზიაში, ზოგან – ამიერკავკასიაშიც. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარ-გადამფრენი ფრინველი.
ბიოტოპი
ბუდობის დროს მოიპოვება ძირითადად ტყის ზემო გამეჩხერებულ ნაწილში, არყნარებში, როდოდენდრონის ბუჩქნარებში, ტანბრეცილ წიწვიანებში ან ნეკერჩხლიანებში, სუბალპურ მდელოებზე. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს დაბალ წიწვიან ხეებზე, როდოდენდრონის ბუჩქებზე ან ამ ბუჩქების ძირში – მიწაზე. მაისის მეორე ნახევარში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება. ბარტყების აღზრდაზეც ორივე მშობელი ზრუნავს. ზოგან აღნიშნულია წელიწადში ორჯერ ბუდობა.
კვება
ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამოსაკვებად, მხოლოდ მწერებს იყენებს. შემოდგომით ჭამს სუბალპური ზონის კენკრასაც.
მნიშვნელობა
სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა თავის ადგილსამყოფელში მრავალ მწერს ანადგურებს. ესთეტიკურად მიმზიდველი ფრინველია.