სამხრული ბულბული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:21, 27 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხრული ბულბული (ლათ. Luscinia negarhynchos Brehm, 1831) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

სამხრული ბულბული პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 80-95 მმ-ია, კუდი − 75-80 მმ, ნისკარტი – 16-18 მმ, წონა − 21-28 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურაა, მოქარცისფრო ელფერით, განსაკუთრებით წელისა და კუდზედა ბუმბულებზე. მომქნევები მუქი მურაა, მაგრამ გარეთა მარაოები მოქარცისფროა. ფრთების ზემო მფარავები ზურგის ფერისაა. თვალების ირგვლივ ბუმბულები მოთეთრო-მუარაა, ხოლო ყურების მფარავები უფრო ღია და მკრთალია, ვიდრე ზურგი. სხეულის მუცლის მხარე მოთეთროა, ჩიჩახვსა და გვერდებზე მოწაბლისფრო ელფერით. საჭის ბუმბულები მოწითალო-მურაა, ნისკარტი – მუქი, ხოლო ფეხები – მურა. შეფერილობის საერთო იერით ძალიან ჰგავს აღმოსავლურ ბულბულს, მაგრამ მისგან ყველაზე უფრო იმით გამოირჩევა, რომ მკერდზე არა აქვს მკვეთრი წინწკლებიანი განივი ზოლი (იმ ნიშნებითაც, რაც სარკვევშია აღნიშნული).

გამოყოფენ 3-5 ქვესახეობას. საქართველოში მოიპოვება ირანული სამხრული ბულბული – L. m. africana Fischer et Reichenow, 1889.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: სამხრეთ-დასავლეთ აფრიკას; ევროპის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებს, წინა და შუა აზიას. ევროპაში ჩრდილოეთით აღწევს სამხრეთ ინგლისამდე და დანიამდე, აღმოსავლეთით – მდ. ვისლამდე, საიდანაც საზღვარი ეშვება დუნაის შესართავამდე, ხოლო სამხრეთით მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებსა და კუნძულებზე. არის აგრეთვე ყირიმში. არეალის აზიური ნაწილის ჩრდილოეთი საზღვარი გაივლის კავკასიას, ვოლგისა და ურალის შესართავებს, ყაზახეთის ცენტრალურ ნაწილს, სამხრეთ ალტაის და აღწევს ზაისანის ქვაბულამდე. სამხრეთი საზღვარი – სირიას, ერაყს, ირანს, შუა აზიას და ყაზახეთის სამხრეთ ნაწილს. ზამთარს ატარებს ტროპიკულ აფრიკაში და არაბეთის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში მობუდარია.

ბიოტოპი

ნათელი ფოთლოვანი და შერეული ტიპის ტყეები, უხვი ქვეტყით, ქაცვის, ასკილის, კუნელის დაბურული ბუჩქნარებითა და მაყვლიანებით, ჭალებში, ზეგნებსა და მთის ფერდობებზე, ბაღებსა და პარკებში.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე ბუჩქის ძირში, ზოგჯერ – ბუჩქზეც. მაისის შუა რიცხვებში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13-14 დღეს გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე მშობელი.

კვება

სამხრული ბულბულის საკვებს შეადგენენ მწერები, მეტწილად ხოჭოები და მათი ლარვები, სიფრიფანაფრთიანებისა და ქერცლფრთიანების მატლები, ობობები, ჭიები და სხვა. ზაფხულის მეორე ნახევარში ჭამს კენკრასაც.

მნიშვნელობა

სამხრული ბულბული განთქმულია გალობით და დიდი ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს. იგი დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მწერებსაც, რითაც სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები