მდელოს ოვსადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:32, 27 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდელოს ოვსადი (ლათ. Saxicola rubetra Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

მდელოს ოვსადი პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 70-80 მმ-ია, კუდი − 40-50 მმ, ნისკარტი 9-12 მმ, წონა − 15-25 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი კარგად ჩანს. მამალი ზურგის მხარეს მოყვითალო-ჟანგმიწისფერია, მაგრამ ბუმბულების ღეპეპების გასწვრივ მკვეთრი მოშავო-მურა ლაქებია. ფრთების მფარავები შავია. წინამხრის გასწვრივ დიდი თეთრი ლაქაა. მტევნის მფარავები თეთრია, შავი ბოლოებით. მომქნევები მოშავო-რქისფერია. საჭის ბუმბულები ძირში თეთრია, ხოლო ბოლოში შავი. ნისკარტიდან თვალების ზემოთ კეფამდე თეთრი ზოლები გასდევს, ხოლო ამ ზოლების ქვემოთ ყურების მფარავებამდე ფართო შავი ზოლებია. ყელი, ჩიჩახვი, სხეულის გვერდები და კუდზედა ბუმბულები მოჟანგისფრო-ნარინჯისფერია. მუცლის ცენტრალური ნაწილი ჟანგმიწისფერია. დედალს თავის გვერდები მოწაბლისფრო აქვს. ფრთებზე თეთრი ლაქები უფრო პატარებია; სხეულის ქვემო მხარე და გვერდები გაცილებით მკრთალი აქვს, ვიდრე მამალს. ნისკარტი და ფეხები შავია.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, არაა მხოლოდ სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილში, კოლის ნახევარკუნძულზე და თეთრი ზღვის ჩრდილოეთით, პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნახევარზე და საბერძნეთში, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის ველებში. ევროპიდან აღმოსავლეთით ვიწრო ზოლად ვრცელდება დასავლეთ ციმბირში, აღმოსავლეთ საიანამდე და ალტაის დასავლეთ განაპირამდე. არეალის იზოლირებული ნაწილი მოიცავს ამიერკავკასიასა და ირანს. ზამთარს ატარებს ტროპიკულ აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მდელოებზე, ტყისპირებში, მინდვრებში, მეჩხერ ბუჩქნარებში მაღალი ბალახნარებით, ჭალებში, მთის ფერდობებზე და სუბალპურ ზონაშიც 2200 მ-მდე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს დედალი მიწაზე პატარა ჩაღრმავებაში, ხშირ ბალახნარებში, მაღალი ბალახის ძირში. წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდება, თუმცა ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს მეორე ბუდობასაც. მაისში დებს 5-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12-13 დღეს გრძელდება.

კვება

ძირითადი საკვებია პატარა ზომის მწერები, მეტწილად ხოჭოები, სწორფრთიანები და ბაღლინჯოები, ჭამს ობობებს, მოლუსკებსა და ჭიებსაც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები