შავი ბოლოცეცხლა
შავი ბოლოცეცხლა (ლათ. Phoenicurus ochruros Gmelin, 1774) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − შაშვისებრნი (Turdidae)
- გვარი − ბოლოცეცხლა (Phoenicurus)
შავი ბოლოცეცხლა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 75-85 მმ-ია, კუდი – 55-65 მმ, ნისკარტი – 10-14 მმ, წონა – 14-18 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამალი ზურგის მხარეს მუქი რუხია, მომქნევები მუქი მურა აქვს. მეორე რიგის შიგნითა მომქნევების გარეთა მარაოებზე თეთრი, კიდურა ზოლებია, რომლებიც დაკეცილ ფრთაზე წარმოქმნიან თეთრ ლაქებს. ვიწრო ზოლი შუბლზე, თავის გვერდები, ნიკაპი, ყელი, ჩიჩახვი და მკერდი შავია. მუცლის გვერდები და ფრთებისქვეშა ბუმბულები რუხია, კუდქვეშა − მოჟანგისფრო-ქარცი. კუდზედა და საჭის ბუმბულები ჟანგისფერ-ქარცია, მხოლოდ საჭის შუა წყვილია მურა. დედალს ზურგისა და მუცლის მხარეები მორუხო-მურა აქვს, მომქნევები – ერთფეროვანი მურა ფერის. ფრთებზე არაა თეთრი ლაქები. შავი ბოლოცეცხლა ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ბოლოცეცხლას, განსაკუთრებით დედლები, მაგრამ გარდა მამლის შავი ფერის გულმკერდისა, შავი ბოლოცეცხლას გარეთა მარაოები შევიწროებული აქვს 4 პირველი რიგის მომქნევებზე, მე-3-დან მე-6-ს ჩათვლით.
გამოყოფენ 4-7 ქვესახეობას. საქართველოში მოიპოვება კავკასიური შავი ბოლოცეცხლა – Ph. o. ochruros Gmelin, 1774.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი ევროპაში ასეთია: ბრიტანეთისა და სკანდინავიის სამხრეთი ნაწილები; ცენტრალური და სამხრეთი ევროპა, პირენეის გამოკლებით, ჩრდილოეთით კალინინგრადამდე და ლატვიამდე, აღმოსავლეთით უკრაინის დასავლეთ ნახევარში. იზოლირებული არეალია ყირიმში, აგრეთვე აფრიკაში – დიდი ატლასის მთებში. უფრო ვრცელია ე. წ. აზიის არეალი. იგი მოიცავს მცირე აზიას, კავკასიას, სირიას, პალესტინას, ირანს, ერაყს, ავღანეთს, ქაშმირს, ნეპალს, ჩინეთის დიდ ნაწილს, მონგოლეთს და სსრ კავშირში ჩრდილოეთით ტარბაგატაიდან სამხრეთ და ცენტრალურ ალტაიმდე და დასავლეთი საიანის სამხრეთ ფერდობებამდე. ზამთარს ატარებს სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, არაბეთსა და ინდოეთში. საქართველოში მობუდარია.
ბიოტოპი
ბინადრობს ქვა-ღორღიან ხრამებსა და ხეობებში, კლდეებზე, მეჩხერ და დაბალმოზარდი ბუჩქნარებში, ქვიან ბალახნარებში, ვერტიკალურად ვრცელდება უფრო მაღლა, ვიდრე ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა, სუბალპურ და ალპურ ზონაშიც.
გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს უპირატესად ქვაყრილებში, კლდეთა ნაპრალებში, მიწაზე ქვების ძირში, ხრამების კედლებში. წელიწადში ორჯერ მრავლდება: პირველად აპრილ-მაისში, ხოლო მეორედ – ივნის-ივლისში. დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13 დღეს გრძელდება.
კვება
შავი ბოლოცეცხლას საკვებს შეადგენენ მეტწილად მწერები და მათი ლარვები. ზაფხულში, გამრავლების დამთავრების შემდეგ და შემოდგომით ჭამს კენკრასაც.
მნიშვნელობა
მასობრივად სპობს მავნე მწერებს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.